საზოგადოება

ეროვნული გამოცდების გარეშე უმაღლეს სასწავლებელში

3 თებერვალი, 2010 • 7302
ეროვნული გამოცდების გარეშე უმაღლეს სასწავლებელში

900 ზე მეტი პირის ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით და უკანონოდ ჩარიცხვის გამო აკრედიტაცია გაუუქმდა ორ უმაღლეს სასწავლებელს. გადაწყვეტილება აკრედიტაციის ცენტრმა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი) გამოძიების დასრულებამდე მიიღო. ცენტრის ექსპერტებმა სასწავლებლების დოკუმენტაცია სოდშიც შეისწავლეს.  

აკრედიტაციის ცენტრმა “გრიგოლ ფერაძის სახელობის უნივერსიტეტსა” და თბილისის უნივერსიტეტ “მეტეხს”ინსტიტუციური აკრედიტაცია გაუუქმა.

მიზეზი უნივერსიტეტებში იმ სტუდენტების მიღებაა, რომლებმაც არ გაიარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და მისი გვერდის ავლით მოხვდნენ აკრედიტირებულ უნივერსიტეტებში.
    

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით კი აკრედიტირებულ უნივერსიტეტებს უფლება აქვს სტუდენტები მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების გზით მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში უნივერსიტეტი “უმაღლესი განთლების შესახებ” კანონს არღვევს, რაც უფლებას აძლევს აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს გაუუქმოს აკრედიტაცია აღნიშნულ უნივერსიტეტს.

დავით კერესელიძე, განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ადასტურებს, რომ ორივე უნივერსიტეტს 2010 წელს გაუუქმდა აკრედიტაცია. ფაქტს ასევე ადასტურებს სხდომის ოქმი, რომელშიც დეტალურად არის განხილული აღნიშნული ორი საქმე, რომელსაც როგორც განათლების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და ექსპერტები, ასევე თავად უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. (სხდომა 2010 წლის 18 იანვარს გაიმართა.)

2009 წლის 31 დეკემბერს განათლების აკრედიტაციის ეროვნულმა ცენტრის დირექტორის ბრძანების საფუძველზე გადამოწმებული იქნა უნივერსიტეტებში აბიტურიენტთა ჩარიცხვის, ასევე სტუდენტთა გადაყვანის და აღდგენის წესის შესრულება. საბჭოს ექსპერტებმა აღმოაჩინეს დარღვევები, რომელთა საფუძველზეც ორივე უნივერსიტეტს გაუუქმეს ინსტიტუციური აკრედიტაცია.

თბილისის უნივერსიტეტმა “მეტეხმა” ინსტიტუციური აკრედიტაცია 2005 წელს მიიღო. აკრედიტაცია 2007-08 სასწავლო წლის დაწყებამდე იყო მოქმედი. თუმცა მომდევნო აკრედიტაცია უნივერსიტეტმა მიიღო 2006 წელს. აკრედიტაცია მოქმედი უნდა ყოფილიყო 2007-08 სასწავლო წლიდან მომდევნო 5 წლის ვადაში. შესაბამისად, 2012 წლამდე “მეტეხს” არ უნდა ჰქონოდა აკრედიტაციის პრობლემა, რომ არა ის დარღვევები, რომელიც განათლების აკრედიტაციის ეროვნულმა ცენტრმა აღმოაჩინა.

შპს უნივერსიტეტ “მეტეხის” რექტორი, მანონი ქირთბაია, “ნეტგაზეთთან” საუბარში, დროებითს უწოდებს აკრედიტაციის გაუქმებას და ამბობს, რომ დროის უქონლობის გამო მომდევნო კვირამდე ამ თემაზე დეტალურად ვერ გაგვესაუბრება.

განსხვავებულია ის დასკვნები, რომელსაც უნივერსიტეტთან მიმართებაში ექსპერტები აკეთებენ. მაგალითად რამდენიმე სახის დარღვევა აღმოჩენილია უნივერსიტეტ “მეტეხთან” მიმართებაში.

ერთ-ერთი დარღვევა, რომელიც განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ დაწესებულებაში გაგზავნილმა ექსპერტებმა აღმოაჩინეს არის, ის, რომ რიგ სტუდენტების საქმეში არ იყო წარმოდგენილი ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

“2006 წელს სამართალმცოდნეობის ჯანდაცვის, ასევე ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე ჩაირიცხნენ აბიტურიენტენი ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე”, – ნათქვამია ოქმში.

გარდა ამისა, ოქმში აღნიშნულია ექსპერტების მოკვლევა, რომელიც 2007 წელს უნივერსიტეტში მიღებულ სტუდენტებს ეხებათ. კერძოდ, “2007 წელს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩაირიცხნენ პირები ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე (პირად საქმეში არ დევს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი),” ნათქვამია ოქმში.

გარდა იმისა, რომ უნივერსიტეტში მოსწავლე სტუდენტების რიგი რაოდენობა ერთიანი ეროვნული გამოცდების სერთიფიკატის დოკუმენტის გარეშეა წარმოდგენილი მეტეხის უნივერსიტეტში, აკრედიტაციის ცენტრის ექსპერტების თქმით, მათ აღმოაჩინეს სტუდენტების დოკუმენტებში ატესტატის არარსებობა, ზოგი სტუდენტის დოკუმენტებში კი ატესტატის დაუმოწმებელი ასლებიც დევს.

სხდომაზე, რომელზეც აკრედიტაციის საბჭო ამ საკითხს უნივერსიტეტ “მეტეხის” წარმომადგენლებმა აკრედიტაციის გაუქმების საკითხის გადადება მოითხოვეს, მიზეზად კი დასახელდა სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში მიმდინარე გამოძიება, სტუდენტთა რაოდენობის დაცვისა და დაწესებულებაში კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით.

D”დაწესებულებას მიაჩნია, რომ სწორედ სისხლის სამართლის საქმის შედეგების გათვალისწინებით უნდა იმსჯელოს აკრედიტაციის საბჭომ და მიიღოს გადაწყვეტილება შ.პ.ს. თბილისის უნივერსიტეტ “მეტეხისთვის” ინსტიტუციური აკრედიტაციის საკითხთან დაკავშირებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში აკრედიტაციის საბჭოს მიერ ამ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება იქნება საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე მიღებული უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც დაექვემდებარება ბათილად ცნობას.” ნათქვამია ოქმში.

ექსპერტები, რომლებიც ამ თემაზე მუშაობდნენ კი ამბობენ, რომ მათ ჰქონდათ საშუალება ოპერატიულ დეპარტამენტში არსებული დოკუმენტები შეესწავლათ, მათ შორის: სასწავლო ბარათები, ატესტატები და თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.

უნივერსიტეტის წარმომადგენლების თქმით, რაც ოქმშია გაწერილი, აკრედიტაციის ცენტრის ექსპერტთა დასკვნა იმის თაობაზე, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით უნივერსიტეტ მეტეხში 369 ადამიანია ჩარიცხული, არ შეესაბამება სიმართლეს.

ირმა მახათაძის თქმით, რომელიც უნივერსიტეტ მეტეხს წარმოადგენდა აღნიშნულ სხდომაზე, რომ საბჭო უნდა დაეყრდნოს ექსპერტთა დასკვნებს, მაგრამ “დასკვნა ფაქტს არ ადასტურებს.” ამასთან, მისი აზრითYარ უნდა ყოფილიყო მხედველობაში მიღებული მტკიცებულებად სასწავლო ბარათები.

aკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარე, ლია ღლონტი კი ფიქრობს, რომ “სასწავლო ბარათები, რომლებიც დამოწმებულია უნივერსიტეტ მეტეხის ბეჭდით, იმ პირთა სახელზეა გამოწერილი, რომელთა ჩარიცხვის ბრძანებები არ არის”. მისი თქმით სწორედ ეს გარემოება ბადებს ეჭვს, რომ ეს სტუდენტები უკანონოდ იყვნენ ჩარიცხული უნივერსიტეტ “მეტეხში”.

ირმა მახათაძემ განაცხადა, რომ მათ აქვთ მტკიცებულება, რომ დასკვნაში წარმოდგენილი 373 სტუდენტიდან, 94 -ს არ აქვს კავშირი უნივერსიტეტ მეტეხთან, თუმცა ამ უკანასკნელს აღნიშნული დოკუმენტაციის წარსადგენად დრო სჭირდებათ.

“ერთიანი ეროვნული გამოცდეის გარეშე ერთი სტუდენტის ჩარიცხვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ დაწესებულებას ჩამოერთვას აკრედიტაცია,” განაცხადა ლია ღლონტმა.

შ.პ.ს თბილისის უნივერსიტეტ მეტეხს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ უნივერსიტეტს შეუწყდა ინსტიტუციური აკრედიტაცია.

ანალოგიური გადაწყვეტილება იქნა მიღებული შ.პ.ს. წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის უნივერსიტეტთან მიმართებაშიც. მასაც გაუუქმდა ინსტიტუციური აკრედიტაცია, იმავე მიზეზით.

