საზოგადოება

EL PAIS ამტკიცებს, რომ ხელთ აქვს ნატოსა და აშშ-ის წერილობითი პასუხები რუსეთის მიმართ

2 თებერვალი, 2022 • 5847
EL PAIS ამტკიცებს, რომ ხელთ აქვს ნატოსა და აშშ-ის წერილობითი პასუხები რუსეთის მიმართ

ესპანური გაზეთი ირწმუნება, რომ მის ხელთ აღმოჩნდა შეერთებული შტატებისა და ნატოს პასუხები რუსეთის მოთხოვნებზე, რაც მოსკოვმა რამდენიმე კვირის წინ, უკრაინის გარშემო ვითარების დაძაბვის ფონზე წამოაყენა.

ესპანური გაზეთის, EL PAÍS-ის გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, შეერთებული შტატების საპასუხო წერილში დასაწყისშივეა ხაზგასმული, რომ:

„ვაშინგტონი აგრძელებს ნატოს ღია კარის პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერას“ და, შესაბამისად, უარს არ ამბობს უკრაინისა და საქართველოს ალიანში გაერთიანების პერსპექტივაზე.

ნატოს პასუხის ფრაგმენტი

ამასთან, ნატოს პასუხშიც არის მხარდაჭერილი ალიანსის ღია კარის პოლიტიკა და ხაზს უსვამს ყველა სახელმწიფოს უფლებას, აირჩიოს მისთვის სასურველი შეთანხმება უშიშროების სფეროში „გარე ჩარევისგან დამოუკიდებლად“.

ამასთან, დოკუმენტები, ღია კარის პოლიტიკის იდეის დაცვის მიუხედავად, შესაძლებელს ტოვებს, ორმხრივი მოლაპარაკებებისა და ნდობის აღდგენის პროცესი წარიმართოს.

უკრაინის საკითხი

დოკუმენტების თანახმად, ნატო აღნიშნავს: „უკრაინასა და ბელარუსში, ასევე მათ გარშემო, რუსული სამხედრო ძალების არსებითი, არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და უწყვეტი გაძლიერების გათვალისწინებით, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ განმუხტოს სიტუაცია“.

უკრაინასთან დაკავშირებით პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს სთავაზობს „პირობებზე დაფუძნებული, ურთიერთგამჭვრივალე ზომების“ მიღებას.

ასეთი შეთანხმების პირობებში, რუსეთი და აშშ შეთანხმდებოდნენ, რომ „თავი შეიკავონ საბრძოლო მისიით, შეტევითი სახმელეთო სარაკეტო სისტემებისა და მუდმივი ძალების განლაგებისგან უკრაინის ტერიტორიაზე“. ამ მიზნით ვაშინგტონი კიევთან კონსულტაციების გამართვის წინადადებით გამოდის.

ვაშინგტონიც და ალიანსიც პუტინს სთავაზობენ მოლაპარაკებებს განიარაღების შეთანხმებებზე და ნდობის აღდგენის ზომებზე სხვადასხვა ფორმატში, როგორიცაა ეუთო, აშშ-რუსეთის სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგი და ნატო-რუსეთის საბჭო.

თუმცა ამ მოლაპარაკებების წინაპირობად ვაშინგტონი და ბრიუსელი ამბობენ, რომ რუსეთმა უნდა მოახდინოს უკრაინასთან დაკავშირებით ვითარების დეესკალაცია.

„შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციაა, რომ ამ საკითხებში პროგრესის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ისეთ გარემოში, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მუქარის შემცვლები ქმედებები განმუხტულია“, – წერს ვაშინგტონი.

კონტექსტი

2021 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ორი შეთანხმების პროექტი, რომელთაგან ერთი აშშ-ს მიემართება, ხოლო მეორე — ნატოს.

რუსეთი აშშ-სა და ნატოს სთავაზობს შეთანხმებას „უსაფრთხოების გარანტიებზე“, რომელიც ითვალისწინებს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პრევენციას, მათ შორის 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უარყოფას, რომლის თანახმადაც უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან.

მოსკოვის მოთხოვნაა:

  • „არ განთავსდეს დამატებითი ძალები და შეიარაღება იმ ქვეყნებს მიღმა, სადაც ისინი 1997 წლის მაისისთვის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებამდე იყო;
  • არ განთავსდეს რაკეტები იქ, საიდანაც მეორე მხარის ტერიტორიას საფრთხე შეექმნება;
  • უარი ითქვას უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სამხედრო საქმიანობაზე“.

რუსეთმა ნატოსგან და ვაშინგრონისგან მოთხოვნებზე წერილობითი პასუხების გაგზავნა მოითხოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი