რობერტ სტურუასთვის სახელმწიფოს მიერ 1,500 კვ.მ. არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 1 ლარად გადაცემასთან დაკავშირებით ქონების ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს. უწყების თანახმად, ეს იყო “რეჟისორის საქმიანობის და მისი ღვაწლის დაფასება”.
“…გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადიო განვითარების სამინისტროს სახელზე შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის შუამდგომლობა.
მასში აღნიშნულია ბატონი რობერ სტურუას დიდი დამსახურება საქართველოს თეატრალური ხელოვნების და ზოგადად ჩვენი ქვეყნის წინაშე.
წერილის თანახმად, რუსთაველის თეატრი გამოვიდა შუამდგომლობით, რათა სახელოვან რეჟისორს სიმბოლურ ფასად გადაეცეს მიწა საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად”, — დასძენს სააგენტო.
უწყების თქმით, სამინისტრომ შეისწავლა და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინა წინადადება რობერტ სტურუასთვის მიწის ნაკვეთის სომბოლურ ფასად გადაცემის შესახებ, რაც დადებითად გადაწყდა “სახელოვანი რეჟისორის დამსახურებების გათვალისწინებით”.
“რობერტ სტურუა თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ხელოვანია, მან ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის, მისი კულტურისთვის და ამდენად, არავისთვის გაუგებარი არ უნდა იყოს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მართებულობა.
ეს არის ქართული სახელმწიფოს მხრიდან სახელგანთქმული ქართველი რეჟისორის საქმიანობის და მისი ღვაწლის დაფასება”, — დასძენს სააგენტო და განცხადების დასასრულს აღნიშნავს:
“რაც შეეხება აღნიშნული უძრავი ქონების განკარგვის მართებულობის საკითხს მას შემდეგ, რაც მისი მესაკუთრე სახელმწიფო აღარ არის, ეს ჩვენს კომპეტენციას აღარ განეკუთვნება”.
რა მოხდა?
რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რობერტ სტურუას, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად გადაეცა. ინფორმაცია თავდაპირველად “TV პირველმა” გაავრცელა.
საუბარია თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ, სოფელ თხინვალაში არსებულ, არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთსა და მასზე აშენებულ ნაგებობაზე. ნაკვეთის ჯამური ფართობი 1500.00 კვ.მ.-ია.
ეს ნოემბრის შუა რიცხვებში მოხდა. ამონაწერებში ჩანს, რომ ნოემბრის მიწურულს რობერტ სტურუამ ზემოხსენებული ნაკვეთი აჩუქა როინ ნოზაძეს, რომელიც მანამდე რეესტრის ბაზაში ატვირთულ დოკუმენტებში მის წარმომადგენლად ფიქსირდებოდა.
მალევე, როინ ნოზაძემ ნაკვეთი გაყიდა: შესაბამისი განცხადება რეესტრში პირველ დეკემბერს დარეგისტრირდა. მიწა შპს “ჯეო-ოლიმპი”-მ შეიძინა. “TV პირველის” ცნობით, რომელიც “ნეტგაზეთს” დამოუკიდებლად არ გადაუმოწმებია, კომპანიამ ნაკვეთში $221 000 გადაიხადა.
სწორედ “ჯეო-ოლიმპიკი” ფიქსირდება მიწის მესაკუთრედ 2 დეკემბრიდან.