საზოგადოება

ადეკვატურ გადაწყვეტილებას მივიღებთ, თუ „ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებებს არ მიიღებს – მელია

2 დეკემბერი, 2021 • 1174
ადეკვატურ გადაწყვეტილებას მივიღებთ, თუ „ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებებს არ მიიღებს – მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ თუკი „ქართული ოცნება“ უახლოეს მომავალში არ მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ოპოზიცია „ადეკვატურ გადაწყვეტილებას“ მიიღებს.

„ვიღაცას შეიძლება ეს ყურს ჭრიდეს, „რა დროს საკონსტიტუციო ცვლილებებზეა საუბარი, როდესაც მიხეილ სააკაშვილი არის ტყვეობაში“, მაგრამ არ არის ეს უმნიშვნელო საკითხი“, – განაცხადა ნიკა მელიამ ტვ პირველის ეთერში საუბრისას.

„ეს არის მიხეილ სააკაშვილის დახსნის ერთ-ერთი გზა. „ქართული ოცნება“ თუ ამ ცვლილებებს არ მიიღებს უახლოეს მომავალში, ჩვენ, ოპოზიცია … მივიღებთ ადეკვატურ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ნიკა მელიამ..

„შეიქნება ახალი დამატებითი პლატფორმა, საიდანაც სხვა საპროტესტო მოძრაობაც დაიწყება. მაგრამ უნდა ვაიძულოთ ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან ერთად, ეს ცვლილებები მიიღოს“, – განაცხადა მელიამ.

მისი თქმითვე, პარლამენტში დარჩენის მიზანი მხოლოდდამხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაა.


აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა რამდენიმე საათით ადრე განაცხადა, რომ სამწუხარო იქნება, თუ ყველა პარტიის მიერ შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებები არ მიიღება და „ერთი პარტია, რომელიც მართავს ყველაფერს… უმრავლესობის ტირანიის რისკს ქმნის“.

„საქართველოს ყველა პოლიტიკური ლიდერი შეთანხმდა, რომ დაბალი ბარიერი იყო პოზიტიური. ამაზე იყო საუბარი როგორც 19 აპრილის შეთანხმებაში, ეს იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პოზიტიური შედეგიც, რომ დაბალმა ბარიერმა 9 განსხვავებულ პარტიას მისცა პარლამენტში შესვლის საშუალება. არსებული 5%-იანი ბარიერის დარჩენის შემთხვევაში, სავარაუდოდ, 2 ან 3 პარტია გადალახავს ბარიერს.

ეს არ არის ის ტრაექტორია, რაც მრავალფეროვან წარმომადგენლობას უზრუნველყოფს. ეს არის, ასევე, საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაცია საქართველოსთვის დ სამწუხარო იქნება, თუ არ შესრულდება ის, რაზეც ყველა პარტია, მმართველი პარტიის ჩათვლით, შეთანხმდა, რომ პოზიტიური ნაბიჯი იქნებოდა საქართველოსთვის“, — განაცხადა ელჩმა დეგნანმა.


ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის განცხადების პასუხად ამბობს, რომ არჩევნებში 2%-იანი ბარიერი ევროკავშირის მხოლოდ 2 ქვეყანაში მოქმედებს.

პარლამენტს პირველი მოსმენით მიღებული აქვს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმადაც პარლამენტის მომდევნო ორი არჩევნები (ვადამდელის ჩათვლით) სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს. თუმცა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 30 ნოემბერს განაცხადა, რომ ამ ცვლილებების მიღების აუცილებლობა არ არსებობს, კანონპროექტის განხლვა არ გრძელდება და “ბევრი რამ იქნება დამოკიდებული სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე”.

კობახიძის თანახმად, 2%-იანი ბარიერი შეიძლება იყოს მმართველი გუნდის კეთილ ნებაზე დამოკიდებული “საჩუქარი” პარტიებისთვის, ისიც 2024 წლიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი