საზოგადოება

სიგარეტი, გინება, ტემპერატურა – რა გაწუხებთ მიკროავტობუსში?

7 მაისი, 2015 • 2162
სიგარეტი, გინება, ტემპერატურა – რა გაწუხებთ მიკროავტობუსში?

სამარშურტო ტაქსებში შექმნილ ხარვეზებს ყველა ამჩნევს, თუმცა, როდის მოხდება მისი აღმოფხვრა, ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს.

2013 წლის ივლისში ”თბილისის მიკროავტობუსმა” მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით მიკროავტობუსებში ცხელი ხაზის ნომრების (2 970 970 / 2 200 340) გაკვრის პროცესი დაიწყო. მათი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი მიკროავტობუსით გადაადგილებისას რაიმე დისკომფორტს იგრძნობს, მას შეუძლია ცხელ ხაზზე დაკავშირება. მიუხედავად ამისა, მძღოლების უმრავლესობამ ეს ბარათები მალევე ამოატრიალა, ან საერთოდ ჩამოხსნა, რის გამოც მგზავრების დიდ ნაწილს დღემდე არ აქვს ინფორმაცია, რომ სამგზავრო ტრანსპორტში ცხელი ხაზის ნომერი უნდა იყოს მითითებული.

კითხვა, თუ რატომ არ არის სამარშრუტო ტაქსში ცხელი ხაზის ნომერი გამოკრული საქარე მინასთან, მძღოლების გაღიზიანებას იწვევს. ერთ-ერთი მათგანი გვპასუხობს, რომ ბარათი მზის დამცავის ქვეშ აქვს გამოკრული და დაინტერესების შემთხვევაში, მგზავრებს მისი ნახვა შეუძლიათ.

 

საქარე მინასთან მიმაგრებული მაიდენტიფიცირებელი საბუთი, რომელიც მძღოლს ამოტრიალებული აქვს, ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი
საქარე მინასთან მიმაგრებული მაიდენტიფიცირებელი საბუთი, რომელიც მძღოლს ამოტრიალებული აქვს, ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ნაზიბროლა მჟავანაძე ერთ-ერთია მგზავრია, ვინც მიკროავტობუსების მომსახურების ხარისხით უკმაყოფილოა. მან სატრანსპორტო კომპანიის ცხელი ხაზის ნომერი სოციალური ქსელიდან გაიგო. როგორც თავად ამბობს, ცხელ ხაზზე მხოლოდ ერთხელ სცადა დარეკვა, თუმცა არავინ გამოხმაურებია.

”მძღოლებს კვალიფიკაცია აქვთ საერთოდ? ან ტარება იციან? ან ზრდილობა აქვთ? მიკროავტობუსის მძოლს, რომელსაც ყოველ 500 მეტრში გაჩერება აქვს, რატომ უნდა გადადიოდეს მესამე ზოლში და მერე ისევ პირველში? პირველ ზოლს არ უნდა გაცდნენ. აუკრძალონ ფეხზე მდგომი მგზავრების გადაყვანა, მოწევა და ჩართონ კონდიციონერი – 35 გრადუსზე მაინც. კონტროლიორები ამოწმებდნენ ერთი პერიოდი, თუმცა იცოდნენ, რომელ კუთხეში იდგნენ და იქ რთავდნენ მხოლოდ კონდიციონერს, მერე ისევ გამორთავდნენ. შეიძლება შეუმცირონ გადასახადები, მაგრამ მაინც არ შეიცვლება ქართველი მძღოლის ხასიათი, მაინც შეეცდება ეკონომია გააკეთოს. ბარათებით უნდა იყოს მხოლოდ გადახდა და მერე კეთილსინდისიერად გადანაწილება ამონაგები. ბევრჯერ მომისმენია მძღოლის წუწუნი, ყველა ბარათით იხდითო, უკვე გეგმა შესრულებული მაქვსო და, შესაბამისად, იმ მოწყობილობას თიშავენ. ვიცი, თან როგორც თიშავენ – მოშვებული აქვთ ის სამაგრები და ძალიან მარტივად “აფუჭებენ”. როგორც კომპანია მუშაობს, ისე მუშაობენ მძღოლებიც,” – ამბობს მჟავანაძე.

დედაქალაქის მერმა გასული წლის სექტემბერში ”თბილისის მიკროავტობუსის” წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სამარშრუტო ტაქსებს ფეხზე მდგომი მგზავრები გადაჰყავს, რაც უნდა გამოსწორდეს. როგორც დავით ნარმანია ამბობდა, შესაძლებელია იმ მიკროავტობუსებში, სადაც ადგილი არ იქნება თავისუფალი, წითელი ნიშანი ჰქონდეთ, ხოლო იმათ, სადაც ადგილი არის – მწვანე. თბილისის მერის ინიციატივამ საზოგადოების მოწონება დაიმსახურა, თუმცა დღემდე სამარშრუტო ტაქსები ასეთი ნიშნებით არ აღჭურვილა და უკვე მერვე თვეა, რაც მძღოლები ისევ გავსებული სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობენ.

კითხვაზე, როგორ ხდება მიკროავტობუსების მძღოლების მონიტორინგი, ვინ და რა პერიოდულობით ახდენს მათ მონიტორინგს, ”თბილისის მიკროავტობუსიდან” მივიღეთ პასუხი, რომ ამაზე კომპანიის სპეციალური სამსახური ზრუნავს, ყველა შემოსული საჩივარი ინდივიდუალურად განიხილება და საჭიროების შემთხვევაში მძღოლი ჯარიმდება. კომპანიაში ამბობენ, რომ მძღოლები მუდმივი მონიტორინგის ქვეშ არიან:

”იმ შემთხვევაში, თუ მძღოლს მაიდენტიფიცირებელი საბუთი საქარე მინაზე აქვს ამოტრიალებული და მგზავრისთვის შეუძლებელია მისი იდენტიფიკაცია, კომპანია ასევე მიმართავს დაჯარიმების მეთოდს. არც ერთი შემოსული შეტყობინება დარღვევის შესახებ არ რჩება უყურადღებოდ, უკმაყოფილო მგზავრს შეუძლია ასევე მიკროავტობუსის სახელმწიფო ნომრის მიხედვით განაცხადოს დარღვევის შესახებ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ მარტის თვეში 16 მძღოლია დაჯარიმებული სამარშრუტო ტაქსში სიგარეტის მოწევისთვის. მძღოლებს აკრძალვა თამბაქოს გამოყენებასთან დაკავშირებით უდევთ კონტრაქტში და, შესაბამისად, ყველა საჭირო ღონისძიებას კომპანია ატარებს კანონის სრული დაცვით.”

ნუცა გაგნიძე მიკროავტობუსით ხშირად მგზავრობს. მისთვის ეს გადაადგილების ოპტიმალური ვარიანტია, რადგან სამარშრუტო ტაქსის საშუალებით თბილისის ნებისმიერ წერტილში შეიძლება მოხვედრა. ნუცა მიკროავტობუსის მთავარ პრობლემად მძღოლების არაკვალიფიციურობას ასახელებს. მისთვის ყველაზე დამთრგუნველია მძღოლების მუდმივი წუწუნისა და უწმაწური სიტყვების მოსმენა, რის გამოც ხშირად სწრაფი მანევრები და საავარიო სიტუაციები იქმნება.

”კიდევ ერთი და საკმაოდ შემაწუხებელი ფაქტია ზაფხულში სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა. უმეტესობას კონდიცირების პრობლემა აქვს, სიცხე და უჰაერობა კი დისკომფორტს ქმნის. ასევე, შემაწუხებელია გადატვირთული მიკროავტობუსებით მგზავრობა. რაც შეეხება პრობლემის გადაჭრის გზებს, ჩემი აზრით, მძღოლი არ უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც მართვის მოწმობა აქვს. სამსახურში მიღებამდე მათ უნდა ჩაუტარდეთ გარკვეული სამედიცინო გამოკვლევა და გაიარონ ფსიქოლოგთან გასაუბრება. რაც შეეხება კონდინციონერებს, ამას კომპანია მკაცრად და რეგულარულად უნდა აკონტროლებდეს. ჩატარდეს გამოკითხვა, რამდენად კომფორტულია ის მგზავრებისთვის. ამ ყველაფრის ფონზე გარკვეული რეგულაციები უნდა გატარდეს და გადატვირთული მიკროავტობუსების შემთხვევაში დაწესდეს სანქციები,” – ამბობს ნუცა გაგნიძე.

თბილისის მერიაში გამართულ იმავე შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მიკროავტობუსების მძღოლები, რომლებიც მგზავრებს ფეხზე დგომით გადაიყვანენ, ან არ ჩართავენ გათბობას ზამთარში და ზაფხულში – კონდიციონერს, დაჯარიმდებიან და მათ, შესაძლოა, სამსახურის დატოვებაც მოუწიოთ. ასევე, დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, მერიისა და “თბილისის მიკროავტობუსის” თანამშროლებით უნდა დაკომპლექტებულიყო სამუშაო ჯგუფი, რომელიც მიკროავტობუსების მძღოლებს გააკონტროლებდა.

”ნეტგაზეთი” დაინტერესდა სტატისტიკით, თუ რამდენი მძღოლია დაჯარიმებული და გათავისუფლებული დღემდე. თუმცა ”თბილისის მიკროავტობუსში” განგვიცხადეს, რომ ასეთი სტატისტიკა მათ კომპანიაში არ არსებობს.

როგორც კომპანიაში ამბობენ, “თბილისის მიკროავტობუსს” ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით სამუშაოები უკვე დაწყებული აქვს – მიმდინარეობს ყველა მიკროავტობუსის შემოწმება და შეკეთება იმისთვის, რომ ზაფხულში კომპანიამ უზრუნველყოს კონდინციონერების გამართულად მუშაობა და მგზავრების კომფორტულად გადაადგილება. მათი თქმით, მაისის ბოლომდე ყველა შესაძლო ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილი იქნება.

რაც შეეხება მძღოლების მონიტორინგსა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, როგორც ჩანს, ეს ნაწილობრივ თავად მგზავრებზეა დამოკიდებული. კომპანიაში ამბობენ, რომ ისინი მზად არიან საზოგადოების იმ ნაწილთან თანამშრომლობაზე, ვინც ნებისმიერ პრობლემურ საკითხზე ცხელ ხაზს დაუკავშირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი