ნეტგაზეთი | სექტემბრიდან ცხოველებისთვის წამლებს ვეტერინარები გასცემენ სექტემბრიდან ცხოველებისთვის წამლებს ვეტერინარები გასცემენ – Netgazeti
RU | GE  

სექტემბრიდან ცხოველებისთვის წამლებს ვეტერინარები გასცემენ

სექტემბრიდან იურიდიულად დარეგისტრირებული ვეტერინარები საკუთარ პაციენტებზე წამლებს დანიშნულებასთან ერთად გასცემენ, რადგანაც აფთიაქიდან მეორე ჯგუფის მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემა იკრძალება, ფორმა №3 რეცეპტის გამოწერის უფლება კი ვეტერინარს არ აქვს.

 ცხოველების უფლებადამცველი თამარ უგუზაშვილი ამბობს, რომ ცხოველებისთვის ხშირ შემთხვევაში იმ მედიკამენტებს იყენებენ, რომლებიც ჩვეულებრივ აფთიაქებში იყიდება. ესენია ანტიბიოტიკები, ტკივილგამაყუჩებლები, ალერგიის წამლები და ა.შ.

მოქმედი კანონმდებლობით, ვეტერინარულ პრეპარატებს გასცემენ მხოლოდ ვეტერინარული დაწესებულებები (აფთიაქები და კლინიკები).  მაგრამ რადგანაც ცხოველებისთვის ადამიანებისთვის განკუთვნილ წამლებსაც იყენებენ, სექტემბრიდან კი იკრძალება მეორე ჯგუფისთვის მიკუთვნებული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაყიდვა, ვეტერინარებს საშუალება ექნებათ სააფთიაქო ბაზებიდან შეიძინონ წამლები და შემდეგ დანიშნულებასთან ერთად გასცენ საკუთარ პაციენტებზე.

 

საქართველოს მთავარი ვეტერინარის, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, მიხეილ სოხაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსთან უკვე შეთანხმებულია, რომ იურიდიულად დარეგისტრირებულ ვეტერინარებს ქონდეთ მათთვის საჭირო წამლების სააფთიაქო ბაზიდან შეძენის შესაძლებლობა.

 

“ყველა ვეტერინარულ კლინიკას, რომლებიც არსებობენ საქართველოში, საბითუმოდ, ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეეძლებათ წამოიღონ მედიკამენტები შესაბამისი სააფთიაქო ბაზებიდან. ნებისმიერი მიმწოდებლისგან ისინი საბითუმოდ მიიღებენ იმ რაოდენობის წამლებს, რამდენიც მათ ესაჭიროებათ”- თქვა მიხეილ სოხაძემ.

 

როგორც აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკის მთავარი ვეტერინარი, მარიამ ჩხიკვიშვილი განმარტავს, ვეტერინარი გამოიწერს ბაზიდან იმ წამლებს, რომლებიც ჭირდება, შემდეგ გადარიცხავს თანხას და გამოიტანს მედიკამენტებს.

 

“მე რომ დავუნიშნო თქვენს ძაღლს რაღაც ანტიბიოტიკი, ის ანტიბიოტიკი მე წინასწარ უნდა მქონდეს შესყიდული ბაზიდან და მერე თქვენ იხდით შესაბამის თანხას დანიშნულებასთან ერთად,” – ამბობს მარიამ ჩხიკვიშვილი.

 

ის ამბობს, რომ ვეტერინარს წამლის გაყიდვის უფლება არ აქვს, მან მედიკამენტი მხოლოდ დანიშნულებასთან ერთად უნდა გასცეს, რაც მომსახურების ფასშიც აისახება.

 

ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია “ჰუმანიმალის” ხელმძღვანელი, სოფი ჯიბუტი მიიჩვევს, რომ ეს სისტემა ვეტერინარულ მომსახურებას გააძვირებს. მისი თქმით, თუკი ადრე ცხოველის მეპატრონეს შეეძლო ყველაზე იაფ აფთიაქში შეეძინა წამლები, ან სხვადასხვა აფთიაქში არსებული ფასდაკლების დღეებით ესარგებლა, ახლა ეს შესაძლებლობა აღარ ექნება.

 

“წამალი, რომელსაც აიღებს ბაზიდან- თან გააჩნია, რა ფასში აიღებს- შევა მომსახურების ფასში. მომსხურებას აუცილებლად იმ წამლის ფასთან ერთად დაედება ზემოდან კიდევ რაღაც პროცენტი. თუ ღირდა მომსახურება, მე რომ მიმყავდა ჩემი ძაღლი ვეტერინართან და მიჯდებოდა, ვთქვათ, 30 ლარი, ახლა შეიძლება დამიჯდეს 90 ლარი: წამლის ფასი, პლუს მომსახურება და პლუს ვიზიტის ფასი,”- ამბობს სოფი ჯიბუტი.

 

საქართველოს მთავარი ვეტერინარი კი ამბობს, რომ ეს ცვლილება ფასების მატებას არ გამოიწვევს:

 

“ადრე თუ მიდიოდა და ყიდულობდა აფთიაქში, ახლა ის იძულებული იქნება წავიდეს და საბითუმო ფასში აიღოს, რაც გაცილებით იაფია. ამიტომ მომხმარებლისთვის შეიძლება ეს იაფიც აღმოჩნდეს. მაგრამ ეს, როგორც გეუბნებით, წმინდა წყლის ბიზნესია. ასე რომ, ეს თვითონ მათზეა დამოკიდებული. მაგრამ ამან არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გამოიწვიოს გაძვირება,”- აღნიშნა ნეტგაზეთთან საუბრისას მიხეილ სოხაძემ.

