საზოგადოება

“გარღვევას არც ჩვენ ველით, ველით პასუხებს” — ჟენევაში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები დაიწყო

21 იანვარი, 2022 • 1323
“გარღვევას არც ჩვენ ველით, ველით პასუხებს” — ჟენევაში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები დაიწყო

ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის დიპლომატიური მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო. შეხვედრაზე აშშ-ის დელეგაციას სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ხელმძღვანელობს, რუსეთისას კი — საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ეს შეხვედრა დაეხმარება აშშ-ს, შეიმუშაოს პოზიცია რუსეთის მიერ შეთავაზებულ “უსაფრთხოების გარანტიებზე”, ან წარმოადგინოს შემხვედრი წინადადებები, თუ ასეთი აქვს.

„ჩვენ გავეცანით ვრცელ მასალებს, რომელიც მოამზადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა იმის შესახებ, რასაც თქვენ რუსეთის დეზინფორმაციას უწოდებთ. იმედი მაქვს, სახელმწიფო დეპარტამენტში ყველა არ ყოფილა ამ მასალებზე მუშაობაში ჩართული და ვინმე კონცეტრირებული იყო იმ წინადადებების შინაარსზე, რომელიც ჩვენ გადმოგეცით“, — განაცხადა ლავროვმა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ვრცელი მიმოხილვა უკრაინის კრიზისზე, ასევე, „ფაქტები და გამოგონილი ამბები: რუსული დეზინფორმაცია უკრაინაზე“ და „რუსეთის 5 დეზინფორმაციული ნარატივი“. სწორედ ამ მასალებს ეხებოდა ლავროვის კომენტარი.

„თქვენ თქვით, რომ ამ შეხვედრისგან გარღვევას არ ელით. ჩვენც არ ველით გარღვევას, ჩვენ ველით პასუხებს ჩვენს წინადადებებზე. ჩვენი წინადადებები საკმაოდ კონკრეტულია და ასეთივე კონკრეტულ პასუხებს ველით“, — მიმართა ლავროვმა ბლინკენს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა ხაზი გაუსვა კონსულტაციებს ევროპელ მოკავშირეებთან და უკრაინასთან და თქვა, რომ  ის წარმოადგენს მოკავშირეების და პარტნიორების საერთო პოზიციას.

„ჩვენ ერთგული ვართ დიპლომატიის გზის. მაგრამ ჩვენ, ასევე, ერთგული ვართ იმ პოზიციის, რომ თუ რუსეთი გადაწყვეტს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას, ერთობლივ, სწრაფ და მკაცრ პასუხს გავცემთ. მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა, გაგაცნოთ მოკავშირეების და პარტნიორების საერთო პოზიცია და კონკრეტული იდეები, ასევე გაგიზიაროთ ღრმა შეშფოთება, რომელიც ბევრ ჩვენგანს აქვს რუსეთის მოქმედებებთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ფუნდამენტური პრინციპები“, — განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ბლინკენმა ასევე დააყენა რუსეთში დაკავებული აშშ-ის ორი მოქალაქის — ტრევორ რიდის და ტომ ვილანის — გათავისუფლების საკითხი.

„ეს არის კრიტიკული მომენტი. ჩვენ არ ველით განსხვავებების გადაჭრას დღესვე. თუმცა ვიმედოვნებ, რომ შევაფასოთ, დიპლომატიის და დიალოგის კარი ღია რჩება თუ არა“, — დასძინა ენტონი ბლინკენმა.

აშშ-რუსეთის დიპლომატიური მოლაპარაკებები ჟენევაში, 21/01/2021. ფოტო: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთი უკრაინაზე თავდასხმის გეგმას უარყოფს, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვართან. გასული წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ორი შეთანხმების პროექტი, რომელთაგან ერთი აშშ-ს მიემართება, ხოლო მეორე — ნატოს. რუსეთი აშშ-სა და ნატოს სთავაზობს შეთანხმებას „უსაფრთხოების გარანტიებზე”, რომელიც ითვალისწინებს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პრევენციას, მათ შორის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უარყოფას, რომლის თანახმადაც უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან.

მოსკოვის მოთხოვნაა, არ განთავსდეს დამატებითი ძალები და შეიარაღება იმ ქვეყნებს მიღმა, სადაც ისინი 1997 წლის მაისისთვის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებამდე იყო; არ განთავსდეს რაკეტები იქ, საიდანაც მეორე მხარის ტერიტორიას საფრთხე შეექმნება; უარი ითქვას უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სამხედრო საქმიანობაზე.

11 იანვარს ჟენევაში აშშ-რუსეთის დიპლომატიური მოლაპარაკებები გაიმართა, 12 იანვარს ბრიუსელში — ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, ხოლო 13 იანვარს ვენაში ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა იმართება. ამ მოლაპარაკებებზე რუსეთმა ნატო-ს გაფართოების შეჩერების პირობა ვერ მიიღო.

შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ მზად არის განიხილოს გარკვეული ზომები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და სამხედრო წვრთნების მასშტაბები, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი. ამასთან, ვაშინგტონმა გამორიცხა აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს სამხედრო ყოფნის შესუსტება და რუსეთისთვის გარანტიის მიცემა, რომ ნატო არ გაფართოვდება.

დიპლომატიური მოლაპარაკებები როგორც აშშ-თან ორმხრივ, ისე ნატო-ს ფორმატში გრძელდება და მოსკოვი დასავლეთისგან წერილობით საპასუხო წინადადებებს ელის.

ამავდროულად, კიევმა დასავლეთის ქვეყნებს სთხოვა, მიაწოდონ იარაღი, რათა თავდაცვა მოახერხონ.

რუსეთის მიერ უკრაინაზე შესაძლო თავდასხმის რისკის ფონზე, გაერთიანებულმა სამეფომ და აშშ-მა უკრაინის თავდაცვითი იარაღით მომარაგება დაიწყეს.

„ძირითად საკითხებზე უარს გვეუბნებიან“ — მოსკოვი დასავლეთის პასუხს შემდეგ კვირას ელის

აშშ არ წარადგენს წერილობით პასუხს რუსეთის წინადადებებზე 21 იანვრის შეხვედრაზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი