საზოგადოება

“მამა, წიგნი წამიკითხე”

31 ივლისი, 2014 • • 5746
“მამა, წიგნი წამიკითხე”

“აჭამო, აბანაო და ათამაშო შვილი, ეს ბუნებრივი პროცესია და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ერთი რძეს არ ვაჭმევ, თორემ დედა ვარ-მეთქი, მითქვამს”, – გვეუბნება ბათუმელი ამირან ვადაჭკორია, რომელიც ოთხი წლის გიორგისთან ერთად პარკში სეირნობს. იგი მიიჩნევს, რომ შვილებისა და მამების ურთიერთობაში სწორედ ასეთი დეტალებია მნიშვნელოვანი.


“ჩემი და გიორგის სიყვარული სწორედ ამ ურთიერთობაში გამოიხატება. ხშირად ვფიქრობ იმაზე, რამდენად შინაარსიანი იქნება ის დრო, რომელსაც მე მასთან ვატარებ. ჩემი აზრით, დედისა და შვილის ურთიერთობა უფრო ბუნებრივია, მამისა და შვილის კი მიჩვევა. შოთა ნიშნიანიძის ლექსი მახსენდება, სადაც წერს: “ძლივს მიგეჩვიე და მტუქსავ თითით. არ შეიძლება, აკრძალულია. თურმე მიჩვევა ყველაზე დიდი, ყველაზე ნაღდი სიყვარულია”. პრინციპში, მამა-შვილის სიყვარული არის ეს ურთიერთობა”.


ამირან ვადაჭკორია ამბობს, რომ შვილის გაჩენის შემდეგ მასში რაღაც შეიცვალა: “გამიჩნდა შიში ვიღაცის დაკარგვის, ან შეცდომის დაშვების, საკუთარი თავისაც, რომ არსებობს ადამიანი, ვინც შენზეა დამოკიდებული. ყველაზე მკვეთრი გამოხატულება ამ ურთიერთობის იყო ის, როცა ერთ დღეს, სამსახურში წასვლისას გამომეტირა. ეს იყო შოკივით, რადგან ვხედავდი, რომ ვიღაცას ვუყვარდი ისე, რომ ტიროდა. მინდა ისე ვიცხოვრო, რომ ჩემმა შვილმა ასეთივე წრფელი ტირილით მარადიულობაშიც გამაცილოს”.


ამირან ვადაჭკორიას აზრით, მამებთან დაკავშირებით დღემდე კიდევ ერთი სტერეოტიპი მოქმედებს: “მამა, როგორც დამსჯელი, მამა როგორც სიმკაცრის სიმბოლო – ეს არ მომწონს. ვფიქრობ, მე უფრო რბილი ვარ, ვიდრე მამაჩემი იყო ჩემთან. მამის ქცევა ხშირად განაპირობებს შვილის ხასიათსაც. არ მახსოვს, რომ მამაჩემს ჩემთვის წიგნი წაეკითხოს, თუმცა თვითონ ხშირად კითხულობდა და ეს მეც გამომყვა. ვფიქრობ, მამამ მაინც მასწავლა ის, რაც ბიჭისთვის აუცილებელია – ველოსიპედის ტარება, თევზაობა… ცურვა არ გამოუვიდა”.


ამირანის აზრით, ის, რომ დღეს მშობლებსა და შვილებს შორის კომუნიკაციის პრობლემა არსებობს, ძირითადად, განათლების პრობლემაა:


“ერთხელ ბაღში ფსიქოლოგს ჰქონდა მშობლებთან შეხვედრა. ცოლმა მითხრა, შენ მიდი ეგ მამების პრობლემააო. მივედი და დამხვდა ყველა ქალი, უმეტესობა კი, ბებია. ხშირად შვილების აღზრდა, ბიჭების შემთხვევაში ამით შემოიფარგლება – “მაჩვენე პასპორტი”. ამით სიამაყე არ არის საკმარისი. სხვა შინაარსი და სხვა ურთიერთობებია მთავარი”.


რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორმა ასეთი სტატუსი დაწერა: “მშობელი (მამა) დაბადების მოწმობის ასაღებად მოვიდა სკოლაში და ჯიუტად ამტკიცებდა, რომ მისი ქალიშვილი მე-4 კლასშია. არადა, მე-6 კლასში სწავლობს”.


როგორია რეალურად მამების ჩართულობა შვილების აღზრდის პროცესში და მოდის თუ არა აღზრდის მეტი ტვირთი დედაზე? სწორედ ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად ჩატარდა კვლევა, რომელიც გასულ წელს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა.

კვლევის მიხედვით, საქართველოში მამების 82 პროცენტი, 5-იდან 12 წლამდე ასაკის შვილს არ უკითხავს წიგნებს ყოველდღე, არ უმზადებს საჭმელს, არ მიჰყავს სკოლაში ან გასართობად. შვილის ზრდასთან ერთად კიდევ უფრო მცირდება მამების კომუნიკაცია შვილებთან.


ზრდასრულობის შემდეგ ბიჭი, რომელიც ასეთ გარემოში იზრდება, მამის ჩვევებს ინერციით იმეორებს: არ დაყვებიან მეუღლეს კონსულტაციაზე, მამების მხოლოდ ხუთი პროცენტი ესწრება მშობიარობას, მამაკაცების 70 პროცენტი მიიჩნევს, რომ ოჯახის დაგეგმვა მხოლოდ ქალის საქმეა. კვლევის მიხედვით, ოჯახში გადამწყვეტი სიტყვა კაცს ეკუთვნის. თუმცა, კაცების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში გენდერული თანასწორობა არსებობს.


შვილების აღზრდაში მამების თანამონაწილეობის გაზრდის მიზნით, გაეროს მოსახლეობის ფონდმა დაიწყო კამპანია – “მამა წიგნი წამიკითხე”, რომლის ფარგლებში არაერთი კლიპი მომზადდა. კამპანიის მიზანია მშობლებს, განსაკუთრებით კი მამებს, მიაწოდოს ინფორმაცია მამების ბავშვის აღზრდაში ჩართულობის, შვილებთან ინტენსიური ურთიერთობის, თამაშის, წიგნების კითხვის აუცილებლობის და მნიშვნელობის შესახებ. კამპანიის ფარგლებში მომზადებულ ვიდეორგოლებში მამები საუბრობენ თავიანთ როლზე ბავშვის აღზრდაში, იმაზე, რომ კომპლექსები – “პამპერსის გამოცვლა, საჭმლის მომზადება, არ არის კაცის საქმე”, – ეს მხოლოდ არასწორი აღზრდის შედეგია.


 

მამები, რომლებმაც გააცნობიერეს შვილის აღზრდის პროცესში თანამონაწილეობის მნიშვნელობა, ამბობენ, რომ “ბავშვის მოვლა არ არის კარგი მამობა, ეს მოვალეობაა”, რომ “მამა არ უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც საღამოს მოვა, ცოტა ხნით გაუღიმებს ბავშვებს, დაწვება და დაიძინებს”.


როგორ უნდა შეიცვალოს შვილებთან დამოკიდებულებაში მამების სტერეოტიპული მიდგომები და ვის რა როლი აკისრია ამ პრობლემის მოგვარებაში?


გაეროს მოსახლეობის ფონდის კომუნიკაციის სპეციალისტის მირიან ჯუღელის თქმით, კვლევის მიზანი სწორედ ამ საკითხზე დისკუსიის დაწყება იყო: “არსებობს ბევრი სტერეოტიპი ამ მიმართულებით და გვინდოდა გვენახა, როგორი იყო რეალური შედეგი, შედარება გაგვეკეთებინა სხვა ქვეყნებთანაც. ვფიქრობ, ეს კვლევა უნდა იყოს საინტერესო იმ პროექტებისთვის და სახელმწიფო პროგრამებისთვის, რომელიც ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მიღწევით არიან დაინტერესებული”.


მირიან ჯუღელის აზრით, შვილების აღზრდაში მამების ჩართულობის ასამაღლებლად, ბევრ ქვეყანაში არსებობს “მამების სკოლა”, რომლის განხორციელებაც სამომავლო ეფექტს მოგვცემს.


“მომავალ მამებს შეუძლიათ ასეთ სკოლაში მივიდნენ და მიიღონ სასარგებლო რჩევები, თუ როგორ მოუარონ თავიანთ შვილს. შესაძლებელია ბევრი სხვა აქტივობის განხორციელება, რაც შვილის აღზრდაში მამის როლის გააქტიურებას გამოიწვევს”.


მირიან ჯუღელი ამბობს, რომ ფონდი კვლავ აპირებს “მამა წიგნი წამიკითხე”-ს მსგავსი კლიპების დამზადებას და დისკუსიების მოწყობას”


“გვინდა, ბევრ ადამიანს მივწვდეთ და ვუთხრათ, რომ ეს საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი