საზოგადოება

არეულობა ყაზახეთში და “ათობით” მოკლული – რა ვიცით ამ დრომდე

6 იანვარი, 2022 • 2704
არეულობა ყაზახეთში და “ათობით” მოკლული – რა ვიცით ამ დრომდე

გასულ ღამეს პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებას ყაზახეთის უმსხვილეს ქალაქ ალმათიში მსხვერპლი მოჰყვა. 

როიტერის ცნობით, პოლიციამ მედიას განუცხადა, რომ “ათობით” მეამბოხის “ლიკვიდაცია” მოხდა, რადგან ისინი ცდილოდბდნენ თავს დასხმოდნენ პოლიციის შენობებს. 

ზუსტად უცნობია დაღუპულთა ოდენობა. ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაიღუპა პოლიციის 8 თანამშრომელი. 

რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორი და ათობით ჯარისკაცი ხუთშაბათს ღამე შევიდნენ ალმათის მთავარ მოედანზე, სადაც ასობით ადამიანი დემონსტრაციას მართავდა. ქალაქის ქუჩებში ისმოდა სროლის ხმა. 

დღეს ქვეყანაში მუშაობა შეწყვიტეს ბანკებმა. გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და კომენდატის საათი.  

ყაზახეთში გუშინ გაითიშა  ინტერნეტი და მოქალაქეებს ერთმანეთთან დაკავშირება სატელეფონო კავშირითაც უჭირთ. ქვეყნიდან მწირი ინფორმაცია ვრცელდება. 


  • ყაზახეთში მიმდინარე არეულობების ფონზე საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდა ცხელი ხაზი. საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ამ ნომერზე +7 (717) 224-32-58  .
  • 2 იანვარს ყაზახეთში საწვავის ფასის ორჯერ გაზრდის გამო მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. სამდღიანი აქციების შემდეგ პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა გადააყენა მთავრობა, დააწესა ფასების სახელმწიფო რეგულაცია და გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა სამ რეგიონში, მაგრამ პროტესტი გაგრძელდა. 5 იანვარს დილით, დემონსტრანტებმა პოლიციაზე იერიში მიიტანეს და ადმინისტრაციის შენობების დაკავება დაიწყეს დიდ ქალაქებში.
  • ყაზახეთის უმსხვილეს ქალაქში – ალმათიში მომიტინგეებმა ქალაქის ადმინისტრაციის შენობა და პრეზიდენტის რეზიდენცია დაიკავეს. ორივე შენობას წაუკიდეს ცეცხლი. პოლიცია მათ შეჩერებას ცრემლსადენი ყუმბარებით ცდილობდა, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო და აქციის მონაწილეებმა შენობა შტურმით აიღეს.

მთავარი ფოტო: EPA-EFE/STR

მასალების გადაბეჭდვის წესი