საზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმის ახალი მერის “ახალი ცოცხი”

19 ნოემბერი, 2019 • 2025
სოხუმის ახალი მერის “ახალი ცოცხი”

ავტორი: მარიანა კოტოვა, სოხუმი

სოხუმის მერად კან კვარჩიას დანიშვნიდან ერთი თვეც კი არ გასულა და ქალაქი უკვე “გუგუნებს”. კომუნალური სამსახურის თანამშრომლები ბუჩქებს კრეჭეენ, მილიცია დედაქალაქის უფროსის განკარგულებით მწოლიარე პოლიციელებს აუქმებს. მოქალაქეების ნაწილი აპლოდისმენტებით ხვდება ახალ მერს, ნაწილი კი თავში იშენს – კან კვარჩიამ გადაწყვიტა, რომ ქალაქში ყველაფერი კანონიერად უნდა ფუნქციონირებდეს. 

ეს კი ნიშნავს, რომ ყველა უკანონო ნაგებობა, მათ შორის, ტროტუარებთან უკანონოდ აშენებული დახლები უნდა გაუქმდეს და გაფართოებული ღობეები საკუთარი საკუთრების საზღვრებს დაუბრუნდეს.

სოხუმში კი ხალხი უკვე მიჩვეულია კანონიერი გზების ავლით მშენებლობებსა და უკანონო სავაჭრო ნაგებობების ჩადგმას. მაგრამ როგორც ახალმა მერმა თქვა: “ახლა ყველაფერი კანონის ჩარჩოში დაბრუნდება”. კითხვა კი შემდეგში მდგომარეობს: როგორ უნდა დააბრუნო კანონის ფარგლებში ის, რაც მრავალი წელი სრულიად უკანონოდ ფუნქციონირებდა? 

სოხუმის ახალი რაიონი პირდაპირ ტროტუარებზე უკანონოდ ჩადგმული ჯიხურებითაა სავსე, მაღალსართულიან კორპუსებში ალაგ ალაგ კაპიტალური მიშენებებია, ავტოფარეხები კი სავაჭრო ობიექტებადაა გადაკეთებული.

“ყველა კონკრეტულ შემთხვევას ინდივიდუალურად შევისწავლით”, – ამბობს კვარჩია. 

სოხუმის მოსახლეობის დიდი ნაწილი მიესალმება კან კვარჩიას წამოწყებას. ფეისბუკში მისი დანიშვნის განხილვისას იკვეთება ისიც, რომ ვადამდელ არჩევნებს და სწორედ მას მოიაზრებენ საპრეზიდენტო სავარძელშიც. 

მერობის პირველი კვირა კვარჩიამ ქალაქის უბნებში ვიზიტებს დაუთმო, სადაც გასაკეთებელ საქმეებზე განკარგულებები გასცა.

კელასურას ხიდი გაწმინდეს ბალახისგან და შეღებეს, სანაპიროზე სარწყავი მანქანები გამოიყვანეს, რომლებიც 7 წელი ქალაქის ფარეხებში ჰყავდათ იმ მიზეზით რომ უსწორმასწორო გზებზე ვერ შეასრულებდნენ ფუნქციას. 

კვარჩიამ მათ დანიშნულება სოხუმის ერთადერთ სწორ გზაზე უპოვა – მუჰაჯირების სანაპიროზე პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან საზღვაო პორტამდე. 

ცალკე და გასაგებად გამოხატა აზრი კან კვარჩიამ მიტოვებულ სახლებზე. 

“დროა, ამ ნანგრევებს რამე მოვუხერხოთ”, – განაცხადა მან ერთ-ერთი სამუშაო ვიზიტის დროს.

როგორც მერი ამბობს, დანგრევის პირას არებული შენობები, სახლები, რომლებიც ოდესღაც ფუნქციონირებდა, ახლა კი უპატრონოდაა და ნაგავსაყრელებად ქცეული, რადგან მათ მესაკუთრეებს ფული არ აქვთ, მყიდველი კი აქამდე არ მოიძებნა. 

კან კვარჩიას აზრით, აუცილებელია თითოეული შენობის მეპატრონესთან საუბარი იმის შესახებ, თუ რას აპირებს, – აღდგენის შემთხვევაში მეპატრონეებს გარკვეულ ვადას მისცემენ, წინააღმდეგ შემთხვევაში – სახელმწიფოს გადაეცემა.

“შეხედეთ სასტუმრო “აფხაზეთს”. მრავალი წელი იდგა უფუნქციოდ, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ აქ სამშენებლო სამუშაოებია, ახალი რესტორანი გაიხსნება ამ ადგილას მალე. ასე უნდა განახლდეს და ფუნქცია მიეცეს ყველა მიტოვებულ შენობას უახლოეს მომავალში”, – ამბობს კან კვარჩია.

კან კვარჩია ასევე სოხუმის ყველა სადგურში მივიდა. ცენტრალურ სადგურში, სადგურ “გუმში” და “კელასურაში”. მისი თქმით, ქალაქი თავად ვერ გაწვდება ფინანსურად კაპიტალურ რემონტებს და არც უნდა აკეთებდეს ამას – “თუმცა, ამ ადგილების სისუფთავეზე ზრუნვა ქალაქის ადმინისტრაციის მოვალეობაა და ასეც იქნება”.

ცენტრალურ ბაზარში კან კვარჩიამ მერობის პირველივე დღეს გარეშე მოვაჭრეებს “ომი” გამოუცხადა, რითაც მათი წყრომა დაიმსახურა.

“ყველა კლიენტისთვის ვიბრძვით, როგორც შეგვიძლია, ისე ვმუშაობთ”, – ამბობს მოვაჭრე ქალი, რომელსაც ბაზარში გასაყიდად საკუთარი ბაღიდან ბოსტნეული მიაქვს. იმის გამო, რომ გადამყიდველებმა ბაზრის შიგნით ყველა ადგილი დაიკავეს, ვაჭრობა ტროტუარზე უწევს.

თავად მყიდველებს ამაზე საკუთარი აზრი აქვთ: 

“ბაზრის გარშემო ვერ გაივლი, ყველაფერი ჩახერგილია. წესრიგი უნდა იყოს. ძალიან კარგი, თუ აყარეს. მეორე სართულზე ადგილები ცარიელია, ესენი კი აქ სხედან”, – ამბობს გამვლელი.

რატომ არ არის ათვისებული  მეორე სართული, გასაგებია. როდესაც 2011 წელს, ხანძრის შემდეგ შენობის რეკონსტრუქცია მოხდა, ზოგიერთმა მოასწრო და ბაზარში ადგილები  იყიდა, ახლა კი ჰყიდიან. მათ ვისაც ფერმერული მეურნეობა აქვთ, შესაბამისი თანხები არ გააჩნიათ.  ბაზარში “ადგილი” საშუალოდ 100 000 რუბლი ღირს [1500 ევრო]. 

“დადგენილი წესრიგი რომ დაარღვიოს, ახალმა მერმა ყველას ომი უნდა გამოუცხადოს. კრიმინალს, ხელისუფლებას, ნათესავებს. აქ ხომ ყველა ძმაა, მეზობელი. ეყოფა კი გამბედაობა, ავტორიტეტი და ფული სისტემის წინააღმდეგ? ვნახოთ!”- ამბობს ბრეხალოვკის ხშირი სტუმარი, სოხუმის მკვიდრი. 

რაც შეეხება თავად “ბრეხალოვკას”, კვარჩიამ სანაპიროს ამ ნაწილის რეკონსტრუქციის პროექტის შემუშავების განკარგულებაც გასცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი