საზოგადოება

ამორძალი და მისი ნივთები ზემო ავჭალიდან — უნიკალური აღმოჩენა თბილისში

2 თებერვალი, 2022 •
ამორძალი და მისი ნივთები ზემო ავჭალიდან — უნიკალური აღმოჩენა თბილისში

თბილისში, ზემო ავჭალის ტერიტორიაზე, ოდესღაც ამორძალები ცხოვრობდნენ. ამას ადასტურებს სამარხის პოვნა, სადაც მებრძოლი ქალი ცხენთან, საბრძოლო იარაღთან და სამკაულებთან ერთად არის დაკრძალული.

აღმოჩენის შესახებ საჯაროდ ცოტა ხნის წინ  გახდა ცნობილი პოდკასტით, რომელიც მოამზადა რადიო „თავისუფლების“  ჟურნალისტმა სალომე ასათიანმა პროექტისთვის  „ასათიანის კუთხე“ და რომლის მოსმენაც შეგიძლიათ  ამ ლინკზე.

1927 წელს ქართული არქეოლოგიის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა გიორგი ნიორაძემ გათხარა და შეისწავლა მიწის სამუშაოების დროს შემთხვევით აღმოჩენილი სამარხი, რომელიც, დღევანდელი მონაცემებით, მებრძოლი ქალის მსოფლიოში ყველაზე ადრეულ სამარხად მიიჩნევა.

ნეტგაზეთი შეეცადა გაერკვია, ეკუთვნის თუ არა ნამარხი ნახევრად მითურ პერსონაჟს, ანუ ამორძალს, ან რა მნიშვნელობას ატარებს თავად სამარხი და რა შეიძლება გაკეთდეს მისი დამატებითი შესწავლისთვის.

ნეტგაზეთი კითხვებზე პასუხების მისაღებად საქართველოს ეროვნული მუზეუმის ისტორიისა და არქეოლოგიის სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელს, მიხეილ აბრამიშვილს ესაუბრა.

რა აღმოჩნდა სამარეში

სამარხში არქეოლოგმა გიორგი ნიორაძემ მჯდომარე პოზაში დაკრძალული ადამიანი, ბრინჯაოს მახვილი, ბრინჯაოს შუბისა და რკინის სატევრის თუ დანის ნაშთები, ცხენის თავის ქალის ფრაგმენტი, ბრინჯაოსა და ნახევრად ძვირფასი ქვების სამკაული და თიხის ჭურჭელი აღმოაჩინა.

მიცვალებულის თავის ქალისა და აღმოჩენილი ნივთების ანალიზის საფუძველზე, გიორგი ნიორაძემ დაადგინა, რომ გარდაცვლილი მეომარი ქალი იყო, ხოლო ბრინჯაოს მახვილის დათარიღებითა და სხვა პარალელების მოშველიებით, (სამხრეთ კავკასიის სხვა ადგილებში მსგავსი მახვილების აღმოჩენით) დადგინდა, რომ სამარხი ძვ.წ მე-11—მე-9 საუკუნეებს განეკუთვნება.

ზემო ავჭალელი ქალის თავის ქალა და სხეულის სხვა ნაწილები 

„მთელ მსოფლიოზე არქეოლოგიურმა ლიტერატურამ ჯერ კიდევ არ იცის არცერთი შემთხვევა, რომ ეპოვნოსთ ბრინჯაოს მახვილით, ხანჯლით და შუბით შეიარაღებული ქალი, როგორც ამას ადგილი ჰქონდა ზემო ავჭალაში, და, თუ გამოჩენილი, მსოფლიო მეცნიერი მონდელიუსი დანიაში აღმოჩენილ ხანჯლით შეიარაღებულ ქალებს უკავშირებდა ამაზონების ანუ ამორძალების შესახებ წარმოშობილ მოთხრობებს, მით უმეტეს, ჩვენ უფრო მეტი საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ზემო ავჭალის შეიარაღებული ადამიანი, რომელსაც ჭრილობა ჰქონდა მიღებული, მეომარი ქალი უნდა ყოფილიყო, ქალი რომელმაც ცხენოსნობა კარგად იცოდა“, – წერს თავად გიორგი ნიორაძე 1931 წელს გამოცემულ ნაშრომში, სადაც აღმოჩენისა და მისი მნიშვნელობის შესახებ წერს.

ზემო ავჭალელი ქალის სამკაული 

ის, რომ შეიარაღებული ადამიანი ნამდვილად ქალი იყო, დადასტურდა თანამედროვე ანთროპოლოგიური კვლევებითაც.

რა მნიშვნელობისაა სამარხი და რაზე მიანიშნებს აღმოჩენა

მიხეილ აბრამიშვილის აზრით, ის ფაქტი, რომ ეს ადამიანი სამხედრო პატივით იყო დაკრძალულიიმაზე  მეტყველებს, რომ იმდროინდელი საზოგადოებისთვის ქალი მეომრის როლში სავსებით მიღებული მოვლენა იყო.

„ამ ქალს  თან ახლდა მაშინდელი მეომრის შეიარაღების სრული აღჭურვილობაბოლოკვეთილი მახვილი, შუბი და რკინის სატევარი თუ დანა, რასაც ჩვენ ამ სამარხის თანადროულ სხვა სამარხებშიც ვპოულობთ, სადაც მეომარი მამაკაცებია დაკრძალული. შესაბამისად, ის სტერეოტიპი, რომ  ბრძოლა მხოლოდ მამაკაცის საქმეა, როგორც ჩანს, იმ დროს არ არსებობდა და საზოგადოებაც უფრო თანასწორი იყო გენდერული თვალსაზრისით.

ამ თვალსაზრისით ეს სამარხი ძალიან მნიშვნელოვანია“, – აცხადებს მიხეილ აბრამიშვილი.

სამარეში აღმოჩენილი ბრინჯაოს მახვილი, სარდოლიკის, კვარცის, შუშის მაგვარი მძივები, ბრინჯაოს სამაჯურები, ბეჭდები და ღილები, თიხის ჭურჭელი და შუბის ნაწილი. 

მისი განცხადებით, სამარხები, სადაც ქალები სამხედრო იარაღთან ერთად აღმოაჩინეს, სხვაგანაც არსებობს, მაგრამ ზემო ავჭალის სამარე ამ დრომდე აღმოჩენილ სამარეებს შორის ყველაზე ძველია და ის ადასტურებს ამორძალების არსებობას.

სამარხები, სადაც ქალები საბრძოლო იარაღთან ერთად აღმოაჩინეს, სხვაგანაც არსებობს. ასეთი სამარხები მრავლადაა ნაპოვნი, მაგალითად, ევრაზიის სტეპების ვრცელ ტერიტორიაზე, თუმცა ზემო ავჭალის სამარხი დღემდე აღმოჩენილი მეომარი ქალების სამარხებს შორის ყველაზე ძველია და სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

ლეგენდები მეომარი ქალების, ამორძალების, ანუ ამაზონების შესახებ ძალზედ პოპულარული იყო ანტიკურ ხანაში. ბერძნულმა ტრადიციამ მათ შესახებ არაერთი მითი შემოგვინახა. თუმცა დღეს, არქეოლოგიური მონაცემების წყალობით, ვიცით, რომ ისინი ნამდვილად არსებობდნენ“, – აცხადებს იგი.

შეკითხვაზე, თუ რატომ არ იყო საბჭოთა კავშირის დროს ეს აღმოჩენა უფრო ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი, აბრამიშვილი ამასჩვენში არსებული გენდერული სტერეოტიპებით ხსნის“.

ის, რომ ქალი, უკვე ესოდენ ადრეულ ხანაში, მამაკაცის თანასწორი უფლებებით სარგებლობდა არ იქნებოდა პოპულარული თემა და ბევრისთვის არც იქნებოდა დამაჯერებელი. მისი სქესი ხომ მხოლოდ ჩონჩხის აგებულების მორფოლოგიური ნიშნებით იყო განსაზღვრული.

 დღეს კი შესაძლებლობა გვაქვს, დნმის ანალიზით უტყუარი პასუხი მივიღოთ ამ ადამიანის სქესის შესახებ, რის გაკეთებასაც ვაპირებთ. ამ და სხვა ანალიზების ჩატარების შემდეგ ვიმედოვნებთ, რომ ეს სამარხი და მასში აღმოჩენილი ინვენტარი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში.“, – ამბობს მიხეილ აბრამიშვილი.

რომელ კულტურას განეკუთვნებოდა მებრძოლი ქალი

მიხეილ აბრამიშვილის განცხადებით, ქალი სამთავრულ კულტურას განეკუთვნებოდა, რომელიც გავრცელებული იყო სამხრეთ კავკასიაში, ძირითადად, დღევანდელ აღმოსავლეთ საქართველოში.

ზემო ავჭალელი ქალის მახვილი

ზემო ავჭალის სამარხი არაფრითაა განსხვავებული ამ ეპოქის სხვა სამარხებისგან. მასში აღმოჩენილი ინვენტარის მთელი კომპლექსი სხვა თანადროული სამარხების ინვენტარის მსგავსია და ე.. სამთავრულ არქეოლოგიურ კულტურას განეკუთვნება. დაკრძალვის მჯდომარე პოზაც ხშირად გვხვდება ამ კულტურის სამარხებში, რასაც გიორგი ნიორაძეც აღნიშნავდა თავის პუბლიკაციაში.

ბოლოკვეთილი მახვილი, რომელიც ამ ქალს მუხლებზე ედო, ის იარაღია, რომელიც მხოლოდ სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილშია გავრცელებული და ადგილობრივად არის განვითარებული და მორგებული ცხენზე ამხედრებული მეომრის ბრძოლის თავისებურებაზე. 

ინვენტარის გარდა, სამარხში აღმოჩნდა ასევე ცხენის თავის ქალის ნაწილი და, როგორც ჩანს, ამ ქალს საკუთარი ცხენი შესწირეს, რაც ასევე  მიანიშნებს იმაზე, რომ იგი სამხედრო პატივით იქნა დაკრძალული“, – ამბობს მიხეილ აბრამიშვილი.

რა შეიძლება გაკეთდეს ახლა

მიხეილ აბრამიშვილის აზრით, დნმის ანალიზთან ერთად, რაც მიცვალებულის სქესს კიდევ ერთხელ დაადასტურებს და მოგვცემს ინფორმაციას მისი გენეტიკური წარმომავლობის შესახებ, სხვა თანამედროვე კვლევების ჩატარებაც იქნება სასურველი.

მისი განცხადებით, მათ შორის, მნიშვნელოვანი იქნება ძვლების რადიო-კარბონული ანალიზის  გაკეთება, რათა დაზუსტდეს სამარხის თარიღი.

აბრამიშვილის თანახმად, ასევე საჭიროა ამ ადამიანის კბილის ემალის იზოტოპური კვლევა, რაც მეცნიერებს მისცემს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად დაიბადა ეს მეომარი ქალი და სად გაატარა მოზარდობის ასაკი.

მასალების გადაბეჭდვის წესი