საზოგადოება

განათლების შეზღუდული უფლება შშმ პირებისთვის

30 ივლისი, 2014 • • 4175
განათლების შეზღუდული უფლება შშმ პირებისთვის

უკვე 6 თვე გავიდა, რაც საქართველოს მთავრობამ შეზღუდული შესაძლებლობის პირთა თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის 2014-2016 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. ეს გეგმა შშმ პირებისთვის ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურებზე უწყვეტი და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფასაც ითვალისწინებს. კერძოდ, საგანმანათლებლო დაწესებულებებში უნდა შეიქმნას სპეციალური და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სისტემა, უნდა წარმოებდეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა საჭიროებების უწყვეტი ანალიზი და ასევე, ისინი უნდა უზრუნველყონ საჭირო საგანმანათლებლო რესურსებით.

 

„2012 წლიდან ინკლუზიური განათლება საქართველოს ყველა საჯარო სკოლაშია. ანუ ბავშვი, რომელიც მივა სკოლაში და სახლთან ახლოს უნდა განათლების მიღება, ყველა სკოლა არის ვალდებული, რომ მისცეს შესაბამისი სერვისი,“ – ამბობს განათლების სამინისტროს ინკლუზიური განათლების სამმართველოს უფროსი, ეკა დგებუაძე. მონიტორინგის მექანიზმი, თუ რამდენად ეფექტურად ახორციელებენ სკოლები ამ სერვისის შეთავაზებას, სამინისტროს 2014 წლის ბოლოსთვის ექნება.

 

თუმცა, “დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი, კობა ნადირაძე მიიჩნევს, რომ სკოლების მისაწვდომობა კვლავ პრობლემად რჩება, განსაკუთრებით რეგიონებში: ”მე შემიძლია ვილაპარაკო კახეთის მაგალითზე,  სადაც 32 სკოლის სრული შეფასება მოხდა მისაწვდომობაზე, საიდანაც 6 იყო მხოლოდ ნაწილობრივ მისაწვდომი”- თქვა მან.

ინკლუზიური განათლება, ფოტო: განათლების სამინისტროს ვებ-გვერდიდან
ინკლუზიური განათლება, ფოტო: განათლების სამინისტროს ვებ-გვერდიდან

 

პროფესიულ სასწავლებლებში კი ინკლუზიური განათლების დანერგვა 2013 წელს დაიწყო.

 

“შევაფასეთ ბავშვები და ვინც არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების, განსხვავებული ფორმით შევთავაზეთ მიღების პროცედურა. ამაში იგულისხმება ის, რომ სამი პროფესია გამოცადეს ამ ბავშვებმა და არჩევანი თვითონ გააკეთეს. მაგალითად, სმენის არმქონე სტუდენტები გვყავს, რომლებიც უზრუნველვყავით ადგილზე ჟესტური ენის სპეციალისტებით და ისინი ეხმარებიან ამ მოსწავლეებს,” – ამბობს ეკა დგებუაძე. ავტორიზირებული 93 პროფესიული/საზოგადოებრივი კოლეჯიდან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე სტუდენტებს პროფესიული განათლების მიღება ჯერ-ჯერობით მხოლოდ იმ 6 სასწავლებელში შეეძლებათ, რომლებიც საპილოტე პროგრამაში არიან ჩართულნი.

 

რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ სპეციალური საჭიროებების მქონე აბიტურიენტებისათვის მათ სათანადო პირობების შეთავაზება ყველა იმ საგამოცდო ცენტრში შეუძლიათ, სადაც ისინი დარეგისტრირდებიან.

 

ბარბარე ეტლით სარგებლობს. სკოლა უკვე 3 წელია დაამთავრა, თუმცა ამბობს, რომ უნივერსიტეტში ჩაბარებას ამ ეტაპზე არ აპირებს. მისი თქმით, თუ უნივერსიტეტში შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ დახვდა, ის დამოუკიდებლად სიარულს ვერ შეძლებს. „ძალიან კარგი იქნება სხვას აღარ შეექმნას მსგავსი სახის პრობლემა, რადგან ის, რომ სრულყოფილი განათლება გაქვს, ძალიან კარგია შემდგომი მიზნებისათვის,“ – გვითხრა მან.

 

“კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის” წარმომადგენელი რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ უმაღლესი სასწავლებლების დიდი ნაწილი არაადაპტირებულია: “ამასთანავე, როდესაც ადაპტირებაზე ვლაპარაკობთ, არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ ეტლით მოსარგებლე ადამიანებით, იმიტომ, რომ ადაპტირება ისევე ჭირდება ნებისმიერი სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, იქნებიან ეს უსინათლოები, სმენის არმქონენი თუ სხვა”.

 

თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში ამბობენ, რომ შენობას აქვს პანდუსები, ადაპტირებული ლიფტი და აუდიტორიის კარის გაბარიტები ეტლით მოსარგებლე ადამიანისთვისაც მოსახერხებელია. გარდა ამისა, გვითხრეს, რომ სტუდენტებისთვის ადაპტირებული სასწავლო ლიტერატურის შეთავაზებაც შეუძლიათ. შშმ პირი მხოლოდ თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლობს და როგორც იქ აღნიშნავენ, იგი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტუდენტია. ორივე უნივერსიტეტში 3 000 სტუდენტი სწავლობს.

 

კავკასიის უნივერსიტეტში გვითხრეს, რომ ინფრასტრუქტურა შშმ პირებისათვის მთლიანად არის ადაპტირებული. რაც შეეხება ადაპტირებულ ლიტერატურას, გვითხრეს, რომ ჯერ-ჯერობით ამის საჭიროება არ ყოფილა. ამ ტაპზე უნივერსიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტები არ სწავლობენ.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პანდუსები ოთხ კორპუსშია დამონტაჟებული. ლიფტით სარგებლობა კი მხოლოდ პირველ და მეათე (მაღლივი) კორპუსებშია შესაძლებელი. მათი თქმით, მოწყობილია სპეციალური კუთხე, სადაც მხედველობის პრობლემების მქონე სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ სპეციალური კომპიუტერითა და პრინტერით. თსუ-ში თვლიან, რომ რახან უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა ავტორიზაცია, ეს ნიშნავს, რომ ისინი აკმაყოფილებენ სასწავლო პროცესისთვის საჭირო ყველა აუცილებელ პირობას. ამჟამად უნივერსიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 4 პირი სწავლობს, სტუდენტთა საერთო რაოდენობა კი 20 000-ს აღემატება.

 

როგორც ბარბარემ გვითხრა, გარდა სასწავლო დაწესებულების ინფრასტრუქტურისა, მნიშვნელოვანი ფაქტორია ტრანსპორტიც, რადგან მას ერთხელ გარეთ ტაქსით გასვლა 20 ლარი მაინც უჯდება. “ალბათ, ხვდებით, რა თანხებზე ავა საბოლოოდ,” – თქვა მან.

 

ტრანსპორტის პრობლემაზე საუბრობს ნიკაც, რომელიც ეტლით სარგებლობს და საქართველოს უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია: “მე ისეთ უნივერსიტეტში ვსწავლობ, სადაც ყველაფერი ადაპტირებულია, მაგრამ ტაქსის გარდა სხვა ტრანსპორტით ვერ დავდივარ უნივერსიტეტში”. მისი თქმით, სხვა უნივერსიტეტში ჩაბარების შემთხვევაში, დიდი შანსია, რომ პრობლემები ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებითაც შექმნოდა.

 

2014-2016 წლების სამოქმედო გეგმა ტრანსპორტის ადაპტირებასაც ითვალისწინებს. კერძოდ, უნდა იყოს უზრუნველყოფილი საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალებების, გადაადგილებისა და მოგზაურობის თანაბარი ხელმისაწვდომობა. სსიპ “სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში” გვითხრეს, რომ  ჯერ-ჯერობით კონკრეტული ცვლილებები არ არის განხორციელებული. გეგმის მიხედვით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ადაპტირებასთან დაკავშირებით ადგილობრივი თვითმმართველობაც არის პასუხისმგებელი. თუმცა, თბილისის მერიაში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ და გვეუბნებიან, რომ მოგვიანებით დავუკავშირდეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი