„ლელოს“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „დროას“ წევრები უკრაინაში მიემგზავრებიან.
მიუხედავად იმისა, რომ სამივე ოპოზიციური პარტია უკრაინაში ცალ-ცალკე მიემგზავრება და ეს მათი ერთობლივი ვიზიტი არაა, შესაძლოა, კიევში ერთობლივი შეხვედრებიც გამართონ.
როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, უკრაინის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გამოჩენილი პოზიციის ფონზე, მათი ვიზიტი და ადგილზე მხარდაჭერის გამოხატვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„ჩვენ შეხვედრა გვექნება ყველა ძირითადი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან, უკრაინელმა ხალხმა და უკრაინის პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ძალიან მყარად ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს. ასევე ვაპირებთ, რომ უკრაინაში შესაბამის ძალებთან დავამყაროთ თანამშრომლობის ის ფორმატები, რომელიც გააძლიერებს მათ ქვეყანასაც და ჩვენს ქვეყანასაც.
იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები და ეს ინტერესები არის განუყოფელი და დღეს უკრაინაში წყდება საქართველოს მომავალიც. ეს არის რეალობა და ამ ვითარებაში საქართველოს რომ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ელოდება, რეალურად ვინ გამოვა ამ ბრძოლაში გამარჯვებული – თავისუფალი სამყარო თუ ვლადიმერ პუტინი – და აპირებს, რომ გამარჯვებულის მხარე დაიკავოს, ეს არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლების მტრისთვის ჩაბარება და თავისუფლებაზე უარის თქმის მცდელობა“, – განაცხადა „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა, რომელიც პარტიის ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან და სხვა წევრებთან ერთად კიევში დღეს მიემგზავრება.
„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ კიევში მასთან ერთად თინა ბოკუჩავა და ფრაქციის რამდენიმე დეპუტატი ხვალ, 3 თებერვალს, გაემგზავრება.
მისი თქმით, მიუხედავად მათი სურვილისა, უკრაინაში პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
როგორც დეკანოიძე ამბობს, თუ იქნება დროის თანხვედრა, „დიდი სიამოვნებით“ გამართავენ კიევში კოლეგა ოპოზიციონერებთან ერთობლივ შეხვედრებსაც.
„მე არ ვიცი, რამდენად დავემთხვევით [სხვა ოპოზიციურ პარტიებთან]. თავიდან იყო ჩაფიქრებული ერთობლივი ვიზიტი და საერთოდ ჩვენ შევთავაზეთ „ოცნებასაც“, რომ ერთად წავსულიყავით ყველა. მაგრამ, სამწუხაროდ, დღემდე პასუხი არ მოუციათ. ამიტომ შემდეგ იყო ჩაფიქრებული ოპოზიციის ერთობლივი ვიზიტი, რაც ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა.
მე მქონდა საუბარი სხვადასხვა ფრაქციასთან, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, რომ პარტიების ცალკეული მხარდაჭერა დავაფიქსიროთ. ჩვენს პარტიას და მე პირადად განსაკუთრებული ურთიერთობები გვაქვს უკრაინასთან. ამიტომ ვფიქრობ, რომ სხვადასხვა ადამიანთან და რადაში დეპუტატებთან შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
როგორც დეკანოიძემ ნეტგაზეთს უთხრა, რუსეთის ხსენების გარეშე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების შემდეგ, ოპოზიცია ერთობლივ განცხადებას ამზადებს, რომელსაც უკრაინელებს გააცნობენ. დეკანოიძის თქმით, ტექსტში განმარტავენ მიზეზებს, თუ რატომ არ დაუჭირა ოპოზიციამ მხარი ამ რეზოლუციას.
უკრაინაში წასვლამდე უკრაინისა და საქართველოს დროშებზე ხელმოწერებს აგროვებს „დროა“. უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად ხელმოწერილ დროშებს კი კიევში რადას წევრებს გადასცემენ.
როგორც ნეტგაზეთს „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განუცხადა, მათ ასევე სურთ უკრაინაში მყოფ ქართველ სამხედროებთან შეხვედრაც.
„ჩვენ ყველამ კოორდინირებულად დავგეგმეთ, მაგრამ ცალ-ცალკე ვიზიტებია. „ლელო“ დღეს წავიდა, ჩვენ დღეს ღამე მივდივართ, „ნაციონალური მოძრაობაც“ მიდის. ერთობლივი ვიზიტი არ არის, თუმცა ერთობლივი შეხვედრები გვექნება. ხვალ და ზეგ გვექნება შეხვედრები. ასევე, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად გვექნება ერთობლივი შეხვედრა რადას წევრებთან, ასევე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, რამდენიმე ჟურნალისტთან და ასევე ქართველებთან.
ჩვენ გვინდა, რომ შევხვდეთ ქართველ სამხედროებს, სადაც ისინი არიან. ეს არის უკრაინის უსაფრთხოების და ლოჯისტიკის საკითხებზე დამოკიდებული. ჩვენ არ გვინდა, რომ ძალიან შევაწუხოთ, მაგრამ თუ მოხერხდება, მაშინ იმ ხაზზეც წავალთ“, – განაცხადა ხოშტარიამ.
რაც შეეხება პარლამენტის „რეფორმების ჯგუფს“, როგორც ხათუნა სამნიძემ ნეტგაზეთს უთხრა, ამ დროისთვის მათი ჯგუფიდან კიევში გიორგი ვაშაძე იმყოფება.