საზოგადოება

რა კომპენსაციას მიიღებენ სტიქიით დაზარალებული ოჯახები – პროექტის სამუშაო ვერსია

1 ივლისი, 2015 • • 2017
რა კომპენსაციას მიიღებენ სტიქიით დაზარალებული ოჯახები – პროექტის სამუშაო ვერსია

ზემოხსენებული პროექტის მიხედვით, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით კომპენსაციას ექვემდებარებიან შემდეგი კატეგორიის დაზარალებული პირები (ოჯახები):


I კატეგორია – დაზარალებული პირი (ოჯახი), რომლის საცხოვრებელი სახლი დანგრეულია სტიქიის შედეგად, არ ექვემდებარება რეაბილიტაციას და მდებარეობს რისკის ზონაში.


II კატეგორია – დაზარალებული პირი (ოჯახი), რომლის საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია სტიქიის შედეგად, თუმცა ექვემდებარება რეაბილიტაციას;


III კატეგორია – დაზარალებული პირი (ოჯახი), რომლის საცხოვრებელი სახლი არ არის დაზიანებული, თუმცა მდებარეობს რისკის ზონაში.

 

 

დოკუმენტის თანახმად, თითოეული დაზარალებული და/ან განსახლებას დაქვემდებარებული პირის (ოჯახის) კომპენსაციის ოდენობის დადგენა ხდება შემფასებლის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე. 


დაზარალებულ პირს (ოჯახს) პირველადი საჭიროებისათვის გადაეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება, რომელიც ერთ პირზე შეადგენს 250 ლარს.



I და II კატეგორიის დაზარალებულ პირებს (ოჯახებს) გადაეცემათ თანხა პირველადი მოხმარების საოჯახო ნივთების შესაძენად 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ფიზიკური, დონორი ორგანიზაციების ან სხვა კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა მხრიდან დაზარალების გამო ერთხელ უკვე აქვთ მიღებული შესაბამისი საოჯახო ნივთები.

 

ამასთან, დაზარალებულთა I კატეგორიისათვის კომპენსაცია გაიცემა ოჯახის სულადობის მიხედვით, საცხოვრებელი ფართის შესაძენად, იმავე რაიონში შემფასებლის მიერ დადგენილი საცხოვრებელი ფართის საშუალო საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება ამგვარად:

 
ა) 1-2 წევრიანი ოჯახისათვის – 45 კვადრატული მეტრით;


ბ) 3-4 წევრიანი ოჯახისათვის – 65 კვადრატული მეტრით;


გ) 5-6 წევრიანი ოჯახისათვის – 90 კვადრატული მეტრით;


დ) 7 და მეტ წევრიანი ოჯახისათვის – 110 კვადრატული მეტრით.

 

დაზარალებულთა II კატეგორია საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის კომპენსაციას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი სახლი არ მდებარეობს რისკის ზონაში. დაზარალებულთა II კატეგორიაზე, რომლის საცხოვრებელი მდებარეობს რისკის ზონაში, კომპენსაცია გაიცემა ზემოხსენებული  წესით. III კატეგორიის დაზარალებულ პირებზე (ოჯახებზე) კომპენსაცია გაიცემა განსახლების პროცედურის განხორციელების შემთხვევაში, მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით.


განსახლების წესი

 

იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილი ორგანოების მიერ განისაზღვრება რისკის ზონა, რომელში ცხოვრება საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, განხორციელდება ზონაში მცხოვრები პირების (ოჯახების) განსახლება.


განსახლებას ექვემდებარება:

 

ა) დაზარალებულთა I კატეგორია;

ბ) დაზარალებულთა II კატეგორია, რომლის საცხოვრებელი მდებარეობს რისკის ზონაში;


გ) დაზარალებულთა III კატეგორია.


თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი ჯერჯეობით საბოლოო არ არის და ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამუშაო პროცესი მის დასახვეწად. მისი თქმით, ზემოხსენებული წესი არ ნიშნავს, რომ დაზარალებულების ქონების კომპენსირება უსამართლო წესით მოხდება, რადგან მისი თქმით, დაზარალებულის რეალური ქონების [რომელიც სტიქიამ გაუნადგურა] ღირებულებას შეადარებენ იმას, რასაც სახელმწიფო მათ სულადობის პრინციპის მიხედვით გადასცემს და თუ თანხებს შორის დისბალანსი დაფიქსირდება, სახელმწიფო მის კომპენსირებასაც მოახდენს.


“ერთ-ერთი მთავარი მომენტი არის სტიქიის ზონის განსაზღვრა. ჩვენ ველოდებით სპეციალისტების დასკვნას, რომლითაც უნდა განისაზღვროს ის ტერიტორია, რომელიც იქნება ცხოვრებისთვის საშიში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ხვალ და ზეგ რა საფრთხეს შეიცავს ვერეს ხეობა და სად არ არის რეკომენდირებული ადამაინების ცხოვრება. ეს დოკუმენტი მოიცავს ორ ნაწილს. ერთი არის განსახლების და მეორეა საკომპენსაციო მიმართულება.


იმ ტერიტორიაზე, სადაც ჩვენ სპეციალისტები გვეტყვიან, რომ აქ ადამიანების ცხოვრება რეკომენდირებული არ არის, ეს იქნება წყნეთის ხევში, სვანიძის ქუჩის გარკვეულ ტერიტორიაზე… ამ ადამიანების უძრავი ქონების შეფასება თითქმის დასრულებულია, შეფასებულია მათი სახლი, მიწა, ნებისმიერი სახის უძრავი ქონება, რომელიც მათ გააჩნდათ. თუ ვიტყვით, რომ ისინი განსახლებას ექვემდებარებიან, უნდა მიიღონ ადეკვატური ღირებულების კომპენსაცია, რომელიც მათ მისცემს საშუალებას, რომ იმ რაიონში, სადაც სტიქიამდე ცხოვროდბენენ, ადეკვატური უძრავის ქონება შეისყიდონ. სამხარაული ექსპერტიზის ბიურო დაადგენს, სტიქიის ზონიდან 1,5 კილომეტრ რადიოსში რა ღირს ქონება და სულადობის მიხედვით და ღირებულების მიხედვით მოხდება გადაანგარიშება- ეს იქნება 45მ2, 65მ2 თუ 110მ2. შემდეგ ამის შედარება მოხდება ამ ადამიანების უძრავ ქონებასთან, რაც მათ რეალურად ჰქონდათ და თუ დაფიქსირდება ჩავარდნა მათ შორის, ეს ჩავარდნა დაკომპენსირდება”, – განაცხადა ლექვინაძემ.


ზემოხსენებულ სამუშაო ვარიანტში კომპენსაციის/ზარალის ანაზღაურების დროს პრიორიტეტებიც არის განსაზღვრული. ანუ კომპენსაციის/ზარალის ანაზღაურების პროცესში რიგითობის მიხედვით პრიორიტეტი მიენიჭება ქვემოთ ჩამოთვლილ პრიორიტეტულ ჯგუფებს:


ა) ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლები განადგურდა ან დაზიანდა, მაგრამ მათი აღდგენა ნორმალურ საცხოვრებელი პირობებით შეუძლებელია და ამავე დროს: რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში; არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი ადგილი; ჰყავთ შშმ პირები; ჰყავთ 14 წლამდე ან/და 80 წელს გადაცილებული პირები; ჰყავთ მძიმე ავადმყოფი (ლოგინად ჩავარდნილი) პირები;


ბ) ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლები დაზიანდა და ექვემდებარება აღდგენას და ამავე დროს: რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში; არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი ადგილი; ჰყავთ შშმ პირები; ჰყავთ 14 წლამდე ან/და 80 წელს გადაცილებული პირები; ჰყავთ მძიმე ავადმყოფი (ლოგინად ჩავარდნილი) პირები;


გ) ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლები განადგურდა ან დაზიანდა, მაგრამ მათი აღდგენა ნორმალურ საცხოვრებელი პირობებით შეუძლებელია;


დ) ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლები დაზიანდა და ექვემდებარება აღდგენას.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი