საზოგადოება

რუსეთი არც საკრებულოს კიევის მხარდამჭერ განცხადებაშია ნახსენები

27 იანვარი, 2022 • 1272
რუსეთი არც საკრებულოს კიევის მხარდამჭერ განცხადებაშია ნახსენები

თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ 27 იანვარს კიევისა და უკრაინის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის შემუშავებული რეზოლუციის მსგავსად, არც ამ ტექსტშია ნახსენები რუსეთის ფედერაცია.

თბილისის საკრებულოს შემუშავებული ვერსიის შინაარსსაც არ ეთანხმებიან საკრებულოს ოპოზიციური პარტიები და მასზე ხელმოწერას არ აპირებენ.

27 იანვარს საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ საზოგადოებას მიმართვა გააცნო. საკრებულოს პრესსამსახურის თანახმად, მიმართვას თბილისის წარმომადგენლობითი ორგანო კიევის საქალაქო საბჭოში უახლოეს დღეებში გაგზავნის.

საკრებულოს სრული განცხადება ასეთია:

„ძვირფასო კოლეგებო, ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრებს გვსურს, სრული მხარდაჭერა გამოვხატოთ ჩვენი მეგობარი ქალაქის, კიევის და ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის მიმართ.

ჩვენ ერთგულები ვართ საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმების, მათ შორის, რა თქმა უნდა, საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებისა.

გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენების გამო, რაც ახალი საფრთხის რისკებს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

ვგმობთ ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული.

აქვე ვაცხადებთ, რომ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სუვერენული სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია.

დღეს უკრაინაში შესაძლო ომის არდაშვება უნდა იყოს თითოეული ჩვენგანის და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი.

სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ უკრაინელ ხალხს და ქალაქ კიევის რადას“.


პარლამენტში არსებულმა, მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ შეთანხმდნენ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ერთობლივად მიღებაზე, თუმცა 26 იანვარს ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ თავდაპირველი ვერსია შეიცვალა.

„ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული რეზოლუციის უკრაინის მხარდამჭერ ტექსტში ნახსენები არ ყოფილა რუსეთის ფედერაცია, რასაც ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა.

გირჩევთ ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი