საზოგადოება

რა მოხდა გასულ ღამეს უკრაინაში — მოკლედ

2 მარტი, 2022 • 3994
რა მოხდა გასულ ღამეს უკრაინაში — მოკლედ

გასული ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა რუსეთის არმიის შეტევა უკრაინის სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით. დასავლური სახელმწიფოების სანქციებს უერთდებიან კერძო კომპანიებიც, მათ შორის, ბოინგი, ნაიკი, ექსონ მობილი და ა.შ.

გასულ ღამეს:

  • რუსული არმია მთელი ღამის განმავლობაში განსაკუთრებით უტევდა ხარკოვს, სადაც სამოქალაქო უბნების დაბომბვის შედეგად არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა;
  • აშშ-ის პრეზიდენტმა რუსულ თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე დაუკეტა. ამჟამად ნებისმიერი რუსული თვითმფრინავისთვის დაკეტილია დიდი ბრიტანეთის, კანადის, აშშ-ისა და ევროკავშირის საჰაერო სივრცეები;
  • გაეროს მონაცემებით, უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში 600 ათასზე მეტი ლტოლვილი შევიდა;
  • ბელარუსმა გააორმაგა თავისი სამხედრო ძალა უკრაინის საზღვართან. ოფიციალურად, ბელორუსი უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართული არ არის თავისი ჯარით, თუმცა რუსეთი მის ტერიტორიას იყენებს უკრაინაზე თავდასასხმელად;
  • ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის ჯარმა შეძლო ქალაქ ხერსონში შესვლა, რომელიც ოკუპირებული ყირიმის სიახლოვეს მდებარეობს და რომლის დასაკავებლადაც რამდენიმედღიანი ბრძოლები მიმდინარეობდა. რუსეთის არმიამ დაიკავა რკინიგზის სადგური და მდინარეზე არსებული მცირე ზომის პორტი. ქალაქის ხელისუფლებამ ცენტრალურ მთავრობას დახმარებისთვის მიმართა, რადგან ქალაქში, პრაქტიკულად, ამოწურულია საკვებისა და მედიკამენტების მარაგი. ხერსონის მერმა უკრაინის პრეზიდენტს ასევე სთხოვა, იმუშაოს ე.წ. მწვანე კორიდორის შექმნაზე, რადგან ქალაქის მასშტაბით ასეულობით გარდაცვლილი ადამიანის გვამების შეგროვება მოხერხდეს;
  • განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობს ლვოვის რკინიგზის სადგური, სადაც დღის განმავლობაში აღმოსავლეთი და ცენტრალური უკრაინიდან ათასობით ადამიანი ჩადის მატარებლით. ლვოვი უკრაინის დასავლეთით, პოლონეთის საზღვართან მდებარეობს. ქალაქის მერის ინფორმაციით, მსგავსი დატვირთვა ლვოვის რკინიგზის სადგურს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ჰქონია;
  • უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ბრიგადის ბატალიონმა, დღეს, 2 მარტს,ხარკოვთან ხელში ჩაიგდო რუსეთის ექვსი უახლესი ტანკი Т-80БВМ, რომელიც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მე-200-ე ბრიგადას ეკუთვნოდა;
  • პრეზიდენტმა ბაიდენმა, ფაქტობრივად, ომი გამოუცხადა ყველა რუს ოლიგარქს, რომლებმაც მილიარდები იშოვეს რუსეთის რეჟიმთან თანამშრომლობით. ბაიდენის თქმით, ევროპელ პარტნიორებთან ერთად მუშაობენ ოლიგარქების წინააღმდეგ, რაც გულისხმობს მათი სასახლეების, იახტების, კერძო თვითმფრინავებისა და სხვა ქონების ჩამორთმევას. „ჩვენ მოვალთ თქვენს არაკეთილსინდისიერად ნაშოვნ ქონებამდე“, — თქვა ბაიდენმა;
  •  რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოსცა ბრძანება, რომელიც რუსეთიდან 10 ათასზე მეტი დოლარის გატანას კრძალავს;
  • პენტაგონის ინფორმაციით, 1 მარტის მდგომარეობით, უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული რუსული სამხედრო ძალების 80%-მა გადაკვეთა უკრაინის საზღვარი;
  • უკრაინაში ომის გამო რუსეთში გაყიდვები შეაჩერეს ფორდმა, ეფლმა, ნაიკმა, ადიდასმა ;
  • დიდი ბრიტანეთის პორტებში აიკრძალა რუსული გემების შესვლა.

2 მარტის ცნობები განახლებად რეჟიმში იხილეთ აქ.

მთავარ ფოტოზე: უკრაინელი ქალები ბავშვებთან ერთად თავს აფარებენ ბუნკერს. EPA-EFE/ROMAN PILIPEY

მასალების გადაბეჭდვის წესი