საზოგადოება

მსვლელობა დამოუკიდებელი და ხარისხიანი ცხოვრებისთვის – [ფოტორეპორტაჟი]

3 დეკემბერი, 2021 • 1191
მსვლელობა დამოუკიდებელი და ხარისხიანი ცხოვრებისთვის – [ფოტორეპორტაჟი]

შშმ პირებმა, აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა დღეს თბილისში მსვლელობა გამართეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.

აქციის მთავარი მოწოდება საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის იმის შეხსენება იყო, რომ შშმ მოქალაქეებს ხშირად არ აქვთ ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობა და გარემო მათ საჭიროებებზე შესაბამისად მორგებული არ არის.

მთავარი მიმართვები, რომლებიც აქციის ორგანიზატორებმა გამოჰყვეს და პლაკატებზე გაიტანეს, იყო  ხარისხიანი სერვისების მიწოდების მოთხოვნა, დამოუკიდებელი ცხოვრების აუცილებლობა, პერსონალური ასისტენტის საჭიროება, ზრდასრულთა რეაბილიტაცია და სოციალური პაკეტის გაზრდა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

შშმ პირთა და აქტივისტთა აქცია თბილისში. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

„გვეზღუდება დამოუკიდებელი ცხოვრება“ – რას ჰყვებიან მსვლელობის მონაწილეები

მსვლელობა დღეს, 12:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო და თავისუფლების მოედანზე, პარლამენტთან დასრულდა. მსვლელობის პარალელურად დღეს პირველად მიმდინარეობდა შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის კომიტეტის სხდომა. აღნიშნული კომიტეტი მთავრობამ წელს შექმნა.

სხდომას დისტანციურად, მსვლელობის მიმდინარეობისას, უნდა ჩართვოდნენ აქციის მონაწილეები, თუმცა, ტექნიკური ხარვეზის გამო, ეს ვერ მოხერხდა და კომიტეტმა მსვლელობის ხმა და მოთხოვნები ვერ გაიგო.

შშმ პირთა და აქტივისტთა აქცია თბილისში. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ნატა ბუკია ერთ-ერთია იმ აქტივისტებს შორის, ვინც დღეს მსვლელობაზე მივიდა. კითხვაზე, რა არის მსვლელობის მიზანი, ის უპირველესად საზოგადოების ინფორმირებას ასახელებს.

„ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შშმ პირთა შესახებ, იმ მნიშვნელოვან მესიჯებზე, რაც არის, მაგალითად, დამოუკიდებელი ცხოვრება, ღირსეული სერვისები და მგონია, რომ საზოგადოების ჩართულობის გარეშე მსგავსი ცვლილებების მიღწევა შეუძლებელია“, – გვპასუხობს ბუკია.

ის დასძენს, რომ ქვეყანამ უნდა შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც შშმ პირთა კონვენციით დაეკისრა და უზრუნველყოს ღირსეული და სრულფასოვანი სერვისები.

ნატა ბუკია. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

სერვისებისა და გაეროს ხელმისაწვდომობის პრობლემაზე ნეტგაზეთთან ისაუბრა აქტივისტმა გიორგი ხიზანიშვილმაც. ის გვიყვება, რომ ყოველდღიური ცხოვრების ასპექტები – იქნება ეს გადაადგილება ან ამა თუ იმ სერვისის ფიზიკური ხელმისაწვდომობა – ხშირად სერიოზული გამოწვევაა.

„რაც შეეხება სერვისებს – ეს იქნება ბანკი, სოციალური სამსახური თუ სხვა – ყველგან თითქმის მეც და სხვადასხვა ტიპის შეზღუდვის მქონე პირებს გვექმნება პრობლემები, ბარიერები, დაბრკოლებები და ჩვენ ყოველდღიური ბრძოლა გვიწევს იმისთვის, რომ თავი ვიგრძნოთ ჩვეულებრივ ადამიანებად და დავიმკვიდროთ თავი ცხოვრებაში.

სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შშმ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. ეს არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება, ამის ხელყოფა არ უნდა ხდებოდეს. აქედან უნდა იწყებოდეს ჩვენი უფლებების დაცვა და შემდეგ, სხვა დანარჩენებზე უნდა მიმდინარეობდეს საუბარი“, – აცხადებს გიორგი ხიზანიშვილი.

კითხვაზე, მისი აზრით, რატომ არ გაუმჯობესდა ზემოხსენებული გამოწვევები, ის სახელმწიფოს უყურადღებობას ასახელებს.

„ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რომ სახელმწიფო ყურადღებას არ აქცევს ამ ყველა პრობლემას. არ არის პრიორიტეტი შშმ პირები და ეს თემი სახელმწიფოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მთავრობისთვის არ არის მნიშვნელოვანი. მათთვის უფრო მნიშვნელოვანია პოლიტიკა, მათი ცხოვრების კეთილმოწყობა და ჩვენ ყველა მთავრობის დროს ვრჩებით ყურადღების გარეშე. დღის წესრიგში არ დადგა ის საკითხი, რომ შშმ პირებს უფრო მეტი ყურადღება დაეთმოთ და მათ პრობლემებსა და ბარიერებზე მეტი ყურადღება გამახვილდეს“.

გიორგი ხიზანიშვილი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

დღევანდელი მსვლელობის ერთ-ერთი ყველაზე პატარა მონაწილე იყო 12 წლის ალექსანდრე. „იმიტომ მოვედი, რომ დავანახოთ ხალხს – ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, შეგვიძლია დამოუკიდებლად გადაადგილება და გვინდა გავაგონოთ ხმა, რომ აღარ არსებობდეს შშმ პირთა მიმართ ცუდი დამოკიდებულება“, – ამბობს ალექსანდრე.

ალექსანდრე ამჟამად სკოლის მოსწავლეა, ამბობს, რომ მართალია, ქვეყანაში სასკოლო ინფრასტრუქტურა ბოლომდე არ არის მორგებული შშმ პირების საჭიროებებზე – „მაგრამ ცდილობენ, რომ ყველანაირად ხელი შემიწყონ და დამეხმარონ“.

ინტერვიუს ბოლოს კი ალექსანდრემ გვითხრა, რომ თავად არ განიცდის თანატოლების მხრიდან ბულინგსა და ჩაგვრას, თუმცა სხვების დასაცავად აუცილებელია, რომ სკოლაში ადამიანის უფლებათა საკითხებს უფრო მეტი დრო დაეთმოს.

„ჩემი აზრით, უნდა იყოს რაღაც გაკვეთილები, სადაც აუხსნიან ბავშვებს არა მხოლოდ შშმ პირების შესახებ, არამედ საერთოდ, უმცირესობაში მყოფი ადამიანების შესახებ მიაწვდიდნენ განათლებას.

არ უნდა არსებობდეს [ამ კუთხით ჩაგვრა].. ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ.. წარმოიდგინონ იმ ადამიანებმა, ვინც ჩაგრავენ ან აბულინგებენ სხვებს, სხვის ადგილას თავი – როგორი სირთულე და დეპრესია ექნებოდათ მათ“.

ალექსანდრე. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

„დღეს არის შშმ პირთა უფლებების საერთაშორისო დღე და ჩვენი მთავარი მიზანია, საზოგადოებამ დაგვინახოს. გარკვეულწილად უფლებები კანონმდებლობის კუთხით გვაქვს, რომელიც ქაღალდზეა დაფიქსირებული, მაგრამ ეს უფლებები არაფერს ნიშნავს, როდესაც საზოგადოება გვიქმნის ბარიერს. მაგალითად, ტრანსპორტში ასვლის დროს ხდება ჩხუბი, რომ შშმ პირი ნუ ამოდისო… და მსგავსი ინციდენტები.

საზოგადოებამ უნდა დაინახოს ჩვენი საჭიროებები, დაგვინახოს, რომ ვარსებობთ, რომ ჩვენ მათ თანასწორად შეგვიძლია სწავლა, განათლება, დასაქმება და ყველაფერი ის, რასაც საზოგადოების სხვა წევრები აკეთებენ, ჩვენც ვაკეთებთ. თუნდაც, რუსთაველზე გასეირნება, რომელიც ასე ძალიან მიყვარს, თუმცა დამოუკიდებლად ვერ ვახერხებ ვერასდროს, იმიტომ, რომ გარემო არ არის მოწესრიგებული“, – ამბობს ნეტგაზეთთან ანა ხაჭაპურიძე.

შშმ პირთა და აქტივისტთა აქცია თბილისში. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ის დასძენს, რომ გარემო რომც იყოს სრულიად მოწესრიგებული, საზოგადოების დამოკიდებულება ცალკე პრობლემაა „ბევრჯერ მქონია ეს შემთხვევა, რომ თეთრ ხელჯოხზე აქვს გაკვირვებული რეაქცია და მიქმნის ბარიერს“

„თეთრი ხელჯოხები“ – ასე ეძახიან სპეციალურ ხელჯოხებს, რომლებიც უსინათლოებს ყოველდღიური და რუტინული, აუცილებელი მიზნებისთვის სჭირდებათ. დღესდღეობით ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ხელჯოხების დარიგების სპეციალური პროგრამა, თუმცა აქტივისტები მას ხშირად აკრიტიკებენ.

ანა ხაჭაპურიძესაც ვკითხეთ, როგორ შეაფასებდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დარიგებულ ხელჯოხებს.

„თეთრი ხელჯოხი უნდა იყოს აუცილებლად თეთრი ფერის, ეს არის სავალდებულო ნიშანი და შემდგომ უნდა ჰქონდეს, თუ რამე სხვა შეზღუდვა ახლავს ადამიანს, გარდა მხედველობისა – ზოლები აღნიშნული. ჩემს თეთრ ხელჯოხს, მაგალითად, ერთი წითელი ზოლი აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ მაქვს თავბრუსხვევა. მართალია, მარტო არასდროს დავდივარ, თუმცა ეს ნიშანი იმის მაჩვენებელია, რომ სიარულისას არავინ უნდა დამეჯახოს, ფრთხილად იყოს ჩემ მიმართ ადამიანი. ამ დროს სახელმწიფო, კონკრეტულად ჯანდაცვის სამინისტრო – ვერცხლისფერ ხელჯოხს მაძლევს, ჟოლოსფერი აღნიშვნებით, რაც სტანდარტთან ახლოსაც არ არის.

რაც შეეხება დაბოლოებას, ის უნდა იყოს მომრგვალებული და უნდა იყოს, სასურველია, მოძრავი. ჩემი არ არის მოძრავი, მაგრამ ეს ინდივიდუალურიცაა. ჯანდაცვის სამინისტროს ხელჯოხს საერთოდ სწორი პირი აქვს, მას მომრგვალება არ აქვს“, – ამბობს ის.

„დამოუკიდებელი ცხოვრება გვეზღუდება – და ამაზე ზეგავლენა აქვს ბევრ ფაქტორს. თუნდაც ის, რომ ბილიკი შეიძლება იყოს ქუჩაში ყველგან, მაგრამ ხელჯოხით მაინც ვერ გამოვიდე, იმიტომ, რომ ქუჩის ძაღლები არიან, რომლებიც რეაგირებენ ხელჯოხზე. ან შეიძლება დავაბიჯო და ვერ დავინახო“.

ანა ხაჭაპურიძე. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

„რომ შევაჯამოთ, ჩვენ გვაქვს ღირსეული და სრულყოფილი ცხოვრების უფლება და მე არ მივმართავ ამით მხოლოდ სახელმწიფოს, მე მივმართავ მთელ საზოგადოებას, იმიტომ, რომ საზოგადოებაშიც არის ნეგატიური [განწყობები] და დიდი მიუღებლობა.

“[დღეს აქციაზე] თვითონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა გააპროტესტეს, რომ რატომ გაქვთ ლოზუნგი, რომ სექსუალური ცხოვრება ჩემი უფლებაა – ესეც ძალიან ბევრზე მეტყველებს, რადგან ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ ინსტიტუციებში [ავტორისგან: მაგალითად, პანსიონატები] მართლა შეზღუდული აქვთ ეს უფლება. მაგრამ ჩვენ ყველას ველაპარაკებით, ყველასთვის გახსნილები ვართ, რომ ვილაპარაკოთ“, – ამბობს ნეტგაზეთთან „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ თავმჯდომარე, გიორგი ძნელაძე.

ის მიიჩნევს, რომ საუბარი და დისკუსია უნდა ეხებოდეს ყველა თემას, მათ შორის, იმას, რომელიც ტაბუდადებულად მიიჩნევა – „ჩვენი სათქმელი არის ის, რომ  საზოგადოების ნებისმიერი წევრისთვის მთავარია დამოუკიდებელი ცხოვრება. და ჩვენ გვინდა დღეს ეს დამოუკიდებელი ცხოვრება და ყველას ვეუბნებით, რომ დაგვიდექით გვერდით, რათა ჩვენი დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხი გაიზარდოს“.

კითხვაზე, თუ არსებობს დღეს პოლიტიკური ნება, რომ სერვისები გაუმჯობესდეს, ის აცხადებს, რომ ამგვარ ნებას ხედავს. მათ შორის იმიტომაც, რომ მთავრობამ 25 მილიონი ლარის დახმარება გამოყო სპინალურ-კუნთოვანი ატროფიის დიაგნოზის მქონე პირთათვის, რამაც ბევრს სიცოცხლე გადაურჩინა.

„უბრალოდ, შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის კომიტეტი, რომელიც ახლა შექმნეს… ეჭვი მეპარება, რომ ეფექტური იქნება, იმიტომ, რომ დებულებაა ხარვეზიანი. მაგრამ ვისურვებდი, რომ ეს ხარვეზები მალევე აღმოფხვრან. ერთ-ერთი ხარვეზია თუნდაც ის, რომ კომიტეტს ცალკე აპარატი და ცალკე გამოყოფილი ბიუჯეტი არ აქვს. ვფიქრობ, რომ ეს არის დიდი ხარვეზი, თუმცა გვარწმუნებენ, რომ ეფექტურად იმუშავებენ. ვნახოთ“, – დასძენს გიორგი ძნელაძე.

გიორგი ძნელაძე. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

წაიკითხეთ ასევე:

რატომაა ხარვეზიანი შშმ პირთათვის პენსიის გაცემის ქართული მოდელი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი