საზოგადოება

რა ხდება „ნაცმოძრაობაში“? — ინტერვიუ ნიკა მელიასთან

11 იანვარი, 2022 • 6543
რა ხდება „ნაცმოძრაობაში“? — ინტერვიუ ნიკა მელიასთან

პარტია „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ პოლიტსაბჭოში სტრუქტურული ცვლილებები დაიწყო. პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეობა, რომელსაც ამ დრომდე პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია ითავსებდა, ენმ-ის ძველმა წევრმა, კობა ნაყოფიამ გადაიბარა. ენმ-ის გენერალური მდივანიც პარტიის ძველი სახე პეტრე ცისკარიშვილი გახდა.

რა იცვლება პოლიტსაბჭოში თანამდებობების ახალი გადანაწილებით და ნიშნავს თუ არა ეს, რომ პარტიაში ნიკა მელიას პოზიციები სუსტდება? ამის შესახებ ნეტგაზეთი ნიკა მელიას ესაუბრა.


ნეტგაზეთი: პოლიტსაბჭოში სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ რომ განგვიმარტოთ, რა განსხვავება იქნება პოლიტსაბჭოსა და პარტიის თავმჯდომარის ფუნქციებს შორის — რა მიმართულებებით იმუშავებს კობა ნაყოფია და რა მიმართულებით იმუშავებთ თქვენ?

ნიკა მელია: სამწუხარო სიმართლე უნდა ითქვას, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, წლების განმავლობაში, პრაქტიკულად, სტრუქტურულად გაუმართავი პარტია იყო. მას შემდეგ, რაც მე პარტიის თავმჯდომარედ შარშან ამირჩიეს, ჩემი პარტიის განვითარების გეგმის მიხედვით დავაანონსე პარტიაში რეორგანიზაცია და ეს პროცესი უკვე დაწყებული მქონდა, როდესაც მალევე ციხეში აღმოვჩნდი და უკვე გათავისუფლების შემდეგ საარჩევნო კამპანია დაიწყო. საარჩევნო კამპანიის შემდეგ სხვადასხვა პროცესი განვითარდა… ახლა მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა ციხეში და ვერ მოხერხდა ჩემ მიერ დაანონსებული გეგმების განხორციელება.

მიუხედავად იმისა, რა მოვლენებიც არ უნდა ხდებოდეს, ახლა პარტიას თავისი კონკრეტული გეგმა და სტრატეგია სჭირდება. პარტიამ უნდა იმუშაოს გეგმისა და სტრატეგიის მიხედვით, რომლის ნაკლებობაც ნამდვილად იყო. თავად განსაჯეთ, მას შემდეგ, რაც მე ამირჩიეს თავმჯდომარედ, პარტიას პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე არ ჰყავდა. ეს იყო მკვდრადშობილი ორგანო, რომელიც რეალურად [პოლიტსაბჭოს სხდომა] არ ტარდებოდა, წელიწადში ორჯერ. შეიძლება ითქვას, პარტიას არ ჰყავდა აღმასრულებელი რგოლი, გენერალური მდივანი.

თქვენ იცით, რომ კობა ნაყოფია სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, იგი არის ასევე ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელი და ხდებოდა ისე, რომ ძირითადად  ქვეყანაში ფიზიკურად ვერ იყო.

ასევე, პარტიის გენერალური მდივნის ყოველდღიური მუშაობა იმაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე წარმოგვიდგენია. მაგალითად, დღეს პარტიას არ ჰყავს საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი. წარმოგიდგენიათ, მთავარი, მეინსტრიმულ პარტიას საერთაშორისო მდივანი, ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია პოლიტიკის განსაზღვრაზე ჩვენს პარტნიორ კოლეგებთან, არ ჰყავს. არ ჰყავს ბევრი მნიშვნელოვანი რგოლის ხელმძღვანელი პირი. შეიძლება ითქვას, რომ პარტიაში ხელმძღვანელი პირები არ არსებობენ, გარდა ერთი ადამიანისა — ნიკა მელიასი.

რატომ ვერ მოხერხდა აქამდე, ამაზე გიპასუხეთ. შარშან იანვრის თვეში დავიწყე, მაგრამ შეწყდა. ამიტომ, ახლა ამ პროცესის გადადებას ნამდვილად არ ვაპირებ. რამეთუ მგონია, რომ პარტიის განვითარება და პარტიის გადახალისება, გადალაგება[სჭირდება]. მნიშვნელოვანი რეფორმების, მათ შორის, მტკივნეული საკადრო რეფორმების გარეშე, პარტიას გაუჭირდება იყოს, ერთი მხრივ, სიცოცხლისუნარიანი და, მეორე მხრივ, კონკურენტუნარიანი.

ამიტომ გუშინდელი დღე მხოლოდ დასაწყისია. შეუძლებელი იყო, პარტიის თავმჯდომარეობის პარალელურად პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ვიყავი და უბრალოდ სხდომას ვატარებდი, ისიც წელიწადში ორჯერ. თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელობა, რომელიც ყველაზე დიდი რაიონული ორგანიზაციაა, დროებით შევითავსე. მიმაჩნია, რომ პარტიის და ზოგადად, დემოკრატიული ოპოზიციის წარმატების გასაღები მნიშვნელოვანწილად დევს თბილისში და მთავარი ოპოზიციური პარტიის თბილისის ორგანიზაციაში. რამდენადაც წარმატებული ვიქნებით მილიონნახევრიან ქალაქში, იმდენად ადვილად აღმოვფხვრით ოლიგარქიულ ელემენტებს.

ამიტომ, გარკვეული პერიოდი მე თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობასაც შევითავსებ. ამის შემდეგ, რაც მალე, მით უკეთესი, ჩვენ ავირჩევთ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეს — ჩემი წარდგინებით პოლიტიკური საბჭო დაამტკიცებს. ეს იქნება ადამიანი, რომელიც საზოგადოების უმრავლესობისთვის იქნება მისაღები. ჩემი გადაწყვეტილებით, ეს ადამიანი გუნდის შედარებით ახალი წევრი იქნება.

გარდა ამ ცვლილებისა, აუცილებლად შეიქმნება ენმ-ის ახალგაზრდული ფრთა, რომელიც ასევე არ ჰყავს.  მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერთან ერთად უხერხულიც კი არის, პარტიას ჰქონდეს ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია და არ ჰყავდეს ახალგაზრდული ფრთა. პარტია ახალგაზრდული წევრების ყრილობას ჩაატარებს და აირჩევს თავმჯდომარეს და შესაბამის პოზიციებზე ახალი თაობის ბევრი წარმომადგენელი შეუდგება მუშაობას.

მე ვფიქრობ, მხოლოდ ეს მცირე ჩამონათვალი თქვენ გარწმუნებთ იმაში, რომ პარტიაში იწყება რეალური გარდამტეხი ცვლილებები. არ  გამოვრიცხავ, რომ ეს ცვლილებები მტკივნეულიც იყოს. ზოგადად, რეფორმა არ არის ყველასთვის მისაღები.

რას გულისხმობთ მტკივნეულ რეფორმაში? ვისთვის იქნება მტკივნეული?

რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი [ენმ-ის პარტიაში] დასაფასებელია, ვინც ამ ბრძოლაში წლების განმავლობაშია. არავინ არავის არ ემშვიდობება, მაგრამ იქნება გადაჯგუფებები, ახალი პასუხისმგებელი პირები სხვადასხვა პოზიციაზე და, მე დარწმუნებული ვარ, ყველა გაგებით შეხვდება ამ ცვლილებებს. ენმ, როგორც მეინსტრიმული პარტია, ვალდებულია, პარტიული მანქანა გამართოს უნაკლოდ.

კონკრეტულად რა პოზიციებს შეეხება „მტკივნეული გადაწყვეტილებები“?

უამრავი პოზიციაა ქვეყნის მასშტაბით პარტიაში. ხომ გვინდა სიმართლე ვთქვათ? რა არის სიმართლე – ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ამომრჩევლებიც კი შეეჩვივნენ და პოლიტიკოსებიც, რომ ისინი მუშაობენ არჩევნებიდან არჩევნებამდე. დასრულდება არჩევნები, პარტიები მიეცემიან საღათას ძილს და არჩევნებამდე 3-4 თვით ადრე გამოფხიზლდებიან.

ჩემი ღრმა რწმენით, ესეც იწვევს უნდობლობას საზოგადოების დიდ ნაწილში. ამიტომ აქაც გარდამტეხი ცვლილებები უნდა შევიტანოთ და პარტიის ყოველდღიური მუშაობა უნდა ჰგავდეს საარჩევნო კამპანიას. არასაარჩევნო პერიოდში პარტია ისევე აქტიური უნდა იყოს, როგორი აქტიურობითაც საარჩევნო პროცესში გამოირჩევა და ამას თქვენ შეუიარაღებელი თვალითაც დაინახავთ.

უმნიშვნელოვანესია საზოგადოებასთან კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესება და ეს პროცესი უკვე დავიწყე — 4 დღით ვიყავი სამეგრელოში და გუშინდელი გადაწყვეტილებების მისაღებად ჩამოვედი. ახლა ვბრუნდები გურიაში და ა.შ. ყველა რეგიონში. პარალელურად თბილისის ორგანიზაციის აწყობის პროცესში ვიქნები, სანამ იქ ახალ თავმჯდომარეს დავნიშნავ.

რატომ გახდა საჭირო თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის შეცვლა? ეს ზაალ უდუმაშვილის სურვილით მოხდა თუ თქვენი გადაწყვეტილება იყო?

ზაალ უდუმაშვილმა, ვფიქრობ, ყველაზე რთულ პერიოდში გააძლიერა გუნდი და მეტიც, გადაარჩინა. პირდაპირ გეუბნებით. რომ არა ზაალ უდუმაშვილი, ალბათ, 2017 წლის საარჩევნო კამპანიას ენმ ვერც ჩაატარებდა. ზაალ უდუმაშვილი მნიშვნელოვან როლს ასრულებს პარტიაში და იგი ფუნქციურად სხვა მიმართულებით იქნება დატვირთული. მაგრამ დროდადრო პარტიას სჭირდება გადაჯგუფებები. ეს იყო ორმხრივი [გადაწყვეტილება]. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით და ზალიკოს როლი და ფუნქცია იქნება მნიშვნელოვანი. ზაალ უდუმაშვილის როლის დაკნინებას ვერავინ ვერასოდეს ვერ შეძლებს, ამას, პირველ რიგში, მე არ დავუშვებ.

რომ დავუბრუნდეთ პირველ კითხვას, გვითხარით, პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ რას გააკეთებს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და რას პარტიის თავმჯდომარე? რა განსხვავება იქნება თქვენს ფუნქციებს შორის?

დრამატული განსხვავებაა. პარტიის თავმჯდომარეა პარტიის თავმჯდომარე. პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით ინიშნება პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური მდივანი. გუნდი მართავს პარტიას. წარმოიდგინეთ, დღემდე ერთადერთი პასუხისმგებელი პირი ვიყავი პარტიაში ყველა მიმართულებით. იმის ნაცვლად, რომ ოფიციალურ რგოლებზე გვყოლოდა სხვადასხვა ადამიანი, არ გვყავდა. ჩამონგრეული ვიყავით. სათავო ოფისში თავმჯდომარის გარდა არცერთი პასუხისმგებელი პირი პარტიას არ ჰყავდა. ვაღიაროთ, რომ ეს არაა ნორმალური ვითარება.

როგორ რაღაცას მეკითხებით, იცით, რა განსხვავებაა დედასა და მამას შორის?! სხვადასხვა ფუნქციური დატვირთვაა. პარტიის თავმჯდომარე პასუხისმგებელია პარტიის განვითარებაზე, პარტიაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე… როგორ გითხრათ, პასუხისმგებელი ვარ ამ ეტაპზე იმაზე, რომ პარტიას ჰქონდეს გამართული სტრუქტურა, რომელიც არ აქვს.

თქვენ საუბრობთ, რომ პარტიას განახლება და ახალი სახეები სჭირდება. ამასთან, თქვით, რომ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს პარტიის თავმჯდომარე, ანუ თქვენ ასახელებთ. რატომ გადაწყვიტეთ კობა ნაყოფიას დასახელება, რომელიც პარტიის ძველი წევრია, და არა სხვისი, თუნდაც შედარებით ახალი სახის?

