საზოგადოება

ტიკარაძე წლის ბოლომდე სამინისტროში რჩება

10 დეკემბერი, 2021 • 1806
ტიკარაძე წლის ბოლომდე სამინისტროში რჩება

ეკატერინე ტიკარაძე, რომელმაც 9 დეკემბერს გამოაცხადა გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ, წლის ბოლომდე სამინისტროში, მინისტრის თანამდებობაზე რჩება.

ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ თავად ეკატერინე ტიკარაძემ დაუდასტურა.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროში დაგვიდასტურეს, რომ მას ამ დროისთვის გადადგომის შესახებ განცხადება არ დაუწერია და მოვალეობის შესრულებას აგრძელებს.

„ნეტგაზეთის“ კითხვაზე, სწორად გვესმის თუ არა, – წლის ბოლოს დაწერს გადადგომაზე განცხადებას, – მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გვიპასუხა: „დიახ“.

იგი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და წლის ბოლომდე დაგეგმილი აქტივობების შესრულებას გააგრძელებს.

შესაბამისად, პოსტებზე რჩებიან მისი მოადგილეებიც.


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება 9 დეკემბრის საღამოს გამოაცხადა.

„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან ასევე განაცხადა, რომ საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში განაგრძობს.

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრად 2019 წლის ივნისში დაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი