შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა იმ მასწავლებლებთან, რომლებიც საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს სახელმწიფო ენას ასწავლიან.
პროგრამაში “ვისწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა” ჩართულმა მასწავლებლებმა მინისტრთან შეხვედრისას განაცხადეს, რომ 2009 წლიდან დაწყებულმა პროექტმა შედეგი მოიტანა და არაქართულენოვანი მოსწავლეები დღითიდღე იაზრებენ, რომ აუცილებელია ქართული, როგორც სახელმწიფო ენის შესწავლა.
ამის მიუხედავად, რჩება პრობლემები, რომელთა გადაჭრას ისინი სახელმწიფოსგან ელოდებიან. მასწავლებლების თქმით, სასკოლო სახელმძღვანელოებში ეთნიკური უმცირესობები უარყოფით კონტექსტში ხშირად არიან ნახსენები და ამ სახელმძღვანელოებს შეცვლა სჭირდებათ. ხოლო რეგიონებში განათლების სამინისტროს რესურსცენტრების მუშაობა არაეფექტურია.

შეხვედრას ესწრებოდა მასწავლებელი ნათია მანია, რომელმაც აღნიშნა, რომ მარნეულში მცხოვრები არაქართულენოვანი მოსწავლეები უფრო მეტად იჩენენ მიმღებლობასა და პატივიცემას ქართული კულტურული ღირებულებების მიმართ, ვიდრე ამავე რაიონის ქართულენოვანი მოსწავლეები აზერბაიჯანელების მიმართ.
მანიას თქმით, ამას მოწმობს ადგილობრივი მოსწავლეების მიერ შესრულებული ნახატები თემაზე “ჩემი საქართველო”, სადაც მარნეულის რაიონში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოსწავლეები ერთად ხატავენ საქართველოსა და აზერბაიჯანის დროშებს, ეკლესიებსა და მეჩეთებს, რაც თითქმის არ გვხვდება ქართველი მოსწავლეების ნახატებში.
შეხვედრაზე, რომელსაც ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის სკოლებში მოღვაწე 5 მასწავლებელი ესწრებოდა, ნათია მანიამ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ უფრო მეტი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეთნიკურმა უმცირესობებმა მოახდინონ საკუთარი თავის იდენტიფიცირება საქართველოსთან, რაც სამოქალაქო საზოგადოების შექმნის გასაღებია.
მასწავლებელმა შორენა ხუხუამ თავისი პრეზენტაციის დროს ახსენა, რომ მოსწავლეები ხშირად არ იცნობენ მათი ეთნოსის ენას, ლიტერატურას, რაც ქართულის შესწავლის დროს ხელს შეუშლის. “თუ მოსწავლემ საკუთარი ენა და ლიტერატურა არ იცის, ის ახალს ვერ ისწავლის”.
შორენა ხუხუა აზერბაიჯანელ და სომეხ მოსწავლეებს ხომხურ და აზერბაიჯანული ლექსებს ათარგმნინებდა. ამ გზით მოსწავლეები ქართულსაც სწავლობდნენ და თავიანთი ეთნოსის ლიტერატურასაც.
შეხვედრაზე მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ არაქართულენოვანი სკოლები ქართულენოვან სკოლებს უმეგობრდებიან, აქვთ გაცვლითი პროგრამები, მონაწილეობენ კონფერენციებში, აწყობენ ექსკურსიებს, რათა სწავლისა და ინტეგრაციის პროცესი დაააჩქარონ.
ნანა არაბულმა და ინგა ბაგრატიონმა აღნიშნეს, რომ მათ მოსწავლეებს ბოლნისსა და ახალციხეში სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” გვერდი აქვთ შემქნილი- “მე მიყვარს საქართველო” და “ჩვენც საქართველოს შვილები ვართ.” მასწავლებლები ამბობენ, რომ ამ გზიით ენას უფრო აქტიურად სწავლობენ.
პროექტს “შევისწავლოთ ქართული ენა, როგორც მეორე ენა” მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. პროგრამაში 77 მასწავლებელია ჩართული. პროგრამის ხელმძღვანელი მაკო ჭილაშვილი ამბობს, რომ წინა წლებში უფრო მნიშვნელოვნად ფინანსური პრობლემები მიაჩნდა, თუმცა ახლა აქვს თანხა მასწავლებლების დასაფინანსებლად, მაგრამ საჭირო კადრები არ ჩანს.
პროგრამას 2014 წელს სახელმწფიო ბიუჯეტიდან 1 500 000 ლარზე მეტი აქვს გამოყოფილი. მაკო ჭილაშვილი ამბობს, რომ მას შეუძლია 15 მასწავლებელიც დაასაქმოს, თუმცა წელს მხოლოდ 7 კადრის მოძებნა შეძლო.

ჭილაშვილის თქმით, მისაღები კადრების მოსაძიებლად რამდენიმე დაბრკოლება არსებობს: ძალიან ცოტას სურს რეგიონებში მუშაობა, ხოლო იმათგან, ვინც თანახმაა, სერტიფიცირებული და ამავე დროს ტოლერანტული ღირებულებეიბს მქონე მასწავლებლი უნდა იყოს, რათა მასზე დაკისრებული მოვალეობა- ენობრივი უმცირესობების წარმომადგენლებთან მუშაობა შეძლოს.
ამის გარდა, ადგილობრივი საჯარო სკოლის დირექტორები ხშირად მალავაენ იმას, რომ მათ აქვთ ვაკანსიები სკოლაში, ამბობს მაკო ჭანიშვილი. მისი შეფასებით, პროექტის მთავარი ღირებულება ისაა, რომ ამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები უმაღლესი განათლების მიღებას არა საზღვარგარეთ, არამედ საქართველოში გეგმავენ.
შერიგებისა და სამოქალქო თანასწორობის სამინისტროში განმარტავენ, რომ შეხვედრის მიზანი არის იმ საჭირობებისა და პრობლემებს გამოკვეთა, რომლის მოგვარებაში წვლილის შეტანა სამინისტროსაც შეუძლია.
მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, რომ სწორედ ქართული ენის მასწავლებლების მუშაობას მიჰყავს საქართველო ევროპისკენ, რადგან მათი ღვაწლი არა მხოლოდ ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის შესწავლა, არამედ სამოქალაქო თვითშეგნების განვითარებაცაა.







