საზოგადოება

WIKIPEDIA-ს ამარა – როგორ ეძებენ მოსწავლეები დამატებით წყაროებს

5 მარტი, 2015 • • 2503
WIKIPEDIA-ს ამარა – როგორ ეძებენ მოსწავლეები დამატებით წყაროებს

მარინა პოლიაკოვა ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეა. ის ამბობს, რომ გაკვეთილის ირგვლივ დამატებითი წყაროების მოძიების მეთოდებს სკოლაში არ ასწავლიან: “მასწავლებელი გვეუბნება ან რომელიმე წიგნში მოიძიეთ, ან რომელიმე საიტზე. კონკრეტულ ვებგვერდებს არ მიგვითითებენ – ვთქვათ, სად დევს უფრო სანდო და აკადემიური ინფორმაცია, რომელი საიტები უფრო გამოგვადგება და ა.შ.”


მარინა ამბობს, რომ განსხვავებულ ინფორმაციებს ბეჭდურ წყაროებში თითქმის არ ეძებენ: “ინტერნეტი მირჩევნია, მაგრამ ქართულ საიტებზე ძალიან ცოტაა გამოსადეგი ინფორმაცია, უფრო რუსულ საიტებზე შევდივარ. ყველაზე ხშირად რუსულ “ვიკიპედიას” ვიყენებ, თუმცა, როგორც ვიცი, აქ განთავსებული ინფორმაცია ბოლომდე არ არის სანდო”.


აგატა ჩიბურდანიძე მარინას თანაკლასელია. საგნობრივი ცოდნის გასამყარებლად ისინი ძირითადად ინტერნეტუროკ.რუ-ს მიმართავენ, რადგან რუსულ სექტორზე სწავლობენ და ქართულ წყაროებთან წვდომა ნაკლებად აქვთ.


“ჩვენ ძველი თაობის მასწავლებლები გყავს, ინტერნეტით თითქმის არ სარგებლობენ და არც ელექტრონულ წყაროებს იყენებენ. ერთადერთი, ქართულის მასწავლებელია, რომელიც გვითითებს, სად უნდა მოვიძიოთ ვთქვათ ნაწარმოებები. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როცა არასწორი ინფორმაცია აგვიღია და ამის გამო ქულა დაუკლია მასწავლებელს”, – გვეუბნება აგატა.

ფოტო გადაღებული ბათუმის #7 საჯარო სკოლაში
ფოტო გადაღებული ბათუმის #7 საჯარო სკოლაში

ბათუმის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვისაც დამატებითი წყაროების საძიებელი ადგილი ვიკიპედია და Google-ია.


“ისტორიისა და გეოგრაფიის მასალებისთვის ვიყენებთ, სხვა რა უნდა გამოვიყენოთ”, – ამბობენ ისინი.


მაღალი კლასის მოსწავლეები ყველაზე ხშირად განათლების სამინისტროს ვებგვერდით სარგებლობენ, სადაც საგამოცდო პრეტესტებია განთავსებული. “ამ გვერდზე შევდივართ ყველაზე ხშირად და ტესტებს ვაკეთებთ”.


მიშიკო მახარაძეც მე-11-სკოლელია, ინტერნეტრესურსებიდან ისიც აქტიურად მოიხმარს “ვიკიპედიას”, თუმცა ტექნიკური საგნების გასაღრმავებლად ელექტრონულ ლაბორატორიასაც იყენებს. “ელექტრონულად ვაკეთებ ცდებს და ძალიან მეხმარება”, – გვეუბნება ის.


მისთვის საჭირო ინფორმაციას “ვიკიპედიაზე” ეძებს პირველი სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ ანთაძეც: “მასწავლებლები ვერ გვითითებენ წყაროებს, რადგან ბევრი მასწავლებელი საერთოდ არ იყენებს კომპიუტერს. თუ მჭირდება რაღაც ინფორმაცია, მე თვითონ ვეძებ, უფრო ხშირად “ვიკიპედიაზე”.


ნათელა კახიძე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. მას ინტერნეტრესურსების გამოყენებას ბეჭდური წყაროები ურჩევნია: “ბავშვებს ეზარებათ წიგნებზე მუშაობა, იოლი გზა ურჩევნიათ, ამიტომ წყაროებსაც თვითონ ეძებენ. ელენე დარიანზე როცა ვთხოვე ინფორმაცია, მოიტანეს”.


თინა ქააძეც ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. მისი აზრით, ლექსიკონზე მუშაობის დროს “ვიკიპედია” ყველაზე ეფექტური წყაროა. “სხვა რა უნდა გამოიყენონ. თუ რაიმე კვლევა გვჭირდება ლიბ.გე-ს ან ლიტერატურა. გე-ს ვუთითებ. არის ილიას უნივერსიტეტის კვლევებიც და შეიძლება მისი გამოყენებაც, თუმცა მოსწავლეებს ეზარებათ”.


მარინა დეკანაძე ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის მესამე კლასის მასწავლებელია. მისი თქმით, ინტერნეტრესურსებს პირველი საფეხურის მოსწავლეები უფრო ხშირად იყენებენ, რადგან საგაკვეთილო პროცესი კომპიუტერის გამოყენებაზეა მიბმული.


“თითქმის ყველა გაკვეთილის ელექტრონულად დამუშავება მიწევს. მე თვითონ ვეძებ ვიდეომასალებს, ვამონტაჟებ და შემდეგ როუტერის მეშვეობით ვაწვდი მოსწავლეებს”.


როგორც მასწავლებელი ამბობს, ვიდეომასალებს ძირითადად youtube-დან იღებს ან საბავშვო ტელეარხებს იყენებს.


ის, რომ სკოლა ცოდნის ხარისხის ამაღლების მიზნით დამხმარე ლიტერატურის გარდა საგანმანათლებლო ელექტრონულ რესურსებსაც უნდა იყენებდეს, ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც წერია. თუმცა, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსი ნათია ჯოხაძე ამბობს, ელექტრონული წყაროების მითითებასა და ინტერნეტის შინაარსიანად გამოყენების სწავლებაზე მასწავლებელია პასუხისმგებელი.


ნათია ჯოხაძის თქმით, ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს იმას, რომ სკოლამ მოსწავლეს უნდა განუვითაროს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპეტენციები, “მაგალითად, მოსწავლეს უნდა შეეძლოს პრეზენტაციების მომზადება, რაღაცის შედარებითი ანალიზი, ფოტოკოლაჟის გაკეთება, რაც თავისთავად ცხადია, მოითხოვს წყაროების მოძიებას, რომელიც შეიძლება მიუთითოს მასწავლებელმა”.


მასწავლებელი ვალდებულია ჩართული იყოს ისტ-ის (ინფორმაციულ-საკომინუკაციო ტექნოლოგიები) სისტემაშიც, რომელსაც ეროვნული გეგმა ითვალისწინებს, გაწერილია უნარებიც და ღირებულებებიც, “თუმცა, ამას კლასში მასწავლებელი როგორ ახორცილებს, ეს უკვე პედაგოგზეა დამოკიდებული”.

მასალების გადაბეჭდვის წესი