საზოგადოება

სახელმწიფომ რობერტ სტურუას 1 500 კვ.მ. მიწა გადასცა

5 თებერვალი, 2022 • 3180
სახელმწიფომ რობერტ სტურუას 1 500 კვ.მ. მიწა გადასცა

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რობერტ სტურუას, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად გადაეცა. ინფორმაცია თავდაპირველად “TV პირველმა” გაავრცელა.

საუბარია თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ, სოფელ თხინვალაში არსებულ, არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთსა და მასზე აშენებულ ნაგებობაზე. ნაკვეთის ჯამური ფართობი 1500.00 კვ.მ.-ია.

ხსენებულ ნაკვეთთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ბაზაში სულ 21 ამონაწერი იძებნება. ამონაწერების თანახმად, გასული წლის 9 აგვისტოს მდგომარეობით მიწის მესაკუთრე ჯერაც სახელმწიფო იყო.

ვითარება ნოემბერში შეიცვალა: რეესტრის ბაზაში იძებნება 10 ნოემბრით დათარიღებული განცხადება, რომელშიც დაინტერესებულ პირად რობერტ სტურუაა მითითებული. განცხადებაში ვკითხულობთ:

“მოვითხოვ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოახდინოთ პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად პრივატიზების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქალაქი თბილისი, სოფელი თხინვალა, იოსებ კეჭაყმაძის ქუჩა, N 2”.

16 ნოემბერს გაკეთებულ ამონაწერში ზემოხსენებული ნაკვეთის მესაკუთრედ უკვე რობერტ სტურუა ფიქსირდება. თუმცა, ეს მოცემულობა დიდხანს არ გაგრძელებულა:

ჩანს, რომ ნოემბრის მიწურულს რობერტ სტურუამ ზემოხსენებული ნაკვეთი აჩუქა როინ ნოზაძეს, რომელიც მანამდე რეესტრის ბაზაში ატვირთულ დოკუმენტებში მის წარმომადგენლად ფიქსირდებოდა.

მალევე, როინ ნოზაძემ ნაკვეთი გაყიდა: შესაბამისი განცხადება რეესტრში პირველ დეკემბერს დარეგისტრირდა. მიწა შპს “ჯეო-ოლიმპი”-მ შეიძინა. “TV პირველის” ცნობით, რომელიც “ნეტგაზეთს” დამოუკიდებლად არ გადაუმოწმებია, კომპანიამ ნაკვეთში $221 000 გადაიხადა.

სწორედ “ჯეო-ოლიმპიკი” ფიქსირდება მიწის მესაკუთრედ 2 დეკემბრიდან დღემდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი