საზოგადოება

რუსეთის აგრესიაზე რეაგირება არ კმარა, საჭიროა პროაქტიული მოქმედება — უკრაინის ელჩი

19 იანვარი, 2022 •
რუსეთის აგრესიაზე რეაგირება არ კმარა, საჭიროა პროაქტიული მოქმედება — უკრაინის ელჩი

საქართველოში უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის აზრით, რუსეთის აგრესიის შესაკავებლად საჭიროა პროაქტიული, პრევენციული ქმედებები დემოკრატიული სამყაროს მხრიდან.

როგორც დოლგოვმა 19 იანვარს თბილისში, რონდელის ფონდის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები, ისევე როგორც ყირიმი, მაგალითია იმისა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები სადაც შედიან, იქ რჩებიან.

„მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირს, აშშ-ს, სტარტეგიულ პარტნიორებს ესმით სიტუაციის სერიოზულობა და ამზადებენ რაღაც ზომების პაკეტს, რომლებიც ძალაში შევა, თუ რუსეთი შეუტევს უკრაინას. და თუკი მიზანი უკრაინა არ არის, ამოქმედდება ეს ზომების პაკეტი თუ გადაიფიქრებენ და სხვა პაკეტზე დაიწყებენ მუშაობას? რუსეთი დასავლეთს სთავაზობს შეთნხმებას და საუბრობს 1997 წლის უსაფრთხოების მდგომარეობაზე დაბრუნებაზე.

რას ნიშნავს ეს, თუ 1997 წლის მდგომარეობას ვუბრუნდებით, ჯარებს გაიყვანენ აფხაზეთიდან? უკრაინიდან? აქაც უნდა დავუბრუნდეთ? მაგრამ ეს არ არის რელევანტური მათთვის. ის რეალობა, რომელშიც ახლა ცხოვრობენ, არის Русский мир (რუსული სამყარო), რომელსაც არ აქვს ზღვარი. აგრესიის კონკრეტული სამიზნე სხვადასხვა დროს შეიძლება იყოს უკრაინა, საქართველო, კიდევ ვინმე…

ამიტომ რეაგირება კი არ უნდა მოჰყვებოდეს [რუსეთის აგრესიას], არამედ უკრაინის სტრატეგიული პარნტიორებისა და დემოკრატიული სამყაროს პროაქტიული პოლიტიკა. რა უნდა გაკეთდეს? როგორ ვიმოქმედოთ დასწრებაზე, როგორ ავირიდოთ ესკალაცია, როცა ვხედავთ სამხედრო ძალების გადააგილებას?“ — განაცხადა დოლგოვმა და დასძინა, რომ რეაგირება არ კმარა (თუნდაც მარტო კიევიდან და თბილისიდან) და საჭიროა განსხვავებული პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მიდგომები რუსეთის შესაკავებლად.

უკრაინაზე თავდასხმის გეგმას უარყოფს, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთმა დაახლოებით 100 000 ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვართან. გასული წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ორი შეთანხმების პროექტი, რომელთაგან ერთი აშშ-ს მიემართება, ხოლო მეორე — ნატოს. რუსეთი აშშ-სა და ნატოს სთავაზობს შეთანხმებას „უსაფრთხოების გარანტიებზე”, რომელიც ითვალისწინებს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პრევენციას, მათ შორის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უარყოფას, რომლის თანახმადაც უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან.

მოსკოვის მოთხოვნაა, არ განთავსდეს დამატებითი ძალები და შეიარაღება იმ ქვეყნებს მიღმა, სადაც ისინი 1997 წლის მაისისთვის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებამდე იყო; არ განთავსდეს რაკეტები იქ, საიდანაც მეორე მხარის ტერიტორიას საფრთხე შეექმნება; უარი ითქვას უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სამხედრო საქმიანობაზე.

11 იანვარს ჟენევაში აშშ-რუსეთის დიპლომატიური მოლაპარაკებები გაიმართა, 12 იანვარს ბრიუსელში — ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, ხოლო 13 იანვარს ვენაში ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა იმართება. ამ მოლაპარაკებებზე რუსეთმა ნატო-ს გაფართოების შეჩერების პირობა ვერ მიიღო.

შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ მზად არის განიხილოს გარკვეული ზომები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და სამხედრო წვრთნების მასშტაბები, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი. ამასთან, ვაშინგტონმა გამორიცხა აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს სამხედრო ყოფნის შესუსტება და რუსეთისთვის გარანტიის მიცემა, რომ ნატო არ გაფართოვდება.

დიპლომატიური მოლაპარაკაბები როგორც აშშ-თან ორმხივ, ისე ნატო-ს ფორმატში გრძელდება და მოსკოვი დასავლეთისგან წერილობით საპასუხო წინადადებებს ელის.

ამავდროულად, კიევმა დასავლეთის ქვეყნებს სთხოვა, მიაწოდონ იარაღი, რათა თავდაცვა მოახერხონ.

რუსეთის მიერ უკრაინაზე შესაძლო თავდასხმის რისკის ფონზე, გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინის მომარაგება დაიწყო თავდაცვითი, ტანკსაწინააღმდეგო იარაღით.

მასალების გადაბეჭდვის წესი