საზოგადოება

ბლინკენი: რუსეთს 2 არჩევანი აქვს, დიპლომატიის და აგრესიის, ორივესთვის მზად ვართ

21 იანვარი, 2022 • 1250
ბლინკენი: რუსეთს 2 არჩევანი აქვს, დიპლომატიის და აგრესიის, ორივესთვის მზად ვართ

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის თქმით, რუსეთი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ცივი ომის შემდგომ წესრიგს.

„ეს უფრო მეტია, ვიდრე კონფლიქტი ორ ქვეყანას შორის. ის უფრო დიდია, ვიდრე რუსეთი და ნატო. ეს არის კრიზისი გლობალური შედეგებით და მოითხოვს გლობალურ ყურადღებას და მოქმედებას“, — თქვა ბლინკენმა ბერლინში, გერმანიის მარშალის ფონდში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, რუსეთი აცხადებს, რომ კრიზისი ეხება მის ეროვნულ თავდაცვას, სამხედრო წვრთნებს, შეიარაღების სისტემებს და უსაფრთხოების შეთანხმებებს.

„თუ ეს ასეა, ჩვენ შეგვიძლია მოვაგვაროთ საკითხები მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით. ჩვენ შეგვიძლია გადავდგათ ნაბიჯები გამჭვირვალობის გაზრდის, რისკების შესამცირებლად, იარაღის კონტროლის გასაუმჯობესებლად, ნდობის გასაძლიერებლად.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჩვენმა ევროპელმა მოკავშირეებმა არაერთხელ მიმართეს რუსეთს დიპლომატიური ურთიერთობის შეთავაზებით და ურთიერთთანამშრომლობის სულისკვეთებით. ჯერჯერობით ჩვენი მზაობა კეთილსინდისიერი ჩართულობისთვის უარყოფილია, რადგან სინამდვილეში ეს კრიზისი, პირველ რიგში, იარაღსა და სამხედრო ბაზებს არ ეხება.

საუბარია უკრაინისა და ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და თვითგამორკვევაზე. სინამდვილეში, ეს არის რუსეთის მიერ უარყოფა ცივი ომის შემდგომი ევროპისა, რომელიც ერთიანი და თავისუფალია“, — განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

თავის გამოსვლაში ბლინკენმა გაიხსენა რუსეთის საქართველოში შემოჭრაც 2008 წელს.

„ყველა ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა გახდა სუვერენული სახელმწიფო 1990 და 1991 წლებში. ერთ-ერთი მათგანია საქართველო, სადაც რუსეთი 2008 წელს შეიჭრა. 13 წლის შემდეგ თითქმის 300 000 ქართველი კვლავ დევნილია საკუთარი სახლებიდან. მოლდოვა — რუსეთი იქ ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ტოვებს ჯარს და საბრძოლო მასალას“, — განაცხადა ბლინკენმა.

ბლინკენის თქმით, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება და მის ოკუპაციას მოახდენს, გაძლიერდება მოსკოვის ძალისხმევა, მეზობლები მარიონეტულ სახელმწიფოებად აქციოს, გააკონტროლოს მათი საქმიანობა და თავს დაესხას დემოკრატიული გამოხატვის ნებისმიერ გამოვლინებას.

„როგორც კი სუვერენიტეტისა და თვითგამორკვევის პრინციპები უგულებელყოფილი იქნება, დაბრუნდება მსოფლიო, რომელშიც ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მიერ ერთად ჩამოყალიბებულ წესებს ძირი გამოეთხრება და შემდეგ გაქრება.

და ეს გარკვეულ მთავრობებს აგულიანებს, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეთ, მიიღონ ის, რაც მათ სურთ მაშინაც კი, თუ ეს ნიშნავს სხვა ქვეყნის ინტერნეტის გათიშვას, ცივ ზამთარში გათბობისთვის საჭირო საწვავის შეწყვეტას ან ტანკების გაგზავნას – ყველა ეს ტაქტიკა რუსეთმა ბოლო წლებში სხვა ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენა“, — თქვა მან.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აბსურდული უწოდა რუსეთის ბრალდებას, რომ პრობლემა ნატოშია.

„ნატო არ შეჭრილა საქართველოში. ნატო არ შეჭრილა უკრაინაში. ნატო თავდაცვითი ალიანსია, რუსეთისადმი აგრესიული განრახვის გარეშე. პირიქით, ნატოს მცდელობა რუსეთის ჩართულობის მიმართულებით უარყოფილ იქნა“, — აღნიშნა ბლინკენმა.

ენტონი ბლინკენი დღეს, 21 იანვარს, ჟენევაში შეხვდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. მისი თქმით, რუსეთი უნდა დაუბრუნდეს წლების განმავლობაში დადებულ საერთაშორისო შეთანხმებებს და ითანამშრომლოს საერთო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

„მაგრამ ცხადია, რომ ეს შესაძლებლობა ჩაქრება რუსეთის აგრესიით უკრაინის წინააღმდეგ, რამაც შეიძლება უზრუნველყოს ზუსტად ის, რასაც მოსკოვი უჩივის — გააძლიეროს ნატოს თავდაცვითი ალიანსი. შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ნატოში, ევროკავშირში, ეუთოში, G7-ში, გაეროში, მთელ საერთაშორისო საზოგადოებაში, რათა ცხადყოს, რომ რუსეთის წინაშე ორი არჩევანია: დიპლომატიის გზა, რომელსაც მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ მივყავართ; და აგრესიის გზა, რომელიც გამოიწვევს მხოლოდ კონფლიქტს, მძიმე შედეგებს, საერთაშორისო დაგმობას. შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის გვერდით დგომას და მზად იქნებიან რუსეთთან შესახვედრად ორივე გზაზე“, — დასძინა ენტონი ბლინკენმა.

აშშ არ წარადგენს წერილობით პასუხს რუსეთის წინადადებებზე 21 იანვრის შეხვედრაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი