საზოგადოება

სანატორუმი “ქართლი” — ავარიული კორპუსი და დევნილთა უცვლელი მოთხოვნები

11 იანვარი, 2022 • 1034
სანატორუმი “ქართლი” — ავარიული კორპუსი და დევნილთა უცვლელი მოთხოვნები

სანატორიუმ “ქართლის” ავარიულ შენობაში მცხოვრები დევნილები სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ პირობებს კვლავ არ თანხმდებიან. ისინი ახალი ბინებით დაუყოვნებლივ უზრუნველყოფას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ.

რა ხდება

ავარიული კორპუსი თბილისის ზღვის მიმდებარედ — ე.წ. “სანატორიუმი ქართლი” — სახარბიელო მდგომარეობაში არც აქამდე ყოფილა. ერთ-ერთი ადგილობრივი “ნეტგაზეთს” დეკემბერში უყვებოდა, რომ შენობის კედლები დაბზარულია, საძირკველში კი წყალი დგას.

ამ ფონზე, “ქართლში” მცხოვრები დევნილები აქამდეც მოითხოვდნენ ახალი ბინებით დროულად უზრუნველყოფას, თუმცა პრობლემა ბოლო 2 კვირაში მეტად გამწვავდა: ადგილობრივთა თქმით, დეკემბრის ბოლოს კორპუსს ბზარები დაემატა, 10 იანვარს კი მის ერთ-ერთ სადარბაზოში ჭერი ჩამოინგრა.

სახელმწიფო საუბრობს დევნილებისათვის გადასაცემი ბინების შესაძენად გამოცხადებულ ტენდერზე და ავარიული შენობიდან გასაყვანად ადგილობრივებს ორ ალტერნატივას სთავაზობს, თუმცა მათთვის აღნიშნული შეთავაზებები რიგ მიზეზთა გამო მიუღებელია.

რისთვისაა მზად სახელმწიფო

ორშაბათის მსგავსად, ადგილობრივთა ნაწილი 11 იანვარსაც ავარიული კორპუსის მიმდებარედ იყო შეკრებილი. მანამდე ისინი აცხადებდნენ, რომ მზად იყვნენ, კარვებში გაეთენებინათ ღამე, თუ სახელმწიფო დროულად არ უზრუნველყოფდა ბინებით.

“ქართლის” მცხოვრებლებს შორის დღეს კიდევ ერთი მოთხოვნა გაისმა: დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ადგილზე თავად მივიდეს და ნახოს, რა პირობებში ცხოვრობს ათეულობით ოჯახი.

“იმიტომ სჯობს მინისტრის აქ მოსვლა, რომ ათასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობია. თვითონ ნახოს, როგორი ბინებია და როგორ ცხოვრობს ხალხი. 23 წელია, შენობა ავარიულია და ხვალ ჩამოინგრევა თუ ზეგ, არავინ იცის”, — უთხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა “ფორმულას”.

ვითარება ავარიულ კორპუსში 10 იანვარს. ფოტო: კადრი “ფორმულას” ეთერიდან

სანატორიუმ “ქართლის” შენობასთან მისულმა დავით გურამიშვილმა, რომელიც წარმოადგენს დევნილთა სამინისტროს დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტოს, ისაუბრა სახელმწიფოს ხედვაზე, თუ რა გზით არის შესაძლებელი ხსენებული პრობლემის გადაჭრა.

“საუბარი ყოველთვის მიმდინარეობს მათი განსახლების პირობებზე, რომ უსაფრთხოდ იყვნენ პირველ რიგში, რაც მთავარია… მინისტრის მოადგილე მზად არის, პირად კონტროლზე ჰყავდეს საკითხი აყვანილი.

შენობის მდგომარეობა ჩვენთვის, ყველასთვის ცნობილია. სწორედ ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება გრძელვადიანი განსახლების მიზნით. ამისთვის მიმდინარეობს სპეციალური კონკურსი, რის ფარგლებშიც მენაშენეებმა უნდა წარმოადგინონ ბინები, რომლებიც უნდა შევისყიდოთ და გადავცეთ დევნილ მოსახლეობას.

მაქსიმალურად მოკლე დროში გადასაჭრელად ჩვენ ამ ეტაპისთვის რაც შეგვიძლია, არის ქირით უზრუნველყოფა ოჯახებისა, სანამ გრძელვადიანი განსახლებით არ დაკმაყოფილდებიან”, — დასძინა მან.

ვითარება ავარიულ კორპუსში დეკემბრის ბოლოს. წყარო: Facebook/Tamar Sauti 

დევნილთა სააგენტოს მიერ 1 დღით ადრე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კორპუსის ავარიულობიდან გამომდინარე უწყებამ შენობაში მცხოვრებ ყველა ოჯახზე ადმინისტრაციული დაპირება გასცა და მათ განსახლების ორი გზა შესთავაზა:

  • დევნილებმა თბილისში ბინები თავად მოიძიონ, მათ შესყიდვას კი სააგენტო უზრუნველყოფს. კვადრატული მეტრის ფასი შეადგენს 550 დოლარის ეკვივალენტს ლარში, ხოლო ბინის ფართობი ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება.
  • დევნილები დაელოდონ სააგენტოს მიერ შესყიდული ბინების მშენებლობის დასრულებას. ამ შემთხვევაში სააგენტო, გამგეობასთან ერთად, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს.

დევნილების უნდობლობა

დევნილთა ამჟამინდელი მოთხოვნა ცალსახაა: ბინებით დაუყოვნებლივ დაკმაყოფილება.