 

ნინო თოფურიძეს ვაიმარის ჯიშის ძაღლი ყავს, რომელიც 2 თვის წინ სხვა ძაღლს ეჩხუბა და ოპერაციის გაკეთება დაჭირდა. მკურნალობის ფარგლებში, ძაღლს 5 დღის განმავლობაში ასმევდნენ ანტიბიოტიკებს, უკეთებდნენ გადასხმებს და გადახვევებს. საჭირო წამლებს კი აფთიაქში ყიდულობდნენ.

 

ნინო ამბობს, რომ მკურნალობის ყოველ ეტაპზე ძაღლის კლინიკაში მიყვანა მისთვის პრობლემებთან იქნება დაკავშირებული.

 

“იქნება ქრონიკული რიგი, იმიტომ, რომ ყველას, ვისაც ყავს ძაღლი, კატა თუ ნებისმიერი, ჩვეულებრივი აცრიდან დაწყებული, მკურნალობით დამთავრებული, ყველამ უნდა მიუყვანოს ვეტერინარს,” – ამბობს ის.

 

გარდა ამისა, ნინო ამბობს, რომ მისი ძაღლი დიდია (36 კგ) და გადატვირთული საზოგადოებრივი ტრანსპორტით მისი გადაყვანა ძნელია.

 

“გამოდის, რომ ყოველ ჯერზე უნდა ჩავიყვანო ტაქსით, რაც არის კიდევ დამატებით გარდა იმისა, რომ მედიკამენტებზე უნდა ვიხადო თანხა, ამას გარდა კიდევ უნდა ვიხადო ჩაყვანა-ამოყვანისას. რეალურად საკმაოდ ძვირი ჯდება,” – ამბობს ნინო თოფურიძე.

როგორც ნინო თოფურიძე, ასევე სოფი ჯიბუტი ამბობენ, რომ გამოსავალი ვეტერინარებისთვის რეცეპტების გაცემის უფლების მიცემა იქნება.

 

“ვეტერინარიც ისეთი ექიმია, როგორიც ჩვეულებრივი ადამიანის ექიმი, ისიც ცოცხალ არსებას ემსახურება და ესეც. უნდა შევიდეს ცვლილება, უნდა მიეცეთ რეცეპტის გამოწერის უფლება და იყოს სრულყოფილი ვეტერინარი, ექიმი, რომელსაც ექნება საშუალება, უმკურნალოს თავის პაციენტს,“ – ამბობს სოფი ჯიბუტი.

 

ვეტერინარისთვის რეცეპტის გამოწერის უფლების მიცემის არამიზანშეწონილობაზე საუბრობს სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი ნაილი შენგელიძე.

 

“არის ალბათობის რაღაც სერიოზული პროცენტი, რომ ვეტერინარებმა მეზობლისთვის, მეგობრისთვის, ოჯახის წევრისთვის, ნათესავისთვის, ვითომ ცხოველისთვის გამოწეროს, ფორმა №3 რეცეპტზე შეავსოს და ეს იყოს რეალურად ადამიანისთვის განკუთვნილი. გამოდის, რომ ვეტერინარიც ერთვება ადამიანის მკურნალობაში და ეს არ იქნება სწორი,” – ამბობს ის.

 

ნაილი შენგელიძე ასევე ამბობს, რომ თუკი ვეტერინარულ აფთიაქებს მეორე ჯგუფის მედიკამენტების გაყიდვის საშუალება მიეცემათ, მაშინ ადამიანების მიერ ვეტაფთიაქებში წამლების არადანიშნულებისამებრ შეძენის საშიშროება შეიქმნება.

 

“მოქალაქეთა მიგრაცია წავა უფრო მარტივი გზისკენ, შეირბენს ვეტერინარულ აფთიაქში, რასაც თვითონ თვლის, იყიდის, როგორც აქამდე იყო, და ღმერთმა უწყის ,უკვე შედეგი რა დადგება,” – თქვა ნეტგაზეთთან საუბრისას ნაილი შენგელიძემ.

“ცხოველთა უფლებების კომიტეტის” თავმჯდომარე თინათინ ჭავჭანიძე შიშობს, რომ თბილისში ცხოველებისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემის საკითხი მეტნაკლებად მოგვარდება, რეგიონებში კი უფრო მძიმე ვითარება იქნება, რადგანაც ძალიან ცოტა დარეგისტრირებული ვეტერინარული კლინიკაა.

 

“რაიონები და არაცენტრალური ქალაქები არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. არ ვიცი, სხვა ქალაქებში ასე გაფორმებული კლინიკა არსებობს თუ არა. მით უმეტეს, სოფლებში, რაიონებში, იქ საერთოდ ასეთი ვეტერინარი დარეგისტრირებული კლინიკად ცოტა ფანტაზიის დონეზე მესახება,“ – ამბობს “ცხოველთა უფლებების კომიტეტის” თავმჯდომარე.

 

ამ პრობლემის არსებობას ადასტურებს მიხეილ სოხაძეც. მისი თქმით, რეგიონებში ვეტერინარული ქსელი ნაკლებად არის განვითარებული, თუმცა ეს ცვლილება ხელს შეუწყობს მათ ჩამოყალიბებას.

 

“აღნიშნული პროცესი ამ ვეტერინარული სტრუქტურების, ასე ვთქვათ, სამკურნალოების ჩამოყალიბებას გარკვეულწილად  ხელს შეუწყობს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თავიდან გარკვეული დისკომფორტი გამოიწვიოს,” – თქვა საქართველოს მთავარმა ვეტერინარმა.

მიშა სტალინსკის ფოტო
მიშა სტალინსკის ფოტო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ქეთი მაჭავარიანი