საზოგადოება

კონფერენცია ხუდონჰესზე გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირების გარეშე [ვიდეო]

22 სექტემბერი, 2014 • • 1950
კონფერენცია ხუდონჰესზე გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირების გარეშე [ვიდეო]


“მიუხედავად მოწვევისა, კონფერენციაში მონაწილეობა არ მიუღიათ ენერგეტიკის,  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებს. თუმცა მათმა წარმომადგენლებმა საკუთარი უწყების პოზიციები დააფიქსირეს. კონფერენციას ენერგეტიკის სამინისტროს არც ერთი წარმომადგენელი არ დასწრებია”, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

“ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა ხუდონჰესის საკითხის მოგვარებაში არის მნიშვნელოვანი. ამ პროცესებში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების დაცვა არის ამოსავალი წერტილი ჩვენთვის. ის დრო, როდესაც ერთი ადამიანი იღებდა ხალხის ნაცვლად გადაწყვეტილებას, ვფიქრობ, წარსულს ჩაბარდა და ამ მხრივაც არის მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოება იყოს აქტიურად ჩართული ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში”, – განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მესტიაში გამართულ შეხვედრაზე.

მან საქართველოს ხელისუფლებას შეახსენა მიმდინარე წლის მაისში სახალხო დამცველის აპარატის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია ხუდონჰესის მშენებლობის კანონიერებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, საქართველოს მთავრობისგან შესაბამის სამინისტროებს უკვე დაეგზავნათ თხოვნა, რომ მოახდინონ რეაგირება რეკომენდაციებზე, თუმცა, რა მოხდა ამის შემდგომ, სახალხო დამცველის აპარატისთვის უცნობია.

 

“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით შეფასდეს ინვესტიციის მიმზიდველობა და გაკეთდეს ეკონომიკური ანალიზი; მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იქნეს საზოგადოების ადეკვატური, დროული და ეფექტური ინფორმირება გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე; ჰესის მშენებლობისათვის საჭირო ნებართვების გაცემისას უზრუნველყოფილი იქნეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გადაწყვეტილების მომზადებისა და მიღების წესის დაცვა; მოსახლეობასთან შეთანხმებით შემუშავდეს ადგილობრივ მაცხოვრებელთა განსახლების სამოქმედო გეგმა, განსახლების პოლიტიკა და მონიტორინგის გეგმა; კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მიღებულ იქნეს სვანეთის მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით; დაბოლოს – შეფასდეს ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი ქვეყნის უსაფრთოების თვალსაზრისით,” – ეს არის ის რეკომენდაციები, რაც სახალხო დამცველმა უკვე მისცა ხელისუფლებას ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით.

 

ომბუდსმენის თქმით, მშენებლობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი პროცედურა უნდა მოვიდეს შესაბამისობაში საერთაშორისო ნორმებთან, რაც ამ ეტაპამდე არ გაკეთებულა.

 

“აქ პრობლემა მდგომარეობს, როგორც კანონმდებლობაში, ისე მთლიანად ამ პროცესში, თუ როგორ მიმდინარეობს ზოგადად ჰესის მშენებლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი და სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებების ჩართულობა. ბუნებრივია, ეს პროცესი მთლიანად კავშირშია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლების განხორციელებაზე სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასთან. ამ უფლების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურები ვალდებულნი არიან გარკვეული მოქმედებები განახორციელონ. საქართველოს კანონმდებლობა და პრაქტიკა გარკვეულწილად, სამწუხაროდ, წინააღმდეგობაში მოდის, იმასთან, რომ სახელმწიფომ სრულად უზრუნველყოს ამ უფლების დაცვა,” – განაცხადა მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსმა, ნათია კაციტაძემ.

კონფერენცია მესტიაში ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გაიმართა. ფონდის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში, ია თიკანაძე აცხადებს, რომ ხუდოჰესის პროექტის კანონიერებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა რჩება უპასუხოდ. მისი თქმით, ადგილობრივ მოსახლეობა არაინფორმირებულია, რაც ბადებს გარკვეულ სამართლიან ეჭვს იმის შესახებ, რომ პროცესი არ არის გამჭვირვალე და საჯარო. თინიკაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ხუდონჰესი არ არის მხოლოდ ხაიშელების პრობლემა, თუმცა, პირველ რიგში. ეს პროექტი მათ ეხება. როგორც თიკანაძე აცხადებს, თუ ხუდონის მშენებლობაზე გადაწყვეტილება მიიღება, ადგილობრივებმა უნდა შეიცვალონ ცხოვრების წესი და სწორედ მათ ემუქრებათ ყველაზე დიდი საფრთხე.

 

კონფერენციას ესწრებოდა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კახა ჟორჟოლიანი, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას დისკუსიაში მონაწილეობისათვის. მისი თქმით, ეს პროცესი დღეს არ დაწყებულა და აქამდეც ბევრი სამუშაო გასწიეს ხაიშის მოსახლეობასთან.


პროექტის მიხედვით, 14 დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის გამოსახლება გახდება საჭირო, მათ შორის ხაიშიდან. 18.09.2014. სოფელი ხაიში, სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარე, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე
პროექტის მიხედვით, 14 დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის გამოსახლება გახდება საჭირო, მათ შორის ხაიშიდან. 18.09.2014. სოფელი ხაიში, სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარე, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე

 

“მოდი, გავხსნათ ყველაფერი, გავხადოთ მაქსიმალურად გამჭვირვალე ხაიშის თემა. აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ, რა დადებითი და უარყოფითი მოაქვს ხუდონს; როგორ პოლიტიკას აკეთებს სახელმწიფო. მოგეხსენებათ, რომ ხუდონი არ იყო დღევანდელი გადაწყვეტილება. გადაწვეტილება მიღებული იყო და მერე ამ გადაწყვეტილების განზოგადებაზეა ლაპარაკი. ხაიშის მოსახლეობას მინდა მივმართო, რომ ჩვენ პირველივე დღიდან გითხარით თქვენ – რაც მოხდება, ყველა ეტაპი იქნება გამჭვირვალე და მაქსიმალურად იქნება ეს თქვენთან მოტანილი,” – განაცხადა მესტიის გამგებელმა და დროის უქნოლობის გამო კონფერენცია პირველივე ნაწილში დატოვა.

 

მესტიაში გამართულ კონფერენციაზე ხუდონჰესის პროექტის ხარვეზებსა და კანონიერებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარადგინა “მწვანე ალტერნატივის” დირექტორმა, მანანა ქოჩლაძემ.

 

„ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი და სხვა მაღალჩინოსნები გამოდიან და იძახიან, რომ ხუდონჰესი აუცილებლად აშენდება, მაშინ, როდესაც არ არსებობს დამტკიცებული ტექნიკური პროექტი, არ არსებობს დამტკიცებული გარემოზე ზემოქმედების შეფასება და მშენებლობის ნებართვა, მიგვაჩნია უფლებამოსილების გადამეტებად და ზეწოლად იმ სტურქტურებზე, რომლებმაც უნდა გასცენ ნებართვა. ზეწოლაა, აგრეთვე, ადგილობრივ მოსახლეობაზე და არასამთავრობოებზე, რაც ჩვენ საკმაოდ ხშირად დაგვიფიქსირებია. გამონათქვამები, რომ „რაც არ უნდა იყიყინონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ჩვენ მაინც ავაშენებთ ხუდონჰესს“, ერთი მხრივ, არ მატებს დამაჯერებლობას პროექტის მესვეურებს და მეორე მხრივ, გაუთავებელი ძახილი იმაზე, რომ თურმე ვართ რუსეთის აგენტები, რომლებსაც არ გვინდა ქვეყნის განვითარება, ასევე, არ მატებს პროცესს არც გამჭვირვალობას და არც მოქალაქეთა ჩართულობას,” – განაცხადა ქოჩლაძემ.

შეიძლება თუ არა, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ დათმოს თავისი პოზიცია, ამის შესახებ ხაიშის მკვიდრს, ზურაბ ნიჟარაძეს ვკითხეთ. ხაიშელი პედაგოგი, რომელიც აქტიურად არის ჩართული ხუდონჰესის თემაზე გამართულ დისკუსიებში, ამბობს, რომ სოფლიდან ცოცხალი თავით არ წავლენ ადგილობრივები:

“გამორიცხულია. იქიდან ჩვენ ცოცხალი თავით არ წავალთ და დარწმუნებული ვარ, რომ საღად მოაზროვნე ადამიანთა უმრავლესობა ჩვენ მხარს დაგვიჭერს. დაიძლევა ეს პრობლემა, მაგრამ არ უნდა მივიდეს აქამდე; არც ხალხს წაადგება ეს, არც ხელისუფლებას და ქვეყანასაც თავისთავად არ წაადგება ასეთი მიდგომები.”

ნიჟარაძე აცხადებს, რომ მესტიაში გამართული დისკუსიით კმაყოფილია, თუმცა, მისი თქმით, უპრიანი იქნებოდა სამინისტროს პირველი პირები ან მათი მოადგილეები მაინც ყოფილიყვნენ კონფერენციაზე.

“ისეთი პიროვნებები არიან წარმოდგენილი სამინისტროებიდის მხრიდან, რომლებიც ვერც კონკრეტულ პასუხს იძლევიან და ვერც კონკრეტულ დასკვნებს აკეთებენ ამა თუ იმ საკითხებზე. მათი კომპეტენცია ხომ გარკვეულ ზღვრამდეა. ისინი არ არიან პირველი პირები და არ არიან გადამწყვეტები ამ შემთხვევაში.  შესაბამისად, ხუდონთან მიმართებაში მათი კომპეტენცია ვერ აკმაყოფილებს სათანადო დონეს. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე გამოთქვეს მზაობა ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ და პრემიერ-მინისტრმა, ისინი სვანეთის მოსახლეობას არ შეხვედრიან და საერთოდ, ასეთი ტიპის შეხვედრებზე არ მოსულან. ალბათ, მომავალში მოვლენ. იმედს ვიტოვებთ, როცა ძალიან გამწვავდება სიტუაცია, მაშინ მაინც გამოიჩენენ კეთილ ნებას. რატომ არ მოდიან? ამ შემთხვევაში, ეს არ იქნებოდა სწორი პასუხი ჩემი მხრიდან, მაგრამ როცა ადამიანს პასუხი მზად აქვს, ის მივა ყოველთვის შეხვედრაზე და დააფიქსირებს თავის პასუხს,” – ამბობს ხაიშელი პედაგოგი.

ზურაბ ნიჟარაძე ის ადამიანია, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში მოსვლამდე ჰკითხა, თუ რას ფიქრობდა ხუდონჰესთან დაკავშირებით. მაშინ ივანიშვილი მიიჩნევდა, რომ დიდი ჰესების ნაცვლად ჯობდა პატარა და საშუალო ზომის ჰესების მშენებლობით გაჯანსაღებულიყო ეკონომიკა, რითაც ნაკლები ზარალი მიადგებოდა ეკოლოგიას. ეს ივანიშვილის მხრიდან მხოლოდ სიტყვიერი დაპირება არ ყოფილა; კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთ წინასაარჩევნო პირობას დიდი კაშხლებისა და ატომური სადგურების მშენებლობის აკრძალვა წარმოადგენდა, რაც ოფიციალური დოკუმენტის 55-ე გვერდზეც წერია.


ხაიშის სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, ზურაბ ნიჟარაძე. 18.09.2014. მესტია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე
ხაიშის სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, ზურაბ ნიჟარაძე. 18.09.2014. მესტია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რამდენიმე თვეში, ივანიშვილი უკვე დიდი ჰესების მშენებლობასაც დასაშვებად ცნობს, თუ ამას ექსპერტების კვლევის შედეგები გაამართლებს. სწორედ ამ ექსპერტების კვლევის შედეგებმა აუნთო მწვანე შუქი ენერგეტიკის სამინისტროსა და ინვესტორს, რომელსაც ოფშორებში დარეგისტრირებული ინდური კომპანია “ტრანს ელექტრიკა” წარმოადგენს.

ინვესტორს რამდენჯერმე ჰქონდა მოლაპარაკების მცდელობა ხაიშელებთან, თუმცა მოსახლეობა არანაირი კომპენსაციის სანაცვლოდ არ აპირებს სოფლის დატოვებას. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ორასზე მეტმა მამაკაცმა ძველი რიტუალი აღასრულა და წმინდა გიორგის ხატზე დაიფიცა, არ დატოვონ ტაძარი, სასაფლაოები და ხაიშის მთები. ხაიშელების ცნობით, მესტიაში გამართული კონფერენციის შემდეგ ხატზე კიდევ ოცმა ადამიანმა დაიფიცა.

როგორც ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, “ტრანს ელექტრიკასთან” აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და კონკრეტული დეტალები მისი დასრულების შემდეგ გაირკვევა. ვიცეპრემიერის თქმით, გადაწყვეტილება ჰიდროელექტროსადგურის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის განხილვის შემდეგ იქნება მიღებული.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხუდონჰესის დადგმული სიმძლავრე 702 მგვტ იქნება. ხოლო, საშუალო წლიური გამომუშავება -1.5 მლრდ კვტ.სთ. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ პროექტის განმახორციელებელ კომპანიას 2014 წლის 1 მარტამდე უნდა დაეწყო მშენებლობა, ამ დრომდე ჰესის მშენებლობისათვის საჭირო ვერც ერთი ნებართვა  ვერ მიიღო. გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 111 შენიშვნის მიღების შემდეგ კომპანიას არ წარმოუდგენია გარემოზე ზემოქმედების შეფასების განახლებული ანგარიში.

მასალების გადაბეჭდვის წესი