საზოგადოება

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი აირჩიეს

20 იანვარი, 2022 •
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი აირჩიეს

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი კორნელი სალია აირჩიეს.

როგორც ნეტგაზეთს წალენჯიხის მერიაში განუცხადეს, კენჭისყრაში საკრებულოს 15 წევრი მონაწილეობდა, საიდანაც 14-მა მხარი სალიას დაუჭირა, 1 ხმა კი გაბათილდა.

Timer.ge-ის ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ქართული ოცნების” წევრებს.

კორნელი სალიას თავმჯდომარედ არჩევამდე წალენჯიხის საკრებულოში 4 სხდომა გადაიდო.

წალენჯიხის საკრებულოში არცერთ ცალკე აღებულ პარტიას არ აქვს უმრავლესობა. შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად განსხვავებულ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შეთანხმება იყო საჭირო.

წალენჯიხა ერთადერთი ქალაქია, რომელსაც ოპოზიციონერი მერი ჰყავს. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, გიორგი ხარჩილავამ გაიმარჯვა.

წალენჯის საკრებულოს თავმდჯომარის არჩევას გამოეხმაურა „ქართული ოცნებაც“ და როგორც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, უკვე მეორე მუნიციპალიეტეტში ენმ-სა და გახარიას პარტიას შორის „კოალიცია გაფორმდა“.

„პირველი იყო ჩხოროწყუ, მეორე არის წალენჯიხა. ამით იშიფრება ის, რასაც ვამბობდით ჯერ კიდევ მუნიციპალურ არჩევნებამდე. მათ შორის არის რეალური ალიანსი ჩამოყალიბებული და ეს ფორმდება კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში კოალიციის სახით. ის, რომ „ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია არიან ერთმანეთთან კოალიციაში, უკვე არავისთვის არის დასამალი და ისინი უკვე ღიად საუბრობენ და არამარტო საუბრობენ, იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი