საზოგადოება

ყაზახეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდა ცხელი ხაზი

5 იანვარი, 2022 • 1044
ყაზახეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდა ცხელი ხაზი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყაზახეთში მიმდინარე არეულობების ფონზე საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდა ცხელი ხაზი.

„როგორც ცნობილია, მანგისტაუს ოლქში და ალმატიში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, კომენდანტის საათი. რაც შეეხება ფრენებს, საქართველო-ყაზახეთის რეისები ჩვეულებრივად დაფრინავს. ხოლო ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ამ ნომერზე +7 (717) 224-32-58  “,- უთხრეს ნეტგაზეთს უწყებაში.

რა ხდება ყაზახეთში?

2 იანვარს ყაზახეთში საწვავის ფასის ორჯერ გაზრდის გამო მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. სამდღიანი აქციების შემდეგ პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა გადააყენა მთავრობა, დააწესა ფასების სახელმწიფო რეგულაცია და გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა სამ რეგიონში, მაგრამ პროტესტი გაგრძელდა. 5 იანვარს დილით, დემონსტრანტებმა პოლიციაზე იერიში მიიტანეს და ადმინისტრაციის შენობების დაკავება დაიწყეს დიდ ქალაქებში.

ყაზახეთის უმსხვილეს ქალაქში – ალმათიში მომიტინგეებმა ქალაქის ადმინისტრაციის შენობა და პრეზიდენტის რეზიდენცია დაიკავეს. ორივე შენობას წაუკიდეს ცეცხლი. პოლიცია მათ შეჩერებას ცრემლსადენი ყუმბარებით ცდილობდა, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო და აქციის მონაწილეებმა შენობა შტურმით აიღეს.

ყაზახეთი: ალმათიში პროკურატურა და სხვა ადმინისტრაციული შენობები იწვის

ამ დროისთვის, შეზღუდულია წვდომა ინტერნეტზე – მათ შორის, სოციალურ ქსელებსა და „მესენჯერებზე“. ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, დაწესდა კომენდანტის საათი. შეიზღუდა მოქალაქეებისა და ტრანსპორტის გადაადგილება.

ამასთანავე, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დემონსტრანტებმა აიღეს აეროპორტი ალმათიში. გავრცელებული ცნობებით, აეროპორტის თანამშრომლებმა უკვე დატოვეს ტერიტორია. ფრენები შეიზღუდა.

მთავარი ფოტო: Андрей Пивоваров

მასალების გადაბეჭდვის წესი