პირდაპირ გეუბნებით, ხატია დეკანოიძე რომ პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე არ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე იქნებოდა ხატია დეკანოიძე. ჩემი გადაწყვეტილებით უნდა ყოფილიყო ან ხატია დეკანოიძე, ან კობა ნაყოფია. პარტიის პოლიტიკური ხელმძღვანელის შემთხვევაში გამოცდილება მნიშვნელოვანია. პარტიას განახლება სჭირდება, ეს არის გარდაუვალი, მაგრამ, მაპატიეთ, 2014 წელს მე რომ პარტიაში შემოვედი, არცერთ ხელმძღვანელ თანამდებობას ვიკავებდი და არც უნდა დამეკავებინა. გამოცდილება არის უმნიშვნელოვანესი.

პეტრე ცისკარიშვილი ჩემი მეგობარია, გამოცდილი ადამიანი, რომლის მხრებზეც უნდა გადავიდეს ამ პარტიის განვითარება და ინფრასტრუქტურის აწყობა, პარტიული ლოჯისტიკის, რომელიც ახლა თავიდან ბოლომდეა ჩამონგრეული. გენერალური მდივნის როლი არის შეუფასებელი და დღემდე მიკვირს, ეს პარტია როგორ მოვიდა აქამდე, ამ მნიშვნელოვანი რგოლების გარეშე. არ ვიცი, რატომ დარჩა საზოგადოების ნაწილს სხვაგვარი შთაბეჭდილება, მაგრამ პარტია ახლა მშენებლობის პროცესს იწყებს.

ანუ კობა ნაყოფიასა და ხატია დეკანოიძეს შორის თქვენ არჩევანი კობა ნაყოფიაზე შეაჩერეთ…

რა შუაშია კობა ნაყოფია…  გენერალური მდივნის ფუნქციური და პოლიტიკური დატვირთვა მეტად მნიშვნელოვანია.  წლების განმავლობაში ვმეგობრობ ადამიანთან, ვენდობი და ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია. პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე უნდა იყოს გამოცდილი ადამიანი, რომლის მიმართაც არის მიმღებლობა პარტიაში, სადაც ათასი ადამიანია. როგორ წარმოგიდგენიათ, გუნდის ახალი წევრი, რომელიც ჯერ პარტიაშიც კი არ არის კარგად[ნაცნობი], პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გახდეს?!

ხატია დეკანოიძე ორ ფუნქციას, ფრაქციისა და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეობას, ვერ შეითავსებდა?

ეს ქმედითი იქნებოდა? – როგორ შეიძლება ქმედითი იყოს. რა თქმა უნდა,  ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეითავსებდა და არ იქნებოდა ქმედითი. მაშინ გამოვიდოდა პარტიული სტრუქტურის აწყობა, როცა ადამიანს ორი მნიშვნელოვანი თანამდებობა ერთდროულად უკავია?! რა თქმა უნდა, ვერ გაართმევდა თავს და ვერც ვერავინ გაართმევს. რად უნდა ამას საუბარი?!

გამოდის, რომ თქვენ პარტიის განახლებაზე საუბრობთ, თუმცა პოლიტიკურ საბჭოში სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ თანამდებობები ისევ ძველ წევრებს შორის ნაწილდება?

2014 წელს ჩემი დანიშვნა რომელიმე პოლიტიკურ თანამდებობაზე ხომ არ შეიძლებოდა?! არ შეიძლება, ერთი და ორი თვის მოსული ადამიანი დაინიშნოს პარტიის პოლიტიკურ თანამდებობაზე და თუ მტერი არ ხარ ადამიანის, ეს არ უნდა გაუკეთო. რაც შეეხება იმ ახალ ადამიანებს, რომლებიც გუნდში მოვიდნენ, რამდენიმე ადამიანი თბილისის საკრებულოს წევრია, ნაწილი პარტიის მმართველობაშია ახლა, სხვადასხვა მიმართულებას ჩაიბარებენ და ცოტა ხანში თქვენც გაიგებთ ამასთან დაკავშირებით.

ეს პროცესი გაგრძელდება და, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ნუ ეძებთ ინტრიგას. მე არ გამოვირჩევი იმით, რომ რაღაც ინფორმაციას ვმალავ. გეუბნებით, პარტიის გენერალური მდივანი და პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე აუცილებელია იყოს გამოცდილი ადამიანი. პარტიას აქვს ფართო არჩევანი, მარგამ ამ ეტაპზე მე არჩევანი შევაჩერე კობა ნაყოფიაზე.

კიდევ ერთხელ გეუბნებით, კობა ნაყოფია პირველი იქნებოდა, ვინც ჩემთან ერთად არჩევანს შეაჩერებდა ხატია დეკანოიძეზე. ხატია დეკანოიძე არის ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი და ლიდერი. რატომ ეძებთ ინტრიგას?! ვისაც კითხვები აქვს, იმ ადამიანს ერჩივნა, რომ არც აღმასრულებელი მდივანი მყოლოდა…

კობასთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, რომ განმეხორციელებინა გადაადგილებები, რაც მეტ მოქნილობას შესძენს მას, რადგან იგი სხვადასხვა ფრონტზე მუშაობს.

შეიძლება არ გჯერათ, რეგიონული ორგანიზაციებიც არ იყო დაკომპლექტებული. იმ ადამიანს, რომელსაც სურდა ასეთ ქაოსში ყოფილიყო ენმ, ასეთ ფუფუნებას ვეღარ მივცემდი. ყველა მიმართულებით იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები მიღებული.

ენმ-ის მხარდამჭერთა ნაწილი საკმაოდ კრიტიკულად არის განწყობილი თქვენ მიმართ, როგორც პარტიის თავმჯდომარის მიმართ. კრიტიკამ იმატა იმ ფონზეც, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე ციხეში რჩება, კრიტიკულად განწყობილი მხარდამჭერები თქვენს სამოქმედო სტრატეგიას იწუნებენ. ვნახეთ თქვენი განცხადებებიც, სადაც სტრატეგიას განმარტავდით. რადგან სწორედ ამ დროს დაემთხვა თქვენთვის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ფუნქციის ჩამოშორება, ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ნიკა მელიას პარტიიდან წასვლის პროცესის დასაწყისია?

პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე რომ ვიყავი, ეს ორგანო პარტიაში იყო მკვდრადშობილი. არ ფუნქციონირებდა. როგორც თქვენ არ ყოფილხართ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ისე არ ვყოფილვარ მე. არ არსებობდა და რაზე ვსაუბრობთ? პოლიტიკური საბჭოს ნაცვლად, ახლა რეალურად მძიმე ტვირთი ვიტვირთე – თბილისის რაიონული ორგანიზაცია, რომელიც მინდა სწრაფად ავაწყო და დავნიშნო იქ საზოგადოების ფართო ნაწილისთვის მაინც მისაღები ახალგაზრდა თავმჯდომარე.

ეძებთ ინტრიგას იქ, სადაც არ არის. არ არსებობდა პოლიტსაბჭო, მკვდრადშობილი იყო. დაახლოებით 10 წამყვან პოზიციაზე აკლია პარტიას ადამიანი და ეს ყველაფერი უნდა შეივსოს, ჩატარდეს ყრილობები და განახლების პროცესი გაგრძელდეს.

სანამ პოლიტსაბჭოს სტრუქტურული ცვლილებებს დაიწყებდით, თუ გქონდათ კონსულტაცია მიხეილ სააკაშვილთან. მართალია, თქვენ მას პირადად ვერ ხვდებით, მაგრამ თუ იყო მასთან ეს საკითხები გავლილი?

რატომ უნდა მქონოდა ამ საკითხებზე კონსულტაცია?

ის პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომელიც საქართველოში დაბრუნდა, მას პარტიის წევრები ხშირად ხვდებიან და შესაძლოა, მათ ჰქონოდათ ამაზე საუბარი…

ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა.

ანუ სააკაშვილი არ ყოფილა არანაირი ფორმით ჩართული ამ პროცესებში?

რატომ უნდა ყოფილიყო ამ პროცესებში ჩართული?! ხომ გიპასუხეთ, რა თქმა უნდა, არა.

მასალების გადაბეჭდვის წესი