საზოგადოება

როგორ რეაგირებს სახელმწიფო ქუჩაში მცხოვრები ბავშვების შესახებ შეტყობინებებზე

2 ივნისი, 2015 • • 2338
როგორ რეაგირებს სახელმწიფო ქუჩაში მცხოვრები ბავშვების შესახებ შეტყობინებებზე

ჯანდაცვის სამინიტროში აცხადებენ, რომ ზარების რაოდენობა განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ფეისბუქის გვერდზე 11 მაისის განცხადების შემდეგ გაიზარდა, რომელშიც საზოგადოებას ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას თხოვდა.

 

ცხელი ხაზის მიზანი ამ შემთხვევაში იმ ბაშვების გამოვლენაა, ვინც ქუჩაში ცხოვრობს ან მოწყალებას ითხოვს. პროცედურის მიხედვით, მას შემდეგ, რაც მოქალაქე დარეკავს ცხელ ხაზზე და ოპერატორს მიაწვდის ინფორმაციას, რომ, მაგალითად, ამა თუ იმ ქუჩაზე ნახა ბავშვი, რომელსაც სძინავს, მოწყალებას ითხოვს და ა.შ. მობილური ჯგუფი უნდა მივიდეს ადგილზე, სადაც ამ ფაქტს შეისწავლის – როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, ხშირად შეტყობინებები მათთვის უკვე ნაცნობ შემთხვევებზე შედის.

 

მუშაობს თუ არა აღნიშნული სერვისი გამართულად? – ნეტგაზეთმა მცირე ექსპერიმენტი ჩაატარა:

 

1 ივნისს თბილისში, რუსთაველის #1-თან 6 წლამდე ასაკის ბავშვი ეტლში, ზრდასრულ მამაკაცთან ერთად მოწყალებას ითხოვდა. ცხელ ხაზზე შეტყობინების დატოვების შემდეგ ოპერატორმა განგვიცხადა, რომ ინფორმაციას სოციალური სააგენტოს შესაბამის სამსახურს გადასცემდა, რის შემდეგაც დაგვიკავშირდებოდნენ. მომდევნო ერთი საათის განმავლობაში მობილური ჯგუფი ადგილზე არ მოსულა. ცხელ ხაზს ისევ დავუკავშირდით, სადაც განგვიმარტეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩვენი მოცდა არ ღირს და მობილური ჯგუფი ნებისმიერ შემთხვევაში მივიდოდა იქ. თუმცა, დახვდებოდა თუ არა ჯგუფს იმავე ტერიტორიაზე ბავშვი, ამ საკითხზე პასუხი ოპერატორს არ ჰქონდა.  


ფოტო: ნეტგაზეთი
ფოტო: ნეტგაზეთი

 

“რეაგირების გარეშე არც ერთი შემთხვევა არ რჩება. როგორც კი საშუალება აქვს მობილურ ჯგუფს, მაშინვე მიდის. 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს, შესაძლოა, მოქალაქეები მეტი პასუხისმგებლობით განიმსჭვალნენ და იმაზე მეტი ზარი შემოვიდა ცხელ ხაზზე, ვიდრე ჩვეულებრივად. ასეთ რეჟიმში კი მობილური ჯგუფები ყველგან გასვლას ვერ ახერხებენ”, – განუმარტა ეკა ჯავახიშვილმა, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პროგრამის კოორდინატორმა ნეტგაზეთს.

 

ამ ეტაპზე თბილისში სულ 3 მობილური ჯგუფი მუშაობს. თითოეულს თბილისის სხვადასხვა არეალი აქვს ჩაბარებული.

 

თავად სამინისტროშიც აცხადებენ, რომ სამი მობილური ჯგუფი მთელ თბილისზე, რომელიც ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა სიმცირეს არ უჩივის, ცოტაა და “ამ მხრივ მუშაობა მიმდინარეობს”.

 

ამ მიზეზის გამო, როგორც ეკა ჯავახიშვილი განმარტავს, ცხელ ხაზზევე ხდება ზარების ფილტრაცია – თუ შემთხვევა გადაუდებელ ჩარევას საჭიროებს, მობილური ჯგუფი, რომელიც 9:00-დან 18:00 საათამდე მუშაობს, დაუყოვნებლივ გადის ადგილზე, სხვა შემთხვევაში, როდესაც გათავისუფლდება – მაშინ.

 

გადაუდებელ ჩარევას, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ისეთი შემთხვევები საჭიროებს, როდესაც, მაგალითად, ქუჩაში მყოფი ბავშვი გაბრუებულია, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშაა, ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნება და ა.შ.


იმ შემთხვევაში კი, თუ იმ წამს საფრთხე სახეზე არ ჩანს, მოწყალებას ითხოვს, ხატებს ყიდის და ა.შ. მობილური ჯგუფი, როგორც ჯავახიშვილი ამბობს, მაინც მიდის, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სხვა ადგილზე მუშაობას დაასრულებს.

 

მობილური ჯგუფი, რომელიც ასეთ ბავშვებს დახმარებას უნდა უწევდეს,  სოციალური მუშაკისგან, ფსიქოლოგისგან, თანასწორ-განმანათლებლისა და ადმინისტრაციული მუშაკი/მძღოლისაგან შედგება.

 

2013 წლიდან თბილისში 3 მობილური ჯგუფი მუშაობს, 2015 წლის გაზაფხულზე ერთი მობილური ჯგუფი ქუთაისშიც ამოქმედდა.

 

ასეთი ჯგუფის მიზანია ბავშვების ქუჩებში მოძიება, მათი ნდობის მოპოვება და მათთან ურთიერთობის დამყარება შესაბამის მომსახურებაში განთავსების მიზნით, ასევე, ბავშვებისა და მათი ოჯახების შეფასება, ბავშვებთან მუშაობა ქუჩის პირობებში (პირველადი დახმარება ფსიქოლოგიური თუ სამედიცინო კუთხით, ჩართვა გასართობ თუ სპორტულ ღონისძიებებში და არაფორმალური განათლება).

 

ოფიციალური მონაცემებით, სწორედ მობილური ჯგუფების მუშაობის შედეგად, თბილისში 380 ბავშვს სახელმწიფომ დახმარება გაუწია. მათ შორის, 144 ბავშვი დღის, კრიზისულ და ტრანზიტულ მომსახურებაში ჩარიცხეს, 7 ბავშვი გადაუდებელ მინდობით აღზრდაში გადაიყვნეს, 5 ბავშვი კი, მცირე საოჯახო ტიპის სახლში მოხვდა.

 

გარდა ამისა, ოფიციალური ინფორმაციითვე, 20 ბავშვი სკოლაში შევიდა, 38-ს დოკუმენტაცია მოუწესრიგეს. დანარჩენები კი, როგორც სამინისტროში აცხადებენ, სხვადასხვა ქვეპროგრამაში მოხვდნენ.  

 

ერთ-ერთი ბავშვი, ვისაც მობილურმა ჯგუფმა დახმარება გაუწია, გიორგია [სახელი შეცვლილია]. გიორგის ამბავს გაეროს ბავშვთა ფონდი ჰყვება.

 

“გიორგი 17 წლისაა. ის ბავშვობიდან ქუჩაში მუშაობდა და სანთლების გაყიდვითა და მოწყალების თხოვნით ირჩენდა თავს. გიორგის სახლში მძიმე ეკონომიკური და სოციალური პირობები ჰქონდა და დედის მხრიდან იყო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. დღის ცენტრის თანამშრომლების დახმარებით გიორგიმ დაამთავრა 9 კლასი, რის შემდეგაც ჩააბარა პროფესიულ კოლეჯში მზარეულის კურსებზე. ცენტრის თანამშრომლებმა მას ყველა სასწავლო ნივთი შეუძინეს. მალე გიორგი შესაბამის სერტიფიკატს აიღებს და შეძლებს სამსახურის მოძიებას”.

 

პროექტი “ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველ ბავშვებზე – ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები” გაეროს ბავშვთა ფონდისა [Unicef] და ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო.

 

პროექტის საბოლოო მიზანია სარეაბილიტაციო პერიოდის გავლის შემდეგ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების განთავსება არსებულ სახელმწიფო სერვისებში, როგორებიცაა მინდობითი აღზრდა და მცირე საოჯახო ტიპის სახლი ან, შესაძლებლობის ფარგლებში, რეინტეგრაცია ბიოლოგიურ ოჯახში.

 

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მოქალაქეების აქტიურობა [ცხელ ხაზზე შეტყობინების დატოვება] მისასალმებელია, თუმცა მოლოდინი, რომ მათი შეტყობინების შემდეგ ესა თუ ის ბავშვი ქუჩაში აღარ გამოვა სამუშაოდ ან მოწყალების სათხოვნელად, არ უნდა ჰქონდეთ.

 

“გვიხარია ძალიან, რომ ჩართული არიან მოქალაქეები და მათთვის ფულის მიცემის ნაცვლად, ინფორმაციას გვაწვდიან ამ ბაშვების შესახებ. თუმცა ხშირად მათ გაღიზიანებას იწვევს ის ფაქტი, რომ რეკავენ ცხელ ხაზზე და ბავშვები ისევ ქუჩაში არიან. ქუჩიდან ბავშვის გამოყვანა ძალიან შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია,”- ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ეკა ჯავახიშვილი.

 

ახალი და ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი ბავშვი ცხოვრობს და მუშაობს ქუჩაში, არ არსებობს. 2008 წლის მონაცემებით, მათი რაოდენობა დაახლოებით 1500 იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი