ესტონეთი

 

“გარდიანის” ცნობით, ესტონეთში მათ, ვისაც სამსახური არ აქვს, ესტონეთის უმუშევრობის დაზღვევის ფონდი ეხმარება. ამ ფონდიდან დახმარების მისაღებად აპლიკანტები ესტონეთის უმუშევართა სადაზღვეო ფონდში უნდა იყვნენ დარეგისტრირებული, როგორც უმუშევრები, ქონდეთ თანხა შეტანილი სულ მცირე 12 თვის განმავლობაში  უკანასკნელ სამ წელიწადში  და იყვნენ არათვითნებურად უმუშევრები.

 

მუშაობის დროს ფონდში ადამაინები თავიანთი ხელფასის 1.4%–ს რიცხავენ, ხოლო დამსაქმებლები – 2.8%–ს. სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში, ფონდი მათ პირველი 100 დღის განმავლობაში ხელფასის 50%–ს, შემდგომში კი 40%–ს გადაუხდის. სადაზღვევო ფონდი უმუშევრად დარჩენილებს ჯანმრთელობის დაზღვევის თანხებსაც უნაზღაურებს.

ასევე, უმუშევრობის შემწეობა განკუთვნილია იმ ადამიaნებისთვის, რომელთაც დაბალი შემოსავალი აქვთ, თვითდასაქმებულია, ან წელიწადში 180 დღის განმავლობაში სწავლობდა. ასეთი შემწეობა დღეში 4.01 ევროს შეადგენს.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, სამუშაო ასაკის ქონის შემთხვევაში, ანაზღაურება შეზღუდული შესაძლებლობის სახის შესაბამისად გაიცემა. გარდა ამისა, მათ უნაზღაურდებათ ტრანსპორტის ხარჯები, სამედიცინო მომსახურება და სხვა ხარჯები, რასაც ჯანმრთელობის დაზღვევა არ ფარავს.

საფრანგეთი

საფრანგეთში 50 წლამდე ადამიანებს უმუშევრობის დაფინანსება შეუძლიათ 2 წლის ვადით მოითხოვონ, ხოლო 50 წლის და მეტის – 3 წლის ვადით. საშუალოდ, დახმარება ხელფასის 65%–ს შეადგენს. იმისათვის, რომ ამ დახმარებით ისარგებლოს, ადამიანი სპეციალურ ცენტრში უნდა დარეგისტრირდეს და აქტიურად ეძებოს სამუშაო. მათთვის, რომელთაც დიდი ხნის განმავლობაში ან საერთოდ არ უმუშავიათ, ერთი უშვილო პირისთვის გათვალისწინებულია დახმარება თვეში 514 ევროს ოდენობით,  ხოლო წყვილისთვის, რომელსაც 2 ბავშვი ყავს –  1, 079 ევროს ოდენობით.

 

ავადმყოფობის დროს, საფრანგეში დასაქმებულს შეუძლია ყოველდღიურად თავისი დღიური ხელფასის 50% მიიღოს. ამ თანხის მისაღებად ადამიანს გასული 3 თვის განმავლობაში 200 საათი მაინც უნდა ქონდეს ნამუშევარი, ან 6 თვის განავლობაში გადასახადის სახით ხელფასიდან 9, 754 ევროზე მაინც უნდა ქონდეს გადახდილი. ისინი, ვისაც 3 ან მეტი შვილი ყავთ, ყოველდღიური ხელფასის 66%–ს მიიღებენ. ავადმყოფობის დროს დახმარებას იღებენ უმუშევრებიც – მაქსიმალური თანხა დღეში 43 ევროს შეადგენს. თუმცა ავადმყოფობის დახმარების მიღების შემთხვევაში უმუშევრობის დახმარება შეჩერებულია.

 

შშმ პირების შემთხვევაში, დაფინანსების ოდენობა ინდივიდუალურად გამოითვლება და პირის შემოსავალზეა დამოკიდებული. ხოლო თუ პირს მუშაობა არ შეუძლია და შემოსავალი არ აქვს, დაფინანსებამ შესაძლოა 1,585 ევროს მიაღწიოს.

 

დეკრეტული შვებულებისას საფრანგეთში ხელფასის 100% უნაზღაურდებათ, თუმცა თანხა კვირაში 540 ევროს არ უნდა აღემატებოდეს. დეკრეტული შვებულების დროს დედა ანაზღაურებას სრული 16 კვირის განმავლობაში იღებს, ტყუპების შემთხვევაში- 34 კვირის, ხოლო 3 ტყუპის შემთხვევაში – 46 კივრის განმავლობაში. რაც შეეხება მამებს, მათ შვილის შეძენის შემთხვევაში შეუძლიათ 11–დღიანი შვებულებით ისარგებლონ.

გერმანია

გერმანიაში დასაქმებულები ხელფასიდან 3%–ს უმუშევრობის დაზღვევისთვის იხდიან. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ბოლო 2 წლის განმავლობაში 12 თვე მაინც იხდის ამ თანხას, უმუშევრად დარჩენის შემთხვევაში დახმარებას მიიღებს. მათ, ვისაც ბავშვები ჰყავთ, შეუძლიათ ადრინდელი ხელფასის 2/3 მოითხოვონ, ხოლო ვისაც შვილები არ ჰყავს – 60%. დახმარების მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ასაკსა და იმ დროზე, თუ რა პერიოდის განმავლობაში იხდიდა პირი უმუშევრობის დაზღვევის თანხას. 50 წლამდე უმუშევრებს შეუძლიათ 1–წლიანი ანაზღაურება მოითხოვონ, 50–54 წლის ადამიანებმა – 15 თვე, ხოლო 55 წელს ზემოთ – 18 თვე.

იმ შემთხვევაში, თუ დახმარების მიმღები უარს იტყვის შემოთავაზებულ სამუშაოზე, ან არ ეცდება სამუშაოს მოძებნას, მისი დახმარება მცირდება.

თუკი დასაქმებულებს არ შეუძლიათ მუშაობა ავადმყოფობის გამო, დამსაქმებელი მას ხელფასს 6 კვირის განმავლობაში გადაუხდის. დასაქმებულებს ასევე შეუძლიათ მოითხოვონ თითოეული შვილის ავადმყოფობის გამო 10-დღიანი ხელფასიანი შვებულება. ჯანმრთელობის დაზღვევა ყოვლისმომცველ სამედიცინო მომსახურებას მოიცავს, მათ შორის, რეაბილიტაციისთვის საჭირო ხარჯებსაც.  იმ შშმ პირებს, რომელთაც დღეში 3 საათზე მეტი მუშაობა არ შეუძლიათ, პენსია ენიშნებათ. ისინი, ვისაც 6 საათზე მეტის დროის განმავლობაში არ შეუძლიათ მუშაობა, ნაწილობრივ პენსიას იღებენ. პენსია საშუალოდ 8 900 ევროა.

 

შშმ ბავშვები პირდაპირ ერთვებიან დაზღვევაში ყოველგვარი დამატებითი გადასახადების გარეშე. მათ აქვთ უფლება, რომ ქონდეთ ეტლი და ჟესტური ენის თარჯიმანი გარკვეული შემთხვევებისთვის. კომპანიები, რომლებიც შშმ პირებს დაასაქმებენ, საგადასახადო და სხვა სახის შეღავათებს იღებენ. ასევე, შშმ პირის ინდივიდუალური საჭიროებებისთვის სახლის ადაპტირებისთვის გამოყოფილია გრანტები 2, 557 ევროს ოდენობით თითოეულ შემთხვევაში. ასევე, ისინი იღებენ დახმარებას საცხოვრებელი ხარჯებისთვის ( მაქსიმუმ  1,500 ევრო); ეხმარებიან ტაქსის გადასახადის გადახდაში, რათა მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა შეძლონ. ასევე, მათთვის უფასოა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ფოტო გადაღებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონეთა საერთაშორისო დღეს. ესპანეთი, მადრიდი.  © EPA  03.12.2014
ფოტო გადაღებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონეთა საერთაშორისო დღეს. ესპანეთი, მადრიდი. © EPA 03.12.2014

ნორვეგია და შევედეთი

 

ნორვეგიაში ავადმყოფობის დროს გადახდილ კომპენსაციას ხშირად აღწერენ, როგორც საუკეთესოს მსოფლიოში – დასაქმებულებს შეუძლიათ 1 წლამდე პერიოდში ხელფასის 100% მიიღონ. ნებისმიერ დროს ნორვეგიაში დასაქმებულთა 7%–მდე ავადმყოფობის გამო შვებულებაში იმყოფება. ინდუსტრიულ ქვეყნებში ეს ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შვედეთში, ნორვეგიისგან განსხვავებით, ძალიან ავად უნდა იყო, რომ ანაზღაურება 1 წელზე მეტი დროის განმავლობაში მიიღო.

შშმ პირებს ნორვეგიაში აძლევენ დამატებით დახმარებას მომვლელის ასაყვანად, სახლის ადაპტირებისთვის (მაგალითად, უფრო ფართო კარის გაკეთებას, რათა ეტლით გადაადგილება იყოს შესაძლებელი), გადასახადების გადასახდელად და ა.შ.  შვედეთში, მაგალითად, თუ ავტოკატასტროფის შემდეგ პირი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გახდება, მას სახლის ადაპტირებისათვის ფინანსურ დახმარებას აძლევენ. ხოლო თუკი პირი ახალი სახლის აშენებას გადაწყვეტს (რაც შვედეთში საკმაოდ პოპულარულია), ის ვერ მიიღებს ნებართვას, თუ სახლის გეგმაში არ იქნება გათვალისწინებული ამგვარი მოულოდნელი შემთხვევები. სამზარეულო აუცილებლად პირველ სართულზე უნდა იყოს, ასევე, აბაზანაში შესვლა ეტლით უნდა იყოს შესაძლებელი; ასევე, პირველ სართულზე მინიმუმ 1 ოთახის საძინებლად გადაკეთება უნდა იყოს შესაძლებელი, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ოჯახში შშმ პირი. ეს ცვლილებები მშენებლობის შესახებ კანონში იმისთის დაინერგა, რომ მომავალში შემცირდეს მიმართვები სახლის ადაპტირებისთვის დამატებითი დაფინანსების მოთხოვნის შესახებ.

იმისთავის, რომ უმუშევრობის შემთხვევაში ნორვეგიაში პირმა დახმარება მიიღოს, ის უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში უნდა მუშაობდეს, დახმარების მიღებას კი სამუშაოს დაკარგვიდან 3 დღის შემდეგ იწყებს. უმეტეს შემთხვევაში უნაზღაურებენ ხელფასის 60%–ს, თუმცა ისინი, ვისაც მაღალი შემოსავალი ჰქონდა, ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასის 60%–ზე ბევრად მეტს არ იღებენ.

 

როგორც “გარდიანი” წერს, სფერო, სადაც შვედეთი ლიდერობს სკანდინავიაში და შესაძლოა, მთელ მსოფლიოშიც, დეკრეტული შვებულებებია.  შვედეთში მშობლებს შეუძლიათ თითოეულ ბავშვზე 480–დღიანი შვებულებით სარგებლობა და უმეტეს შემთხვევაში ამ პერიოდში ისინი ხელფასის 80%–ს იღებენ. საშუალოდ, მამები ამ დროის მეოთხედით სარგებლობენ. როდესაც შვებულების დრო მთავრდება, მშობლებს შეუძლიათ ბავშვი საბავშვო ბაღში მიიყვანონ. საბავშვო ბაღები კვირაში 5 დღე, მთელი დღის განმავლობაში მუშაობს და თვეში 128 ევრო ღირს.

იაპონია

 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მთავრობის დახმარებით სარგებლობენ. იაპონიაში 7.4 მილიონი შშმ პირი ცხოვრობს. სრულწლოვანი შშმ პირები, რომელთაც დაბალი შემოსავალი აქვთ, თვეში 212 ევროს იღებენ. ოჯახები, სადაც 20 წლამდე შშმ პირია, თვიურად 393-დან  262 ევრომდე იღებენ. მიღებული ანაზღაურების რაოდენობა შშმ პირის შეზღუდული შესაძლებლობის სახეზეა დამოკიდებული. თუ ბავშვს მუდმივი მზრუნველობა ჭირდება, ოჯახი დამატებით 111 ევროს ოდენობით თანხას მიიღებს.

იაპონიაში დასაქმების დაზღვევა ვრცელდება ყველა კომპანიაზე, რომელსაც 1 თანამშრომელი მაინც ჰყავს და იცავს დასაქმებულებს მანამ, სანამ ისინი საპენსიო ასაკს, 65 წელს არ მიაღწევენ. არსებობს უმუშევართა დახმარების 3 სახე:  ეხმარებიან მათ, ვინც სამუშაოს მოულოდნელად დაკარგავს; ეხმარებიან სამუშაოს მაძიებლებს, რომ იპოვონ სამსახური, და იმათ, ვინც კონტრაქტის გამო პერიოდულად უმუშევრები არიან.

რუსეთი

 

რუსეთში უმუშევრობის დაფინანსება საკმაოდ მიზერულია. უმუშევრები მას მაქსიმუმ 12 თვის განმავლობაში იღებენ და ეს თანხა თვეში მინიმუმ 16  და მაქსიმუმ 92 ევროს შეადგენს. თანხა, რასაც უმუშევარი მიიღებს, მის სამუშაო გამოცდილებასა და იმ მიზეზზეა დამოკიდებული, თუ რატომ დარჩა ის სამუშაოს გარეშე. ეს შეღავათები ძირითად საცხოვრებელ ხარჯებსაც კი ვერ ფარავს: 2014 წელს რუსეთში საარსებო მინიმუმი თვეში 156 ევროს შეადგენდა.

 

ავადმყოფობის შემთხვევაში დასაქმებულებს ხელფასის გარკვეული ნაწილი აუნაზღაურდებათ. ანაზღაურება გაიცემა ზედიზედ 4 თვის განმავლობაში, ან წელიწადში 5 თვის განმავლობაში.  გაცემული თანხის რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ხნის მუშაობის სტაჟი აქვს ადამიანს და მერყეობს მათი ხელფასის 60%-დან 100%-მდე. თუმცა ამ სახით მიღებული თანხის რაოდენობა წელიწადში 7 744 ევროს არ უნდა აღემატებოდეს. შესაბამისად, ვისაც მაღალი შემოსავალი აქვს, ავადმყოფობის დროს ხელფასის მხოლოდ მცირე ნაწილი აუნაზღაურდება.

 

დაბალშემოსავლიანი ოჯახები უფრო მეტ დახმარებას იღებენ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ 3 ან მეტი შვილი, ან ოჯახის წევრი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია. დაბალშემოსავლიანი ოჯახები ასევე იღებენ ფასდაკლებას ზოგიერთ საკვებსა თუ წამალზე.

 

რუსეთში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები 3 კატეგორიად იყოფიან: პირველ ჯგუფს მიეკუთვნება ის, ვისაც საერთოდ არ შეუძლია მუშაობა და გამუდმებულ ზრუნვას საჭიროებს; მეორე ჯგუფში შედიან ადამაინები, რომელთაც არ შეუძლიათ მუშაობა, თუმცა არ საჭიროებენ მუდმივ მზრუნველობას; მესამე ჯგუფში კი შედიან ისინი, ვისაც შრომისუნარიანობა 50%-ზე მეტით აქვს შემცირებული. ანაზღაურება სწორედ ამ ჯგუფზეა დამოკიდებული და მერყეობს თვეში 132-დან 140 ევრომდე. მათთვის, ვისაც  მუდმივი შეზღუდული შესაძლებლობა აქვს, ყოველთვიური დახმარება 444 ევროს აღწევს.

 

თუმცა რუსეთში შშმ პირების დიდი ნაწილი იბრძვის იმისთვის, რომ მიიღონ ის თანხა, რაც მათთვის არის გამოყოფილი. ასევე, ქალაქების უმეტესობა არ არის ადაპტირებული შშმ პირთა საჭიროებებისთის. ის შშმ პირები, რომელთაც შეუძლიათ მუშაობა, ხშირად ვერ იწყებენ სამსახურს დისკრიმინაციის გამო.

 

 

აშშ

 

ამერიკელები, რომლებიც სამსახურის გარეშე რჩებიან, იღებენ ფინანსურ დახმარებას, თუმცა ამისთვის ისინი გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ. უმუშევრად დარჩენილებმა უნდა დაამტკიცონ, რომ სამსახურის დაკარგვაში მათ “დანაშაული” არ მიუძღვით. ზოგიერთ შტატში უმუშევრობის დაზღვევის ანაზღაურება მხოლოდ 14 კვირის განმავლობაში გრძელდება. ყოველკვირეული ანაზღაურება, რომელსაც უმუშევრად დარჩენილები იღებენ, მათ ადრინდელ ხელფასზეა დამოკიდებული.

 

ადამიანები, რომლებიც 6 თვეზე მეტი დროის განმავლობაში არიან უმუშევრები, შესაძლოა ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ, თუკი სამსახურს დროულად არ მოძებნიან. 6 მილიონზე მეტ ამერიკელს საკვების ტალონების გარდა სხვა შემოსავალი არ აქვს (2011 წლის მონაცემებით). ზოგიერთმა უკიდურესად გაჭირვებულმა ოჯახმა შესაძლოა ფინანსური დახმარების პროგრამით ისარგებლოს, თუმცა ეს რთული მისაღებია.

 

აშშ–ში დახმარება, რომლის მოთხოვნაც შშმ პირებს შეუძლიათ, გაიცემა  სოციალური უსაფრთხოების ადმინისტრაციის მიერ. ასეთი დახმარების ერთ–ერთი სახე ფინანსდება დასაქმებულის და დამსაქმებლის სახელფასო ბეგარით. დაახლოებით 9 მილიონი ზრდასრული მოქალაქე სარგებლობს ამ დაზღვევით (მათ შორის ისინი, ვინც დამატებით დახმარებას საჭიროებენ). მხოლოდ 4 ადამიანი 10–დან იღებს თანხმობას დაფინანსებაზე მთელი რიგი მკაცრი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ. დახმარების მიმღებთა მეხუთედი კი  სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. დახმარება თვეში საშუალოდ 1140 დოლარს უდრის, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია დახმარებაზე, რომელსაც შშმ პირებს სხვა განვითარებული ქვეყნები სთავაზობენ. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *