საზოგადოება

ბათუმში საკურას ხეივანი გაშენდება

8 თებერვალი, 2014 • 7675
ბათუმში საკურას ხეივანი გაშენდება

 

ეთერ მაჭუტაძე: წელს უნდა გავაკეთოთ ისეთი სკვერი, რომელიც  სავიზიტო ბარათი გახდება ბათუმისთვის და მის სანახავად უცხოეთიდანაც კი ჩამოვლენ. „სიყვარულის სკვერი“ერქმევა. 50 ძირ საკურას შემოტანაზე გვაქვს ტენდერი გამოცხადებული, ასევე სკვერში იქნება იაპონური ჯუჯა ხეები წარმოდგენილი. ადგილს რაც შეეხება, სიურპრიზი იქნება ქალაქისთვის. ამას გარდა, წელს ოთხი სკვერის გაკეთებაა დაგეგმილი. ჯამში 1340 ძირი ხე-მცენარის დარგვაა გათვალისწინებული. 

 

 

ქალაქის რომელ ნაწილშია სკვერების მოწყობა დაგეგმილი?

 

 

როგორც ცენტრალურში, ისე გარეუბანში. აქ შედის შუა გამყოფებიც. შარშან გამყოფი გავაკეთეთ ბაქოს ქუჩაზე, წელს გაკეთდება ტბელ აბუსერიძეზე. სკვერის გაკეთება დაგეგმილია ბაგრატიონის, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, აღმაშენებელზე, გონიოს ციხის  მიმდებარე ტერიტორიაზე და  ბენზეში. ასევე იგეგმება რამდენიმე ეზოს  შევსება მცენარეებით.

 

 

თუ არსებობს სტატისტიკა, რამდენი ხემცენარეა ბათუმში და რამდენადაა საკმარისი ეს გამწვანება ქალაქისთვის?

 

 

ინვენტარიზაციის პროცესი ახლა მიდის. დღეისათვის დათვლილი ხეების რაოდენობა დაახლოებით 53 ათასია. ეს პროცესი გაგრძელდება და გვეცოდინება ზუსტი რიცხვი. ამის შემდეგ დაგეგმილი გვაქვს ეტიკეტირება. ყველა ხეს ექნება ეტიკეტი, რომ მოქალაქეებმა გაიგონ ინფორმაცია ამა თუ იმ სახეობის შესახებ.

  

ადრე ერთ სულ მოსახლეზე 12-15 კვადრატული მეტრი გამწვანება უნდა ყოფილიყო. მაგრამ ახლა, მე რასაც ვხედავ, ერთ სულ მოსახლეზე საერთოდ არ არის გაანგარიშებული გამწვანება. სადაც გაიხედავ, მშენებლობაა და გამწვანებაზე   ნაკლები აქცენტია აღებული. ეს საკითხი უკვე მერიაშიც არის დაყენებული. მშენებლობის  პროექტი არ უნდა გაიცეს გამწვანების გარეშე. თუ აშენებს მშენებელი  200 კვადრატულ მეტრ სახლს, არქიტექტორმა გაითვალისწინოს მინიმუმ 70 კვადრატი გამწვანება. ახლა რა მდგომარეობა გვაქვს _ აშენდა, მაგალითად, 12-სართულიანი სახლი, გამწვანება აქვს 4-5 კვადრატი. ბინას მოაწყობ, კომფორტს შეიქმნი, ფანჯარას გააღებ და ჰაერი არ არის –  ასეთია რეალობა. ჩვენ მთები გვშველის, ბათუმს გარს რომ აკრავს, თორემ ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს.  

 

თუ არის განსაზღვრული, რომელი ხე შეიძლება დაირგოს ქალაქის პირობებში და რომელი არა?

 

ბათუმში, მაგალითად, ავიღოთ ბარათაშვილზე, უზარმაზარი კედარი და ჭადარი  არასწორადაა დარგული. სტანდარტია, რომ ტროტუარზე უნდა დაირგოს მეტრ-ნახევრიდან სამ მეტრომდე სიმაღლის მცენარე. გარდა ამისა, ასეთ ადგილას დარგული მცენარე გასხვლა-გაფორმებას უნდა ექვემდებარებოდეს. ბათუმში, ძირითადად, დარგულია ის მცენარეები, რომლებიც გასხვლას არ ექვემდებარება.

 

 რას ფიქრობთ პარტიზანულ მებაღეობაზე, გასულ წელს ინტერვიუში განაცხადეთ, რომ თქვენ გარეშე ბათუმში არაფერი დაირგვებოდა

 

მე არავის ვუშლი ნერგის დარგვას, მაგრამ არც უფლებას მივცემ ვინმეს, რომ ჩემ გარეშე რომელიმე ტერიტორიაზე ხე დარგოს. მე იმიტომ ვარ აქ, რომ მკითხონ. მაქსიმალურად ვცდილობ, არც ერთი გოჯა მიწა არ დამრჩეს ნერგის გარეშე. მე არ ვამბობ, რომ პარტიზანი მებაღეობა ცუდია, ძალიან კარგია და ეს საჭიროა ისეთ ადგილებში, სადაც საერთოდ არაა მცენარეები. ისინი უნდა ავიდნენ გაჩეხილ ტყეებში და იქ უნდა დარგონ მცენარეები.

 

და თუ მაინც მოუნდებათ დარგონ ქალაქში ხე, როგორ უნდა მოიქცნენ?

 

ჯერ უნდა მკითხონ მე. თუ აქვთ საშუალება ნერგის, მივუთითებ, სად უნდა დარგონ. ძალიან ბევრი მაკითხავს, არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციები და ყველას ვუყოფ ადგილს, თუ სად შეიძლება დარგონ ხეები. თუ ჩემ გარეშე დარგავენ, იმწამსვე მივალთ და ის ნერგი მეორე დღეს აღარ დახვდებათ.

 

ხეების დარგვისთვის საუკეთესო დრო გაზაფხული და შემოდგომაა. თბილი ამინდი თუ გაგრძელდა, 15 თებერვლიდან უკვე დავიწყებთ დარგვას. ხეების დარგვა მაისის ჩათვლით შეიძლება. რაც შეეხება მოვლა-პატრონობას, დარგვიდან იმ წუთში წყალი სჭირდება, შემდეგ – კვირაში ერთხელ მორწყვა. ხოლო ზაფხულში, ადრე დილას ან გვიან საღამოს უნდა მოვრწყოთ, ასევე კვირაში ერთხელ. გამოკვებისთვის მცენარეს სჭირდება მინერალური და ორგანული სასუქები.

 

რამდენ კვადრატულ მეტრს შეადგენს ბათუმში გამწვანება?

 

ბათუმის მწვანე საფარი 6 მილიონი კვადრატული მეტრისგან შედგება, მომავალში კიდევ 2 მილიონით გაიზრდება. ამ  მწვანე საფარზე არის როგორც ერთწლიანი, ისე მრავალწლიანი ნარგავები, რომლებსაც ჩვენ ვუვლით. შარშან ხეებისა და ბუჩქების შესაძენად 200 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, ხოლო 450 ათასი ლარი –  ერთწლიანი ყვავილების შესაძენად. 2013 წელს 905  ათასი ცალი ერთწლიანი ყვავილი დაირგო და 1445 ცალი მრავალწლიანი ხე და ბუჩქი. ამას ემატება გადარგვები და სანერგიდან გადატანილი მცენარეები. 3000 ძირამდეა დაახლოებით დარგული. რაც შეეხება მიმდინარე წელს, ერთწლიანი მცენარეებისთვის გამოყოფილია 400 ათასი ლარი, ხოლო მრავალწლიანებისათვის –  200 ათასი ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი