სომხეთის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი სომხეთ-ამერიკული პროექტის – „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) შესახებ შეთანხმების რატიფიცირების შესახებ. პროცედურის შესაბამისად, დოკუმენტი სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეგზავნება, რათა შემოწმდეს მისი შესაბამისობა ქვეყნის ძირითად კანონთან.
თუ დოკუმენტს საკონსტიტუციო სასამართლო დადებითად შეაფასებს, კანონპროექტი რატიფიცირებისთვის სომხეთის პარლამენტს გადაეგზავნება.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას განაცხადა, რომ შეთანხმების ხელმოწერით სომხეთი და აშშ მიზნად ისახავენ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის გაძლიერებას ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების გზით.
„TRIPP-ის სრულად ჩამოყალიბების დასასრულებლად ჩვენ კიდევ ორი დოკუმენტის ხელმოწერა გვჭირდება: აქციონერთა შეთანხმებისა და TRIPP-ის კომპანიის წესდების. ამ მიმართულებით ამჟამად ვმუშაობთ“, – განაცხადა მირზოიანმა.
TRIPP-ის პროექტი უკავშირდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სატრანსპორტო კავშირის შექმნას – აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის.
2025 წლის 8 აგვისტოს, ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართული სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისა და სატრანსპორტო კომუნიკაციის შექმნის შესახებ. პროექტს ეწოდა „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (Trump Route for International Peace and Prosperity – TRIPP).
რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა 2026 წლის 2 აპრილს სააგენტო TASS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ტრამპის მარშრუტის“ განხორციელების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამ სამხრეთ კავკასიაში არსებული რეგიონული ბალანსი დაარღვია.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