აკრედიტაციის ცენტრის ექსპერტთა დასკვნის მიხედვით 566 სტუდენტის შემთხვევაში მოხდა უკანონო გადმოყვანა ან ჩარიცხვა.

გრიგოლ ფერაძის სახელობის უნივერსიტეტმა პირველადი აკრედიტაცია მიიღო 2005 წლის თებერვალში, 2007 წელს კი უნივერსიტეტს მიანიჭეს უფლება 5 წლის ვადით ესარგებლა აკრედიტაციით. A2007 წლამდე დაწესებულებას უფლება ჰქონდა 34 სტუდენტი მიეღო სასწავლებლად, თუმცა განახლებული აკრედიტაციის შემდეგ სტუდენტთა დასაშვები რაოდენობა 227 სტუდენტით განისაზღვრა.

ექსპერტებმა, რომლებიც აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მოთხოვნის საფუძველზე მუშაობდნენ უნივერსიტეტში არსებულ სავარაუდო დარღვევებზე შეამოწმეს საბუთები ჟურნალისტიკის, ეკონომიკის, სამართლის, განათლების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე.

ერთი დარღვევა შეეხებოდა რაოდენობის გადაჭარბებას. მაგალითად თუ უნივერსიტეტს ჰქონდა უფლება, რომ 34 სტუდენტი მიეღო, ამის ნაცვლად, მან ჩარიცხა 37. ექსპერტების მოკვლევაში ნათქვამია, რომ 2008-09 სასწავლო წლის დასაწყისში უნივერსიტეტში 246 სტუდენტი ირიცხებოდა, 227-ს ნაცვლად.

ისევე როგორც უნივერსიტეტ მეტეხის შემთხვევაში, სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტი სწავლობს გრიგოლ ფერაძის სახელობის უნივერსიტეტის რიგი დოკუმენტაციას, თუმცა აკრედიტაცის ცენტრის ექსპერტებმა ეს მასალებიც შეისწავლეს. საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი. აღნიშნული უნივერსიტეტი ვალდებულია, რომ ყველა სტუდენტი მიიღოს ერთიანი ეროვნული გამოცდების გზით. ნაცვლად ამისა უნივერსიტეტმა რექტორთან “გასაუბრების საფუძველზე” მიიღო ერთი სტუდენტი, 2008 წელს, რაც ეწინააღმდეგება “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონს.

აღმოჩენილია კიდევ ერთი დარღვევა, რაც ასევე შეუსაბამობაში მოდის კანონთან. Gგრიგოლ ფერაძის სახელობის უნივერსიტეტში გადმოყვანილ იქნა სტუდენტები არააკრედიტებული სასწავლებლებიდან. რაც კანონდარღვევა არაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ პირთა ჩარიცხვაზე არსებობს დადებითი დასკვნა, რომელსაც განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი გასცემს. Dდასკვნის მიხედვით 566 სტუდენტის შემთხვევაში მოხდა უკანონო გადმოყვანა ან ჩარიცხვა.

“ექსპერტთა დასკვნაში ჩაიწერა ზოგიერთი უზუსტობა,” ნათქვამია სხდომის ოქმში გრიგოლ ფერაძის სახელობის უნივერსიტეტის წარმომადგენლის მიერ. მათ შორის უზუსტობა ეხება სტუდენტების რაოდენობას. მეორე უზუსტობა ეხება კანონდარღვევის გზით სტუდენტების უნივერსიტეტში ჩარიცხვას. მათი თქმით 566-დან არ სწავლობს მათ უნივერსიტეტში და შეცდომით არიან მოხვედრილნი მათ სიაში. გრიგოლ ფერაძის სახელობის უნივერსიტეტის წარმომადგენლები საუბრობენ ინსტიტუტზე, შ.პ.ს. “ფერაძის ინსტიტური” რომელსაც არ აქვს აკრედიტაცია მიღებული და სადაც მათი თქმით, სწავლობენ აღნიშნული სტუდენტები.

რაც შეეხება არააკრედიტირებული ინსტიტუტებიდან გადმოყავნილი სტუდენტების საკითხს, გრიგოლ ფერაძის სახელობის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა აღნიშნულ საკითხის საწინააღმდეგო საბუთი საბჭოს ვერ წარუდგინა.

შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება უნივერსიტეტის აკრედიტაციის გაუქმების თაობაზე. ორივე უნივერსიტეტთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება აბსოლუტური უმრავლესობით იქნა მიღებული, 6 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი.

ჯერჯერობით უცნობია სისხლის სამართლის საქმის დეტალები ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი