ახალი ამბები

სააკაშვილის თქმით, ექიმების რეკომენდაცია იყო მედიკამენტის საკვები დანამატით ჩანაცვლება

7 ნოემბერი, 2021 • 2561
სააკაშვილის თქმით, ექიმების რეკომენდაცია იყო მედიკამენტის საკვები დანამატით ჩანაცვლება

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციური სამსახურის მიერ კადრების გავრცელების შემდეგ სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრა მოითხოვა.

რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ის ომბუდსმენის მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ მოინახულა.

“მოხდა ჩვენს ცხელ ხაზთან დაკავშირება, ციხის ადმინისტრაციამ გვითხრა რომ პატიმარს სურდა ჩვენთან შეხვედრა გარკვეული ინფორმაციის მოწოდების თვალსაზრისით. იგი უკმაყოფილო იყო იმ განცხადებებით და ინფორმაციით, რომელიც მის შესაძლო კვებასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა. ის აღნიშნავს, რომ ის სურათები, რომელიც დაიდო და სადაც საკვები დანამატები ერთად ეწყო, თვალით არ უნახავს და არ იცის სად იყო სავარაუდოდ გადაღებული. აღნიშნავს, რომ ნებისმიერი დანამატი რომელიც მიიღო, მიიღო ექიმთა თხოვნით, როგორც გარკვეული პრეპარატის და მედიკამენტის შეცვლელი”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე პატიმარს შეწყვეტილი აქვს ყველა ტიპის სამედიცინო დახმარების მიღების პროცედურა.

“სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი პროდუქტის მიღება, რაც მან მიიღო რამდენიმე მილიგრამის და მცირეოდენობის სახით, სთხოვეს ექიმებმა, როგორც მედიკამენტების ალტერნატიული საშუალება. გარკვეული მედიკამენტები იწვევს კუჭის გაღიზიანების იწვევს და გარკვეული პარამეტრების შენარჩუნების თვალსაზრისით, სამედიცინო პერსონალის რეომენდაცია იყო, რომ მომხდარიყო ამ დანამატებით ჩანაცვლება. ისიც საუბარია ძალიან მცირე, მილიგრამებით ულუფებზე ერთჯერადად და ერთეულ შემთხვევაში”,- ამბობს ბურჯანაძე.

მისი თქმით, სააკაშვილი ამბობს, რომ იყო შემოთავაზება უფრო მეტი დანამატების მიღებაზე, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა და მხოლოდ ასე მცირედ და ერთეულ შემთხვევებზე დასთანხმდა.

“ჩვენ სამედიცინო ჩანაწერები რაც გადავამოწმეთ, ეს მართლად დასტურდებოდა”, – თქვა ომბუდსმენის მოადგილემ.

ბურჯანაძის ცნობით, პენიტენციური სამსახურის გავრცელებული ვიდეო ჩანაწერები გაკეთებულია მეთორმეტე დაწესებულების ექიმის კაბინეტში, სადაც პატიმარი მიდის პირველადი სამედიცინო დახმარების მისაღებად.

ომბუდსმენის მოადგილე მიესალმება სახელმწიფო ინსპექტორის მიერ კადრების გავრცელების კანონიერების შესწავლას.

პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხის ექიმების გარემოცვაში გადაღებული კადრები, რომელიც უწყების ცნობით, “მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს” ასახავს.

სახალხო დამცველის ცნობით, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტისა და დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 30 ოქტომბრიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სამედიცინო დანიშნულებით, იღებდა მცირე ოდენობით წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს. ომბუდსმენის ცნობით, ამ პროდუქტს მას თავად სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც საკვები და მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით.

ამასვე ადასტურებს, სახალხო დამცველის ცნობით, პაციენტის შიმშილობის შესახებ შედგენილი სამედიცინო ფორმები, სადაც არ არის მითითება საკვების მიღებაზე, აგრეთვე არ არის დაფიქსირებული პაციენტის შიმშილობის ფორმის ცვლილება, რაც აუცილებელია პატიმრის მიერ საკვების მიღების შემთხვევაში.

“მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდან უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს”, — ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 5 ნოემბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სხვადასხვა ტიპის ფაფებს და ნატურალურ წვენებს იღებს.

სააკაშვილმა უარყო საკვების მიღება და დაადასტურა, რომ 30 ოქტომბრის მერე, ციხის სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციით და იმის დაზუსტებით, რომ ეს სრულად შედის შიმშილობის პროტოკოლში, მიიღო რამდენიმე ბოთლი წვენი. ამასთან, მან განაცხადა, რომ სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად დღეიდან, 6 ნოემბრიდან უარს ამბობს არა მარტო წვენებზე, არამედ მინერალებზე და ვიტამინებზე (გლუკოზის აბებზე).

მასალების გადაბეჭდვის წესი