საზოგადოება

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია იმართება

8 დეკემბერი, 2021 • 910
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია იმართება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის მოთხოვნით აქცია იმართება.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, პრეზიდენტს ვადას 15:00 საათამდე აძლევენ. იმ შემთხვევაში კი, თუ ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებთან შეხვედრაზე უარს იტყვის, ჟორჟოლიანის თქმით, ოპოზიცია პროტესტის სხვა ფორმას გამოიყენებს, რომლის შესახებაც დეტალური სამოქმედო გეგმა უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება:

„სინამდვილეში, რეალური ბერკეტის მქონე ინსტიტუცია მდებარეობს აქ. სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ყველაზე რეალურად ქმედითი ნაბიჯი გადადგას. დღეს მასთან მოითხოვენ შეხვედრას ადამიანები და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ [მათ შორის არიან] მიშას პოლიტიკური ოპონენტები, მაგრამ ითხოვენ მის თავისუფლებას.

“ქართული ოცნების” წარმომადგენლებს ხშირად ჰგონიათ, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მხოლოდ მისი მხარდამჭერების მოთხოვნაა. ჩვენ მივცემთ დროს სამ საათამდე შეხვედრისთვის, თუ არადა, სამომავლო სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ. ზეგ გახდება საჯარო სამოქმედო გეგმა“ ,- ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

აქციის მონაწილეები პრეზიდენტისგან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ითხოვენ. ამ საკითხზე სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი პოზიცია რამდენჯერმე დააფიქსირა. პრეზიდენტმა ამ დრომდე უკვე ორჯერ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს მას შემდეგ, რაც უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა. დაკავების დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. სააკაშვილის მხარდამჭერები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, რაზეც ხელისუფლება უარს ამბობდა. შიმშილობის 49-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი