ნაციონალური მოძრაობის წევრის, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თბილისში, ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩაზე 8-სართულიანი კორპუსი უკანონოდ აშენდა.
კორპუსის უკანონოდ აშენება დაადასტურეს მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურშიც.
ხაბეიშვილის განცხადებით, კორპუსი უკანონოდ სარეკრეაციო ზონაში, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის მფარველობით აშენდა.
ხაბეიშვილს სამი მოთხოვნა აქვს, მათ შორის:
- მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის დასჯა;
- კახი კალაძის მინიმუმ დაკითხვა, თუ როგორ ვერ აღმოაჩინეს კორპუსის უკანონო მშენებლობა;
- გამოძიება თეა წულუკიანის წინააღმდეგ, რადგან სამშენებლო ნებართვის გარეშე, იუსტიციის სახლს არ აქვს საკუთრების დარეგისტრირების უფლება.
მისი განცხადებით, იგი დამატებით აპირებს მიმართოს პროკურატურას, რათა გამოიძიონ უკანონო მშენებლობა.
უნებართვო მშენებლობა და ნახევარ მილიონზე მეტი ჯარიმა
მიწის ნაკვეთზე, სადაც ახლა 8-სართულიანი საცხოვრებელი სახლი დგას, სამშენებლოდ გამოყენების პირობების დასადგენად თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის მაისის ბოლოს მიმართეს.
ტერიტორია, სადაც სამშენებლო პირობების დადგენას მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად ითხოვდნენ, მოიცავდა ორ ნაკვეთს, მათ შორის 580 კვადრატულ მეტრს, რომელსაც „შპს გგ დეველოპერი“ ფლობდა, და 22 კვადრატულ მეტრს, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრება იყო.
არქიტექტურის სამსახურმა აღნიშნულ ნაკვეთზე არ დაადგინა სამშენებლოდ გამოყენების პირობები, რადგან, როგორც 5 ივნისის გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, საპროექტო ტერიტორიაზე ვრცელდებოდა სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1) — სარეკრეაციო ქვეზონა, რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ გამწვანებულ ტერიტორიებს: ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი და სხვა მსგავსი, გარდა სხვა სარეკრეაციო ზონებში მოქცეულისა, რის გამოც ამ ზონაში დაუშვებელი იყო მშენებლობა.
კორპუსის გარე ფასადების პროექტი/ GG developer •გგ დეველოპერი-ის Facebook-გვერდი
თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე აღნიშნული კორპუსის საკადასტრო კოდით სხვა განცხადება არ იძებნება.
მუნიციპალური ინსპექციიდან ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომელიც წარმოადგენს კერძო საკუთრებას, შპს „გ გ. დეველოპმენტმა“ 2019 წელს დაიწყო უკანონო მშენებლობა.
კორპუსის მშენებლობა 2019 წლის ოქტომბერი – 2021 წლის ივლისი/ Google Earth
„აღნიშნული სამშენებლო კომპანია არაერთხელ დაჯარიმდა თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, ჯამში, 575 000 ლარით. საქმის წარმოება გადაცემულია აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის. ეს არის ტიპური მაგალითი იმის, რომ მხოლოდ ჯარიმით უკანონო მშენებლობის პრევენცია არ ხდება. ამიტომაც, თბილისის მერიამ შესთავაზა პარლამენტს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღება, რაც დღეს უკვე ძალაშია და მოქმედებს“, – ნათქვამია ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ წერილში.
„შპს გგ დეველოპერი“ – კავშირები ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან
ამჟამად „შპს გგ დეველოპერის“ დირექტორი და 100-პროცენტიანი წილის მესაკუთრე მარინა ტყაბლაძეა, თუმცა 2018 წლის დეკემბერში, როცა კომპანია დაარსდა, 100- პროცენტიანი წილის მფლობელი გია ჩირაღიშვილი, ხოლო დირექტორი ია გრიგოლია იყო.
მოგვიანებით კომპანიის დირექტორი გია ჩირაღიშვილი გახდა.
შემდეგ, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის 2020 წლის 26 ივნისის ამონაწერიდან ირკვევა, რომ კომპანიის 50-პროცენტიანი წილის მფლობელი გიორგი შინჯიკაშვილი გახდა. იგი ამ დროს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე იყო.
შინჯიკაშვილი, ჩირაღიშვილთან ერთად, კომპანიის 50-პროცენტიანი წილის მფლობელი 2021 წლის 4 მაისამდე იყო. ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ვებ-გვერდის თანახმად, გიორგი შინჯიკაშვილი ამ დროს უკვე ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე გახლდათ.
იმ დროს, როდესაც შინჯიკაშვილი კომპანიის მეწილე, პარალელურად კი გარდაბნის მერიასა და გუბერნიაში მუშაობდა, ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობა მიმდინარეობდა.
ნეტგაზეთი შეეცადა გიორგი შინჯიკაშვილისთვის ეკითხა, აქვს თუ არა კავშირი აღნიშნულ მშენებლობასთან, მაგრამ მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. დაკავშირება ვერ მოხერხდა ვერც ქვემო ქართლის გუბერნიასთან და კომენტარი ვერ მივიღეთ ვერც მთავრობის ადმინისტრაციისაგან.
ნეტგაზეთმა დარეკა „გგ დეველოპერის“ Facebook-ის გვერდზე მითითებული საკონტაქტო ნომრებზე, სადაც განუცხადეს, რომ აღნიშნული ნომერი კომპანიას არ ეკუთნოდა, რის შემდეგ მალევე წაიშალა აღნიშნული გვერდი.
საპასუხო კომენტარის მიღების შემთხვევაში სტატია განახდლება.
ამჟამად, კორპუსის პირველ სართულზე გახსნილია რამდენიმე კომერციული ობიექტი. კორპუსის ბინების ნაწილში ცხოვრობს მოსახლეობაც.