თამარ საუთიევა, რომელმაც ბავშვობის წლებიც სანატორიუმ “ქართლში” გაატარა და ახსოვს, როგორ უარესდებოდა სიტუაცია წლიდან წლამდე, “ნეტგაზეთს” უხსნის, რატომ უარობს როგორც თავად, ისე სხვა მოსახლეები სახელმწიფოს შეთავაზებაზე.

“გუშინ ფიზიკურად ვერ მოხერხდა კარვების მოძიება, თუმცა იგეგმება, რომ გაგრძელდეს ეს საპროტესტო ტალღა და არ წავიდეთ დათმობებზე, სანამ რეალურად არ მივიღებთ დაპირების [სასურველ] ვერსიას და არ დავინახავთ, რომ ეს დაპირება სრულდება”, — დასძენს ის.

საუთიევა არ ფიქრობს, რომ სახელმწიფო დევნილებისთვის ბინების მოძიებას სწრაფად შეძლებს. მისი თქმით, ნაძალადევის გამგებელი ადგილობრივებს შეჰპირდა, რომ ქირის თანხას სახელმწიფო მანამ გადაიხდის, სანამ დევნილებისთვის ახალ საცხოვრებელ ფართებს არ მოძებნიან.

თუმცა აღნიშნულ დაპირებას კორპუსის მცხოვრებელნი სკეპტიკურად უყურებენ.

ვითარება კორპუსში. ფოტო: ზვიად არზიანი 

“…ალბათ გაგვიყვანენ, ერთი-ორი თვე გადაიხდიან და მერე კარგად იყავი…”, – თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა 10 იანვარს.

რაც შეეხება სცენარს, რომლის თანახმადაც დევნილებმა ბინები თავად უნდა აირჩიონ, სახელმწიფო კი 1 კვ.მ.-ში 550 დოლარს გადაიხდის: თამარ საუთიევას აღნიშნული ფასი გონივრულად არ მიაჩნია:

“აქ მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ თუ შენობა არ არის ექსპლუატაციაში შესული, ასეთ ბინებს ვერ შევეხებით. შესაბამისად, მათი [სახელმწიფოს] მხრიდან შემოთავაზებული თანხა არ არის საკმარისი და მინიმუმ 1.5-ჯერ მეტი თანხაა გადასახდელი იმისთვის, რომ რეალურად, ბინა შევიძინოთ”.

მისივე სიტყვებით, სახელმწიფო საკმარისად არ თანამშრომლობს მენაშენეებთან იმისათვის, რომ ზემოხსენებული კონკურსი დასრულდეს და დევნილებმა ახალი საცხოვრებელი ფართები დროულად მიიღონ.

ვინ რაზეა პასუხისმგებელი

“ნეტგაზეთი” დევნილთა სააგენტოს დაუკავშირდა, რათა საცხოვრებელი ფართების მოძიებისა თუ ბინის ქირის დაფარვის პროცესზე ზოგიერთი დეტალი დაეზუსტებინა. უწყებაში გვითხრეს, რომ გვეხელმძღვანელა მათი თანამშრომლების მიერ ტელეეთერებში უკვე გახმიანებული კომენტარებით.

დევნილების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა სწორედ ჯანდაცვის სამინისტროსა და მასში შემავალი დევნილთა სააგენტოს პასუხისმგებლობაა.

ნაძალადევის გამგეობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვება პროცესში, თუ დევნილები შენობიდან ქირით გასვლას დათანხმდებიან. ამ შემთხვევაში, ქირის საფასურის გადახდაზე პასუხისმგებელი იქნება როგორც სამინისტრო, ისე გამგეობა.

ნაძალადევის გამგეობის პრესსამსახურის თქმით, როგორც წესი, უწყება დევნილებისათვის ქირის საფასურს არ აფინანსებს და ეს მთლიანად სამინისტროს კომპეტენციაა, თუმცა, სანატორიუმ “ქართლის” ავარიულობიდან და ფორსმაჟორული ვითარებიდან გამომდინარე, გამონაკლისი დაიშვა.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 

თუ ქირით გასვლას დათანხმდებიან, რა თანხას გაიღებენ უწყებები დევნილებისათვის? გამგეობაში ამბობენ, რომ კონკრეტული ოჯახის სულადობის მიხედვით გადაწყდება, რომელი უწყება გაიღებს ბინის ქირის საფასურს და რა ოდენობით.

გამგეობაში აღნიშნავენ, რომ მათთვის ქირის საფასურის დაფარვის მოთხოვნით კორპუსის არცერთ მცხოვრებს არ მიუმართავს. უწყების თქმით, ჯერ შესაბამისი წერილობითი მიმართვა უნდა არსებობდეს, რათა დაფინანსების დეტალები გადაწყდეს.

გამგეობის თანახმად, თუ შეთავაზებას დათანხმდებიან, დევნილები შეძლებენ ბინის იმგვარი დაფინანსებით ქირაობას, რომ თავიანთი ძალებით თანხის დამატება აღარ დასჭირდებათ.

როგორც უწყებაში გვითხრეს, დაფინანსების ახალი წესის მიხედვით, ზედა ზღვარი ქირის საფასურისა, რომელსაც ბენეფიციარებს გამგეობა უფარავს, 300 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა. თუ ოჯახი მრავალსულიანია და მეტ დაფინანსებას საჭიროებს, საკითხს გამგეობა მთავრობას უგზავნის სხდომაზე განსახილველად.

მასალების გადაბეჭდვის წესი