საზოგადოება

“თავდასხმისას ჩვენს სახეებს დაინახავთ და არა – ზურგებს” – ზელენსკიმ რუს ერს მიმართა

24 თებერვალი, 2022 • 1798
“თავდასხმისას ჩვენს სახეებს დაინახავთ და არა – ზურგებს” – ზელენსკიმ რუს ერს მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ხალხს მიმართა.

ზელენკის თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის საზღვართან დისლოცირებული ჯარის წინსვლის ნებართვა გასცა და ეს შეიძლება გახდეს ევროპის კონტინენტზე დიდი ომის დასაწყისი.

“დღეს მე ვცადე სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტთან. შედეგი – სიჩუმე. არადა, სიჩუმე დონბასში უნდა იყოს. ამიტომ მინდა დღეს მოგმართოთ რუსეთის ყველა მოქალაქეს, მაგრამ არა როგორც პრეზიდენტმა. მე მოგმართავთ რუსეთის მოქალაქეებს როგორც უკრაინის მოქალაქე. თქვენთან დაახლოებით 2 000- კილომეტრიანი საერთო საზღვარი გვყოფს. მის გასწვრივ თქვენი ჯარი დგას – თითქმის 200 000 ჯარისკაცი. ათასობით სამხედრო მანქანა. თქვენმა ხელისუფლებამ დაამტკიცა მათი წინსვლა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე და ეს ნაბიჯი შეიძლება გახდეს დიდი ომის დასაწყისი ევროპის კონტინენტზე. მიზეზი ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაჩნდეს. ნებისმიერი პროვოკაცია. ნებისმიერი აალება. აალება, რომელსაც შეუძლია ყველაფრის დაწვას. თქვენ გეუბნებიან, რომ ეს ალი უკრაინელ ხალხს გაათავისუფლებს. მაგრამ უკრაინელი ხალხი თავისუფალია. მას ახსოვს თავისი წარსული და თავად აშენებს საკუთარ მომავალს. აშენებს და არა ანადგურებს, როგორც ყოველდღე გეუბნებიან ტელევიზიით. უკრაინა თქვენს საინფორმაციოებში და უკრაინა რეალურ ცხოვრებაში ორი სრულიად განსხვავებული ქვეყანაა და მთავარი განსხვავება ის არის, რომ ჩვენი ნამდვილია. გეუბნებიან, რომ ჩვენ ნაცისტები ვართ. მაგრამ შეიძლება თუ არა ნაციზმს მხარი დაუჭიროს ხალხმა, რომელმაც რვა მილიონზე მეტი სიცოცხლე გაწირა ნაციზმზე გამარჯვებისთვის? გეუბნებიან, რომ ვერ ვიტანთ თქვენს კულტურას. როგორ შეიძლება, ნებისმიერ კულტურას ვერ იტანდე?!”,- განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, განსხვავება უკრაინელებსა და რუსებს შორის არ არის მტრობის მიზეზი.

“ჩვენ გვინდა თავად განვსაზღვროთ და შევქმნათ ჩვენი ისტორია. მშვიდად. სამართლიანად. თქვენ გეუბნებოდნენ, რომ მე დონბასზე შეტევას ვუბრძანებ. კითხვის გარეშე ვისვრით და დავბომბავთ. მაგრამ კითხვები არის: ვესროლოთ ვის? რა დავბომბოთ? დონეცკი, სადაც ათჯერ ვყოფილვარ? ლუგანსკი, სადაც ჩემი საუკეთესო მეგობრის დედა ცხოვრობს? ბევრი თქვენგანი ყოფილა უკრაინაში, მეგობრობდით უკრაინელებთან. თქვენ იცით ჩვენი ხასიათი. ჩვენი პრინციპები. თქვენთვის ცნობილია, რას ვუფრთხილდებით. მოუსმინეთ საკუთარ თავს, საღ აზრს, გაიგონეთ ჩვენი. უკრაინელ ხალხს უნდა მშვიდობა. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ არ გვინდა ომი – არც ცივი, არც ცხელი, არც ჰიბრიდული. მაგრამ თუ თავს დაგვესხმებიან, თუ შეეცდებიან, წაგვართვან ჩვენი ქვეყანა, თავისუფლება, სოცოცხლე, ჩვენი შვილების სიცოცხლე, თავს დავიცავთ. თავდასხმისას ჩვენს სახეებს დაინახავთ და არა – ზურგებს”,- მიმართა ზელენსკიმ რუს ხალხს

მან თქვა, რომ ომი დიდი უბედურებაა და ყველაზე დიდ ფასს ხალხი საკუთარი და ახლობლების სიცოცხლით იხდის.

ზელენსკის თქმით, უკრაინას უნდა მშვიდობა და მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში.

“თქვენ ითხოვთ უსაფრთხოების გარანტიებს ნატოსგან. ჩვენ ვითხოვთ ჩვენი უსაფრთხოების გარანტიებს – თქვენგან, რუსეთისგან და ბუდაპეშტის მემორანდუმის სხვა გარანტორებისგან. დღეს ჩვენ ყოველგვარი თავდაცვის ალიანსის მიღმა ვართ. უკრაინის უსაფრთხოება დაკავშირებულია ჩვენი მეზობლების უსაფრთხოებასთან. ამიტომ დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ მთელი ევროპის უსაფრთხოებაზე. მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი უკრაინაში მშვიდობა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაა. ჩვენ გვინდა მშვიდობა და ამისთვის ყველასთან ვილაპარაკებთ, თქვენი ჩათვლით. სხვადასხვა ფორმატებში. ომი მოუსპობს გარანტიას ყველას. ვინ დაზარალდება ამით ყველაზე მეტად? – ხალხი. უნდათ კი რუსებს ომი? მე ძალიან მაინტერესებს ამ კითხვაზე პასუხი. მაგრამ პასუხი დამოკიდებულია თქვენზე”,- განაცხადა ზელენსკიმ.

დღესვე დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებმა რუსეთს სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი