საზოგადოება

ქართული კარცერი ანუ წყალში მდგარი პატიმრები

10 მარტი, 2010 •
ქართული კარცერი ანუ წყალში მდგარი პატიმრები

წარმოიდგინეთ ოთახი, სადაც ფეკალიური მასის საშინელი სუნი დგას, ოთახი, რომლის გვედით, სწორედ ის საპირფარეშოა, რომელსაც რუსთავის პირველი კოლონიის პატიმრები იყენებენ.

ეს ბინძური ოთახი კი, რომელიც არ ნიავდება – კარცერია. 5 საკნიდან, რომელიც აქ ფუნქციონირებს, ორი მოშიმშილე მსჯავრდებულებს ეთმობათ.

თუმცა თუკი გავითვალისწინებთ იმ სიბინძურეს, რომელიც რუსთავის პირველი კოლონიის კარცერშია, არ არის გამორიცხული, იქ მოხვედრილმა პატიმარმა, ბუნებრივად დაიწყოს შიმშილი.

ყველა ეს დეტალი ქართული ციხეების შესახებ სახალხო დამცველი ანგარიშშია ასახული.

რუსთავის პირველი კოლონია სწორედ ის ადგილია, სადაც ქალები და მამაკაცები ერთად ცხოვრობენ. მართალია ეს უკანასკნელი კანონით აკრძალულია, თუმცა 538 პატიმრიდან, რომელიც ახალაშენებულ კორპუსში ცხოვრობს, 11 მამაკაცია. მათ ცალ-ცალკე საკნები აქვთ, თუმცა დღისით ერთად ეწევიან სამეურნეო საქმიანობას.

გენდერული ბალანსი აქ კანონთან ერთად ირღვევა.

თუ რა ხდება ქვეყანაში, პატიმრები პრესის დახმარებით იგებენ. აქ მართალია არ არის ტელევიზორი, თუმცა ჟურნალ-გაზეთების ყიდვა მაღაზიაშია შესაძლებელი.

ამავე ქალაქში კიდევ ერთი ციხეა, ამჯერად რუსთავის ნომერ მეორე მკაცრი, საერთო და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულება.

ადგილი, სადაც 3223 პატიმარი (დაშვებული 2744-ის ნაცვლად) ცხოვრობს, სამ ზონად არის დაყოფილი. აქ 5 საცხოვრებელი კორპუსია.

განსხვავებით პირველი საპყრობილისგან, პატიმრებს ტელევიზორებიც აქვთ, ჟურნალ-გაზეთებიც მიეწოდებათ ამანათების სახით და ბიბლიოთეკაში არსებული წიგნებითაც სარგებლობენ.

კარცერის თემა კი კიდევ ერთ საპყრობილეში დგას. ქუთაისის ნომერ პირველ სასჯელაღსრულების დაწესებულების კარცერშიც არაადამიანური პირობებია. აქ ზოგიერთ საკანში წყალი დგას. ხოლო, როდესაც სახალხო დამცველის თანამშრომლებმა ეს კარცერი მოინახულეს, ერთი პატიმარი, რომელიც იქ იყო განთავსებული, პირდაპირ წყალში იდგა.

ქსნის კოლონია, სადაც რამდენიმე დღის წინ ხანძარი მოხდა და 1 პატიმარი გარდაიცვალა, დაშვებულ 1600-ის ნაცვლად 2475 პატიმარი იყო განთავსებული.

მდგომარეობა კი, რომელიც ხანძრის გაჩენამდე ამ დაწესებულებაში იყო, სახალხო დამცველის 2009 წლის ანგარიშშია ასახული; სავენტილაციო სისტემის არარსებობა, ბეტონის დაზიანებული იატაკი, რომელიც საშინელ მტვერს აყენებდა საკნებში.

აქაურ კარცერზე კი ანგარიშში ნათქვამია:

“არ ხდებოდა კარცერის ვენტილაცია, რის გამოც იდგა მძიმე, ბლანტი ჰაერი, იყო საშინელი ანტისანიტარია, გახეთქილი იყო წყლის მილი და კარცერში იდგა წყალი. კარცერში მოთავსებულმა არც ერთმა პატიმარმა არ იცოდა რამდენი ხნით იყვნენ განთავსებულნი კარცერში.”

ამ არაადამიანური პირობების ფონზე, სხვა პრობლემები, რომელიც ქართულ ციხეებშია, ერთი შეხედვით, უკანა პლანზე იწევს. თუმცა მაინც უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ყველა ქართულ ციხეში რამდენიმე ერთნაირი პრობლემაა: არ არის სამრეცხაო და არ ჰყავთ დალაქი.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი