საზოგადოება

„მწვავე უთანასწორობა“ და სხვა საარჩევნო დარღვევები ეუთო/ოდირის ანგარიშში

31 ოქტომბერი, 2021 • 1056
„მწვავე უთანასწორობა“ და სხვა საარჩევნო დარღვევები ეუთო/ოდირის ანგარიშში

გამწვავებული პოლარიზაცია, ნეგატიური რიტორიკა, ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება — ეს და ხარვეზები ეუთო/ოდირის დამკვირვებლებმა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დროს დააფიქსირეს.

დღეს, 31 ოქტომბერს, დარღვევების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ იონსონმა მედიას სადამკვირვებლო მისიის წინასწარი ანგარიში გააცნო. საბოლოო ანგარიში, დაახლოებით, 8 კვირაში იქნება მზად.

„არჩევნების მეორე რაუნდი, ზოგადად, კარგად ადმინისტრირებული იყო, მაგრამ გაგრძელებულმა პოლარიზაციამ და გამწვავებულმა ნეგატიურმა რიტორიკამ უარყოფითად იმოქმედა პროცესზე. საარჩევნო კამპანია კონკურენტული იყო და მთელ ქვეყანას ფარავდა.

ზოგადად, კანდიდატებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების საშუალება, მაგრამ იყო ჩივილები დაშინებასა და ზეწოლასთან დაკავშირებით. მწვავე უთანასწორობა რესურსების მხრივ და ხელისუფლებაში ყოფნის არასათანადო უპირატესობამ დამატებითი როლი ითამაშა მმართველი პარტიის სასარგებლოდ და მის მხარეს გადახარა სასწორი.

კამპანიის ფინანსების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება შეზღუდული იყო არასათანადო ზედამხედველობის გამო. კერძო სატელევიზიო არხები განაგრძობდნენ მაღალ პოლარიზაციას და აშკარა მიკერძოების გამოვლენას, რაც ამომრჩევლებს უზღუდავდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას. არჩევნების დღე ზოგადად მშვიდი და კარგად ადმინისტრირებული იყო,“ — ამბობს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი.

მისიის ხელმძღვანელის თქმითვე, არჩევნების დღეს აღრიცხეს რამდენიმე დაპირისპირებას პარტიულ მხარდამჭერებს შორის, ასევე შეიმჩნეოდა გარკვეული პროცედურული დარღვევები ხმის დათვლისას.

„დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენლები ხშირად მოქმედებდნენ პარტიული მხარდამჭერების როლში და ზოგჯერ პროცესშიც ერეოდნენ. აგრეთვე, პირთა ჯგუფები სავარაუდოდ, გავლენის მოხდენას ცდილობდნენ ამომრჩევლებზე ზოგიერთი საარჩევნო უბნის გარეთ – ეს იყო შეშფოთების საგანი,“ — ამატებს იონსონი.

სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, მთლიანობაში, საარჩევნო კანონმდებლობა ადეკვატურ საფუძველს იძლევა იმისთვის, რომ დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს, „თუ მისი შესრულება სრულყოფილად მოხდება“. თუმცა, ეუთო/ოდირი ასევე ამბობს, რომ ქვეყანას ჯერ კიდევ არ გაუთვალისწინებია ის რეკომენდაციები, რომელიც საქართველოზე წინა წლებში გასცეს.

მათი თქმით, ეს ეხება, მათ შორის, საარჩევნო უფლებების შეზღუდვას, საარჩევნო დავებს და ადმინისტრაციული რესურსის არასათანადოდ გამოყენებას.

„პირველი ტურის შემდეგ საოლქო კომისიებში დაახლოებით 1300 საჩივარი შევიდა, მათგან 900-ზე მეტით მოთხოვნილი იყო გადათვლა და ძირითადად, ეს საჩივრები არ დაკმაყოფილდა. კენჭისყრასთან დაკავშირებული მექანიზმები და დათვლის პროცედურები მთლიანობაში იძლევა დროული რეაგირების შესაძლებლობას, მაგრამ კანონი არ შეიცავს მკაფიო კრიტერიუმებს გადათვლის მოთხოვნის დაკმაყოფილებასა და გადათვლის ჩატარებისთვის,“ — ითქვა დღეს პრესკონფერენციაზე.

„საარჩევნო კამპანია კიდევ უფრო ინტენსიური გახდა ბოლო 2 კვირის განმავლობაში. აღინიშნებოდა შეურაცხმყოფელი და უარყოფითი რიტორიკის გამწვავება, რომელიც პირველი ტურისთვისაც დამახასიათებელი იყო. მეორე ტურის დროს ეს გამოიხატა დიდი ზომის პარტიების მოწოდებით, ერთმანეთის დამთავრებასთან დაკავშირებით.

კამპანიის ბოლო დღეებში მკვეთრად მოიმატა ნეგატიურმა კამპანიამ მედიაში და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომასალებში. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ადგილი ჰქონდა ინციდენტებს, მათ შორის დაპირისპირებებს პარტიის ოფისებს გარეთ და ოპოზიციასთან დაკავშირებული ყოფილი პოლიციელების დაკავებებს,“ — განაცხადა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.

რაც შეეხება მედიას, ალბერტ იონსონი დასძენს, რომ მედია მეორე ტურში კვლავ პოლარიზებული იყო, განსაკუთრებით კი ეს ეხებოდა კერძო მფლობელობაში არსებულ მაუწყებლებს, რომლებიც  „ან მკაფიოდ მმართველ პარტიას უჭერდნენ მხარს, უარყოფითად აშუქებდნენ ოპოზიციას ან პირიქით, პირდაპირ უპირისპირდებოდნენ მმართველ პარტიას,“


საქართველოში 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტური ჩატარდა. ცესკოს წინასწარი შედეგებით, „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის, თბილისში; ქუთაისში; რუსთავსა და ბათუმში.

ამ მონაცემებით, ერთადერთი ქალაქი, სადაც ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს, წალენჯიხაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი