საზოგადოება

ლელო ხელისუფლებას დიალოგის დაუყონებლივ დაწყებას სთავაზობს

8 ნოემბერი, 2021 • 1086
ლელო ხელისუფლებას დიალოგის დაუყონებლივ დაწყებას სთავაზობს

პოლიტიკური პარტია „ლელო“ ხელისუფლებას დიალოგის დაწყებას სთავაზობს. ამის შესახებ პარტია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

„ლელო“ წერს, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის ფონზე ყოველდღიურად მძიმდება.

„გახლეჩილ საზოგადოებაში ემოციები უკიდურესად მძაფრდება და სიტუაცია უკვე ფეთქებადსაშიშია. პროცესი აშკარად მიექანება ქაოსისა და სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ. ამ ვითარებაში, რაც არ უნდა ღრმა იყოს პოლიტიკური და პერსონალური დაპირისპირება, ქართველი ერისა და ჩვენი საერთო სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე, ყველამ უნდა გამოვძებნოთ რესურსი გონივრული შემხვედრი ნაბიჯების გადასადგმელად.

ლელო მიმართავს ხელისუფლების წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ დავიწყოთ დიალოგი სიტუაციის დეესკალაციის კონკრეტული გზების გამოსაძებნად. ყოველმა დაკარგულმა წუთმა შესაძლოა დრამატულად შეცვალოს ქართული სახელმწიფოს ბედი“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პარტიამ დღეს, 8 ნოემბერს გაავრცელა.

„ლელო“ ასევე აცხადებს, რომ მზადაა დაუყოვნებლივ ჩაერთოს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგში.


მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და დაკავების დღიდან, უკვე 39-ე დღეა, შიმშილობს. ხელისუფლებას სააკაშვილი ამ დრომდე არ გადაჰყავს სამოქალაქო საავადმყოფოში. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადასვლაზე, რადგან მიიჩნევს, რომ მას სხვა პატიმრების მხრიდან იქ საფრთხე ემუქრება.  6 ნოემბრიდან საპროტესტო აქციები იმართება რუსთავის ციხესთან, სადაც სააკაშვილი სასჯელს იხდის.

სააკაშვილის თქმით, ექიმების რეკომენდაცია იყო მედიკამენტის საკვები დანამატით ჩანაცვლება

მასალების გადაბეჭდვის წესი