საზოგადოება

„მავნე ანტივაქსერული განცხადება“ — ოპოზიციის კრიტიკა და მთავრობის განმარტება

14 თებერვალი, 2022 • 2197
„მავნე ანტივაქსერული განცხადება“ — ოპოზიციის კრიტიკა და მთავრობის განმარტება

ოპოზიცია აკრიტიკებს პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ კორონავირუსის ომიკრონ შტამის შემთხვევაში ვაქცინა უმეტესწილად არ მუშაობს.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მსგავსი ანტივაქსერული განცხადებები სახიფათოა და კიდევ უფრო დააზიანებს ვაქცინაციის კამპანიას ქვეყანაში.

„ასეთ ვითარებაში, რაც არის საქართველოში და როდესაც ჩვენ გვჭირდება მეტი ადამიანის ჩართვა ვაქცინაციის პროცესში, ნებისმიერი ასეთი ტიპის განცხადება აზიანებს პროცესს, რომელიც საჭიროა კოვიდის მართვის პროცესში. ამგვარი განცხადებები აბსოლუტურად გაუმართლებელია, მით უმეტეს, ქვეყნის პირველი პირების მხრიდან“, — განაცხადა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა.

პრემიერის განცხადებას ბრიფინგით გამოეხმაურა პარტია „დროა“. გიგა ლემონჯავას თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის პოპულისტური და დეზინფორმაციის შემცველი განცხადებას, ერთი მხრივ, ელექტორალური დანიშნულება აქვს —  ემსახურება ანტივაქსერული განწყობების მქონე მოქალაქეების გულის მოგებას, მეორე მხრივ, აღიარებაა, რომ მთავრობამ ვაქცინაციის პროცესი ვერ მართა.

„ოფიციალური სტატისტიკით, ვაქცინირებულ პირებში ომიკრონი 8-ჯერ ნაკლებია, ვიდრე — არავაქცინირებულებში. გაცილებით დაბალია გარდაცვალების მაჩვენებელი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერზე ის, რაც ირაკლი ღარიბაშილმა მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა, იძებნება მითებში. მაშინ, როცა პრემიერი თავად უნდა იყოს სტიმული მოქალაქეებისთვის, რომ ისინი აიცრან და ჩართული იყოს პროვაქსერულ კამპანიებში, მან თქვა, რომ პირადად წარმოადგენს მაგალითს, რომ ვაქცინა ომიკრონის შემთხვევაში არ მუშაობს, რაც, ჩვენი შეფასებით, დანაშაულის ტოფლასია“, — განაცხადა ლემონჯავამ.

ის დარწმუნებულია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცახდების შემდეგ, ვაქცინაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო დაიკლებს.

„ეს არის არასახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ძალიან მავნე განცხადება; პრემიერის აკვიატება, რომ აცრა არაფერს შვრება, საერთოდ მივუშვათ პანდემია და ა.შ.“, — განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯანდაცვის ექსპერტმა, სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

„ანტივაქსერმა პრემიერ-მინისტრმა მორიგი მავნებლური განცხადება გააკეთა, ვაქცინა ომიკრონისგან ვერ გვიცავსო, აგერ მაგალითი მე ვარო. ჯერ ერთი, გართულებისგან გიცავს და მეორეც, აცრილი და აუცრელი ერთნაირი პროცენტით არ ინფიცირდებიან და მესამეც, ომიკრონიც რომ კლავს, ამას ჩვენი თუ უცხოეთის სტატისტიკაც მოწმობს. თანაც, ამბობს, ორჯერ აცრილი ვარო. ისიც საზოგადოებრივი ზეწოლის გამო გახდა იძულებული. ბუსტერს რატომ არ იკეთებს? გადატანილს ბუსტერი არ სჭირდებაო, რომელმა ბრძენმა უთხრა? ათასობით დაკარგული სიცოცხლე, ათეულ ათასობით დაზიანებული ჯანმრთელობა და ასეულ მილიონობით დამატებითი ხარჯი ხელისუფლებაში მყოფი მსგავსი ადამიანების სინდისზეა“, — დაწერა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ Facebook-ზე.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება კრიტიკის საფუძველი გახდა სოციალურ ქსელებშიც. მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი „სრულიად უსაგნო და უსაფუძვლო სპეკულაციას“ უწოდებს პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებულ გამოხმაურებებს.

„განცხადება ამოგლეჯილია კონტექსტიდან, კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ როგორც ცნობილია, ვაქცინა არის არა ვირუსის შეხვედრისგან თავდაცვის, არამედ მისი გართულების თავიდან აცილების საშუალება და მან პირადი მაგალითიც დაასახელა, რამდენად მარტივად გადაიტანა „ომიკრონი“, ვინაიდან იყო სრულად ვაქცინირებული „ფაიზერის“ ვაქცინით. ეს განცხადება გაკეთებული იყო მწვანე პასპორტების გაუქმების კონტექსტში, ვინაიდან ახალი რეალობის გათვალისწინებით, რამდენადაც ვაქცინა არ არის იმის გარანტი, რომ „ომიკრონი“ არ შეგვხვდება, მწვანე პასპორტების მუშაობა აზრს კარგავს. პარალელურად, გრძელდება ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიები და სახელმწიფო მაქსიმალურად ახალისებს ვაქცინაციას. რისკჯგუფებში, კერძოდ, 50 წელს გადაცილებული ადამიანები აცრისას იღებენ 200 ლარს, ხოლო ე.წ ბუსტერ დოზის შემთხვევაში, დამატებით 100 ლარს“, — წერს გიორგობიანი.

ის ასევე ხაზს უსვამს, რომ ღარიბაშვილი ორჯერადად არის აცრილი და მილიონობით დოზა სხვადასხვა ვაქცინა სწორედ მისი პრემიერობის დროს შემოვიდა ქვეყანაში.

პრემიერ-მინისტრის ანტივაქსერობაზე საუბარს არასწორად მიიჩნევს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილიც.

„პრემიერი ძალიან აქტიურად იყო ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა კამპანიაში ჩართული… საუბარი იმაზე, რომ ანტივაქსერია თუ არა, ვფიქრობ, რომ არასწორია. „ომიკრონის“ შემთხვევაში, რადგან ეს არის ისეთი შტამი და ჩვენ გვაქვს ისეთი ვაქცინები, რომელიც ამ ახალ შტამთან დაკავშირებით გადადების რისკს ნაკლებად აზღვევს, მან თქვა, რომ ინფიცირების შემთხვევაში ძალიან მსუბუქად გადაიტანა, რადგან ორჯერ ვაქცინირებული იყო“, — განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „მწვანე პასპორტების“ გაუქმებას იმ ფაქტით ხსნის, რომ ვაქცინა კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამით ინფიცირებისგან არ იცავს, თუმცა, მისივე თქმით, ვაქცინა დაეხმარა, რომ ვირუსი უფრო მსუბუქად გადაეტანა.

ღარიბაშვილის თქმით, ომიკრონთან გადადების ნაწილში ვაქცინა არ მუშაობს

მასალების გადაბეჭდვის წესი