საზოგადოება

პროტესტი მუსიკით – საყდრისის დასაცავად აქციები გრძელდება [ფოტო/ვიდეო]

22 დეკემბერი, 2014 • 1793
პროტესტი მუსიკით – საყდრისის დასაცავად აქციები გრძელდება [ფოტო/ვიდეო]

 

“ჩვენ უკვე კვირაზე მეტია, ყოველდღიურად ვიკრიბებით და ვთხოვთ კულტურის მინისტრს, რომ მოაწეროს ხელი ერთ კონკრეტულ დოკუმენტს, რომლის საშუალებითაც საყდრისში შეჩერდება სამუშაოები. რაც, ვფიქრობ, რომ ძალიან მარტივია იმის გათვალისწინებით, რომ როცა საჭირო იყო, ერთ დღეში ძალიან ბევრი დოკუმენტი განიხილეს და ხელი მოაწერეს, რაც საყდრისის დანგრევას უწყობდა ხელს,”– განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ, სალომე ფაჩუაშვილმა.

 

აქცია–კონცერტის ორგანიზატორებმა, შოთა და თორნიკე ადამაშვილებმა ნეტგაზეთთან საუბრისას თქვეს, რომ ეს იდეა 19 ოქტომბერს საღამოს, საყდრისის დასაცავად გამართული ერთ–ერთი აქციის შემდეგ დაებადათ. 

 

მუსიკოს შოთა ადამაშვილის თქმით, აქციას ბევრი მხარდამჭერი არ ჰყავს.

 

“არტისტებისგანაც გვაკლია მხარდაჭერა. ვიღაცები წუწუნებენ იქ, რომ სამთავრობო კონცერტებზე რატომ არ გვეძახიან, ეს არის თურმე მათთვის პრიორიტეტული. ესენი არიან სამეფო კარის მომღერლები. ვისაც შეუძლია, როგორც შეუძლია, ხან სამსახურიდან გამოიქცევა, მღერის 1–2 სიმღერას და მხარს გვიჭერს. აქ ზოგს გონია, რომ ტაშ–ფანდურაა, ტაშ–ფანდურა კი არა, ჩვენ მუსიკოსები უბრალოდ აქ, სიცივეში მდგომ ხალხს, ვინც აპროტესტებენ ამას, ვუერთდებით ჩვეულებრივ და ვუმსუბუქებთ შედარებით აქ ყოფნას, ერთგვარი გამოხატვის ფორმაა ეს. მხიარულ სიმღერას თუ დაუკრავ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ არ აპროტესტებ ამ ყველაფერს,”– ამბობს შოთა ადამაშვილი


მისი თქმით, აქციის მონაწილეებს საკმარისი რესურსები არ აქვთ, რომ ხშირად იარონ საყდრისში და ადგილზე შეამოწმონ, თუ როგორი ვითარება არის იქ. 


“ისღა დაგვრჩენია, რომ ვებრძოლოთ, რითაც შეგვიძლია. მართალია, ჩვენს იგნიორირებას აგრძელებენ, მაგრამ ჩვენ სინდისი არ მოგვასვენებს, ასე რომ, დავდგეთ და ინერტულად და ნიჰილისტურად მივუდგეთ ამ ყველაფერს,”– თქვა შოთა ადამაშვილმა. 

 

მწერალი და მუსიკოსი ტორესა მოსი ამბობს, რომ აქციები პერმანენტულად გაგრძელდება და მუსიკოსები ყოველდღიურად შეენაცვლებიან ერთმანეთს.

 

“პოლიტიკური პასუხისმგებნლობა აიღონ იმ ადამაინებმა, ვინც ამ აფეთქებაზე მწვანე აანთეს და დაიწყოს დიალოგი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. დღეს რეალურად რაც ხდება საყდრისზე, არის წლების განმავლობაში დალექილი არასწორი დამოკიდებულებების შედეგი, რომელსაც ახლა ვიმკით და კულმინაციას მიაღწია უკვე კულტურული მომკვიდრეობის აფეთქების სახით,”– ამბობს ტორესა მოსი. 

 

როგორც მან ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, მთავრობის უმოქმედობის შემთხვევაში თავიანთ პოზიციას საარჩევნო ყუთთან დააფიქსირებენ

 

“თუ მთავრობა არაფერს არ იზამს, რევოლუციას ნამდვილად არ ვაპირებთ, უბრალოდ ძალიაან მარტივად, ამ ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ არსებობს დემოკრატიული მექანიზმები, კალმებით ხელში მივალთ საარჩევნო ურნასთან და ძალაინ მარტივად შევცვლით არჩევანს,” – განაცხადა მან.

 

აქცია საყდრისის დასაცავად მთავრობის კანცელარიის წინ 22.12.2014
აქცია საყდრისის დასაცავად მთავრობის კანცელარიის წინ 22.12.2014

აქცია საყდრისის დასაცავად მთავრობის კანცელარიის წინ 22.12.2014
აქცია საყდრისის დასაცავად მთავრობის კანცელარიის წინ 22.12.2014

აქცია საყდრისის დასაცავად მთავრობის კანცელარიის წინ 22.12.2014
აქცია საყდრისის დასაცავად მთავრობის კანცელარიის წინ 22.12.2014

აქცია საყდრისის დასაცავად მთავრობის კანცელარიის წინ. აქციის ერთ–ერთი მონაწილე დანარჩენებს  ჯემს ურიგებს 22.12.2014
აქცია საყდრისის დასაცავად მთავრობის კანცელარიის წინ. აქციის ერთ–ერთი მონაწილე დანარჩენებს ჯემს ურიგებს 22.12.2014

მსვლელობა საყდრისის დასაცავად მთავრობის კანცელარიდან კულტურის სამინისტროს მიმართულებით 22.12.2014
მსვლელობა საყდრისის დასაცავად მთავრობის კანცელარიდან კულტურის სამინისტროს მიმართულებით 22.12.2014

აქცია საყდრისის დასაცავად კულტურის სამინისტროს წინ 22.12.2014
აქცია საყდრისის დასაცავად კულტურის სამინისტროს წინ 22.12.2014

 

კომპანია „RMG“-მ 13 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა. კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა. განახლებული სამუშაოების ფარგლებში საყდრისში ორი აფეთქება განხორციელდა. 

 

საყდრისის მაღარო 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა. 2013 წლის 5 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მას არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ხოლო პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებით, არქეოლოგური ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩა.

მასალების გადაბეჭდვის წესი