საზოგადოება

93 წლის ივლიტა: გერმანიაში გაფრენაზე ვოცნებობ

19 მარტი, 2015 •
93 წლის ივლიტა: გერმანიაში გაფრენაზე ვოცნებობ

“რომ არა ეს ცენტრი, 2010 წელს შვილის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს ალბათ ვერ გადავიტანდი”, – ამბობს ივლიტა.

 

შაბათ-კვირის გარდა, ცენტრის გახსნისთანავე ადგილზეა. არასდროს იგვიანებს.

 

“ერთი სული მაქვს, აქ [ცენტრში] მოვიდე. განსაკუთრებით ზამთარში მიჭირს სახლში გაჩერება, ცივა. ისე, ნორმალური პენსია რომ მქონდეს, აქ რა მინდა. არ მესმის, რატომ მოგვატყუეს, გაიზრდება პენსიაო. ტყუილი არ არის კარგი”, – ამბობს პენსიონერი.

 

“ჰარმონიაში” ივლიტა კუჭაიძე ყველაზე მოხუცია. ცენტრის თანამშრომელი მონიკა ამბობს, რომ ივლიტა არასოდეს წუწუნებს ჯანმრთელობაზე და წამლებსაც არ ითხოვს.

 

“მე თავადაც მიკვირს, რომ ბევრი არაფერი მაწუხებს, ჩემი განვლილი ურთულესი ცხოვრების მიუხედავად. თუ გული შემაწუხებს, ვალიდოლი მაქვს და იმას დავლევ ხოლმე. ზედმეტი წამლის დალევა არც ყოფილა კარგი”.

 

20 წლის ასაკში მეორე მსოფლიო ომში ექთნად მოუწია წასვლა. თბილისში, “მიხაილოვის” საავადმყოფოში მუშაობდა, როდესაც 1943 წელს სამხედრო კომისარიატიდან უწყება მიუვიდა. ამბობს, რომ ვარშავამდე მოუწია წასვლა, სადაც რამდენჯერმე აფეთქებას და სიკვდილს გადაურჩა.

 

“ავადმყოფების მოვლის დროს ტიფიც შემეყარა. ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ცოცხალი გადავრჩებოდი”.

 

2012 წელს თბილისში, ვაკის პარკში ვეტერანებისთვის გამართულ შეხვედრაზე, როგორც თავად ამბობს, უკრაინელმა კორესპონდეტმა მისი საკონტაქტო ინფორმაცია ჩაიწერა. მოგვიანებით კი დაურეკეს და, როგორც მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, რამდენიმე დღით კიევში მიიწვიეს.

 

“90 წლის ასაკში თვითმფრინავით ვიმგზავრე. მინდა გითხრათ, მშვენივრად გადავიტანე. კიევის აეროპორტში დედოფლური დახვედრა მომიწყვეს. ტელევიზიებიდანაც იყვნენ, გადამიღეს. ძალიან კარგი მოგონებები დამრჩა”.

 

ამჟამად ორი ოცნება აქვს – “კიევში ჩასვლის შემდეგ ჩემთვის ვფიქრობ ხოლმე, თუ იქ ჩავედი, რატომ არ შეიძლება გერმანიაშიც წავიდე. იქ ჩემი შვილიშვილი ცხოვრობს. მაგრამ ჩემი ოცნების შესახებ ჯერ არ იცის. არ მინდა ჩასვლის ხარჯებით შევაწუხო. კარგად ვერც მოვიფიქრე, ღირს თუ არა მისთვის თქმა. არ ვიცი. კიდევ ის მინდა, რომ დიდხანს ვიცოცხლო. სიცოცხლე ძალიან ტკბილი ყოფილა. არ მინდა სიკვდილი.”

 

“ჰარმონიაში” თითქმის მთელი დღე კითხვაში ატარებს. მადლობელია ცენტრის, რომ ყოველდღე ახალი პრესით ამარაგებენ ბენეფიციარებს.

 

ფონდი კარიტასი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მხარდასაჭერად პროგრამებს 1994 წლიდან ახორციელებს. ამჟამად ცენტრს 40 ბენეფიციარი ჰყავს. მათი დიდი ნაწილი პენსიონერია. ჟურნალ-გაზეთების კითხვის გარდა, აქ ადამიანებს შეუძლიათ კერვა, ქსოვა, ქარგვა, ჭადრაკის თამაში, ტელევიზორის ყურება, შხაპის მიღება. ამასთან, ცენტრში მათთვის უფასოა ჩაი და დღეში ერთჯერადი კვება.

 

“ჰარმონიის” წარმომადგენელი მონიკა ამბობს, რომ ერთადერთი პრობლემა გაფუჭებული სარეცხის მანქანაა, რომლის ყიდვას ცენტრი საკუთარი ძალებით ამ ეტაპზე ვერ ახერხებს.

 

“ძალიან რთულია უმწეო მოხუცებისთვის საკუთარი ტანსაცმლის ხელით რეცხვა. იმედია, ამ წლის განმავლობაში რამეს მოვახერხებთ და ვიყიდით”, – ამბობს მონიკა.


ივლიტა კუჭაიძეს თავისი ახალგაზრდობის ფოტო ჩანთით დააქვს; ფოტო: ნეტგაზეთი
ივლიტა კუჭაიძეს თავისი ახალგაზრდობის ფოტო ჩანთით დააქვს; ფოტო: ნეტგაზეთი

—————————————————————————–

თუ გსურთ დაეხმაროთ მოხუცებს სარეცხი მანქანის შეძენაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ფონდ “კარიტასს”: +995 32 225 0193,

ან გადარიცხოთ თანხა შემდეგ ანგარიშზე:

ს.ს “ვითიბი ბანკი ჯორჯია”

ბანკის კოდი: UGEBGE22

ანგარიშის მფლობელი: საქველმოქმედო ფონდი “საქართველოს კარიტასი”  [საიდენტიფიკაციო კოდი: 211334091

ანგარიში: GE79VT6600777777773608

დანიშნულებაში მიუთითეთ: მოხუცებისთვის სარეცხი მანქანის შესაძენად

მასალების გადაბეჭდვის წესი