საზოგადოება

საჯარო რეესტმა ალტ-ინფოს პარტია არ უნდა დაარეგისტრიროს – DRI

22 ნოემბერი, 2021 • 2536
საჯარო რეესტმა ალტ-ინფოს პარტია არ უნდა დაარეგისტრიროს – DRI

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) აცხადებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ „ალტ-ინფოს“ პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ არ უნდა დაარეგისტრიროს.

„ალტ-ინფოს“ გუნდმა, რომელიც 2021 წლის 5 ივლისს ქვიარ ადამიანებსა და ჟურნალისტებზე ძალადობისკენ მოუწოდებდა საზოგადოებას, 20 ნოემბერს პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ დააფუძნა.

DRI 22 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ „ალტ-ინფოს“ პოლიტიკურ ტრანსფორმაციას წინ უძღოდა წინასაარჩევნოდ, 2021 წლის 10 სექტემბერს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება, რომელმაც „ალტ-ინფოს“ მისცა მთელი საქართველოს მასშტაბით სატელევიზიო მაუწყებლობის განხორციელების უფლება.

„პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორები არიან, რომელთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ დამდგარა. ერთადერთი სანქცია, რომელიც „ალტ-ინფოს“ წინააღმდეგ ამ დრომდე გამოიყენეს, კომუნიკაციების კომისიის მიერ მისი სამართალდამრღვევად ცნობა იყო, 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებულ გადაცემებში უხამსობის ტირაჟირებისა და უცენზურო ლექსიკის გამოყენების გამო. თუმცა, კანონდარღვევის გამო „ალტ-ინფო“ არ დაჯარიმებულა“, – აცხადებს ორგანიზაცია.

„დამფუძნებლებმა პარტიულ ყრილობაზე ღიად განაცხადეს „კონსერვატიული მოძრაობის“ პრორუსული და ანტიდასავლური საგარეო ვექტორის შესახებ. ზურა მახარაძემ პარტიის მიზნებად საქართველოში „ლიბერალური დიქტატურის“ დასრულება და „ქრისტიანული დემოკრატიის“ შექმნა დაასახელა. საგულისხმოა, რომ „ალტ-ინფოს“ სარედაქციო პოლიტიკა გამოირჩევა ქსენოფობიური, ჰომოფობიური და ძალადობის წამახალისებელი რიტორიკით“, – წერია განცხადებაში.

ორგანიზაცია მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტზე და „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელთა მიხედვითაც „დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და საქმიანობა, . . . რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს”.

„მსგავსი შეზღუდვები მოქმედებს ევროპის საბჭოს არაერთ ქვეყანაში, რომლებიც ითვალისწინებენ „თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის“ უზრუნველმყოფ მექანიზმებს. „დემოკრატიის მტრებს არ უნდა მიეცეთ იმის საშუალება, რომ გამოიყენონ დემოკრატიით მინიჭებული უფლებები და თავისუფლებები მისთვის საფრთხის შესაქმნელად“. უფლებების ბოროტად გამოყენებას კრძალავს ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ არსებული ძირითადი საერთაშორისო დოკუმენტებიც“, – აცხადებს ორგანიზაცია.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ „განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პარტიის სადამფუძნებლო დოკუმენტებში განცხადებულ მიზნებს“:

„იმ შემთხვევაში, თუ პარტიამ კანონსაწინააღმდეგო, ძალადობის პროპაგანდის, სოციალური, ეროვნული, რელიგიური ან სოციალური შუღლის გამაღვივებელი დებულებები მარეგისტრირებელ დოკუმენტებში ასახა, საჯარო რეესტრმა „კონსერვატიული მოძრაობა“ არ უნდა დაარეგისტრიროს“, – წერს ორგანიზაცია.

დამფუძნებელი ყრილობა

„ალტ-ინფომ“ 20 ნოემბერს დააფუძნა პოლიტიკური პარტია, რომლის სახელწოდებაა „კონსერვატიული მოძრაობა“.

პარტიის თავმჯდომარე გახდა ზურაბ მახარაძე, სხვა ლიდერები კი იქნებიან კოკა მორგოშია, ირაკლი მარტინენკო, გიორგი ქარდავა და სხვები. სარევიზიო კომისიის წევრად დაასახელეს ერთ-ერთი წამყვანი, ემრე ქუჩუკი.

ზურაბ მახარაძემ განაცხადა, რომ მზად არიან რუსეთთან „პარტნიორული ურთიერთობებისთვის“.

„ალტ-ინფო“ ტელევიზიაა, რომლის ორგანიზებითაც ჩატარდა 2021 წლის 5 ივლისს ანტილგბტ აქცია, რომელიც ჟურნალისტებზე ძალადობაში გადაიზარდა. აქციის მიმდინარეობისას სცემეს ტვ პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა (შსს მის გარდაცვალებას ნარკოტიკებით ზედოზირებას უკავშირებს).

5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია რამდენიმე პირი, თუმცა დანაშაულის ორგანიზატორები შსს-ს ამ დრომდე არ გამოუვლენია.

„პარტიის აკრძალვა შესაძლებელია“

დამფუძნებელი ყრილობის შემდეგ, სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ დაწერა, რომ კონსტიტუციის მიხედვით აღნიშნული პარტიის აკრძალვა შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოში და ამ პროცესის ინიციირება შეუძლია:

ა. პრეზიდენტს,
ბ. მთავრობას.
გ. 30 დეპუტატს.

„ამ ხალხმა მოაწყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დღე – 5 ივლისი, სადაც ადგილი ჰქონდა ძალადობის არათუ პროპაგანდას, არამედ მასობრივ ორგანიზებულ ძალადობას. ამ პარტიის თავმჯდომარე არის პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ არ სჯის მას ჩვენი შსს და პროკურატურა… ვინც არ გაასაჩივრებს ამ პარტიას და მის აკრძალვას არ მოითხოვს, ჩემთვის მათი ირიბი მოკავშირე და მხარდამჭერი იქნება“, – დაწერა მან ფეისბუკზე.

„შევაგროვებთ 30 პარლამენტარს“

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ გეგმავს, კოლეგებთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსთხოვოს „ალტ-ინფოს“ ახლად შექმნილი პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ გაუქმება.

„ეს პარტია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. თუ იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უწყება მას დაარეგისტრირებს, ძალიან მძიმე რამეს მოაწერს ხელს“, – წერს პარლამენტარი ფეისბუკზე.

„ვიპოვი 29 ჩემს კოლეგას, რომელთან ერთადაც საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოვითხოვ ამ პარტიის გაუქმებას“, – წერს იგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი