საზოგადოება

როგორ ჩავაბაროთ “ტოეფელი”

8 ნოემბერი, 2013 • 10592
როგორ ჩავაბაროთ “ტოეფელი”

„ბათუმელები” დაინტერესდა, რა ღირს ბათუმში ტოეფელში მომზადება, რა დონეზე უნდა იცოდე ინგლისური, რომ ტესტის ჩაბარება შეძლო და სად შეიძლება მოემზადო გამოცდისთვის?

ანა დიასამიძემ “ტოეფელი” (iBT) ცოტა ხნის წინ ჩააბარა და 91 ქულა მიიღო. ეს ქულა საკმარისია იმისათვის, რომ მან საზღვარგარეთ, ევროპაში ან ამერიკაში, რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში განაგრძოს სწავლა.

„ინგლისურ ფილოლოგიაზე ვსწავლობ, წლების მანძილზე ვსაუბრობ, ვეუფლები ენას. ტოეფელისათვის ორი თვე ინტენსიურად ვმეცადინეობდი, რომ მომეყარა თავი ცოდნისათვის. 91 ქულა ავიღე. გამოცდა რთული იყო იმ მხრივ, რომ ოთხსაათნახევარი ვიყავი. კითხვის, მოსმენის, ლაპარაკის და წერის სექცია საკმაოდ სტრესული იყო. როდესაც გინდა მაღალი ქულა, აკეთებ მაქსიმუმს. მაგრამ შედეგით კმაყოფილი როცა ხარ, ყველანაირი სტრესი გავიწყდება,” – ამბობს ანა დიასამიძე.

“ტოეფელის” გამოცდით ენის ცოდნის ოთხი უნარი მოწმდება: წერა, კითხვა მოსმენა და საუბარი. როდესაც “ტოეფელის” გამოცდას ინტერნეტით აბარებ, ქულის მაქსიმალური ოდენობა 120-ია. თითოეული უნარი 30 ქულით ფასდება. ასევე შესაძლებელია Paper based წერითი გამოცდის ჩაბარება, ამ შემთხვევაში ქულები განსხვავებული წესით ითვლება.

ვის შეუძლია ჩააბაროსტოეფელი

ის პედაგოგები, რომლებიც სასწავლო პროცესში არიან ჩართულნი, ამბობენ, რომ პირმა, რომელსაც გამოცდის ჩაბარება სურს, ზოგადი ინგლისური კარგად უნდა იცოდეს.

„საშუალოზე მაღალი დონე უნდა ჰქონდეს მსურველს ინგლისურში, რომ პროგრამის დაძლევა შეძლოს, მეხუთე საფეხურზე უნდა იყოს. თუ ადამიანს არა აქვს საბაზისო ცოდნა, ჯერ უნდა ავიყვანოთ ზოგად ინგლისურში ამ დონემდე და ამის შემდეგ ჩვენ ვაძლევთ იმის გარანტიას, რომ ოთხიდან ექვს კვირამდე პერიოდში შეძლებს გამოცდისთვის მომზადებას,” – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ინგლისური ენის მოსამზადებელი ცენტრის „ETI 2000″-ის დირექტორი ირინე ხაჟალია.

„პრინციპში, შეზღუდვა არ არსებობს. მეორე დონეზე მყოფსაც შეუძლია 20-30 ქულის აღება, მაგრამ საბოლოო ქულა, რასაც პრესტიჟული და საშუალო უნივერსიტეტები ითხოვენ, არ მისცემს საშუალებას მეორე და თუნდაც მესამე საფეხურის მოსწავლეს საჭირო ქულები დააგროვოს. კარგი უნივერსიტეტები უმეტეს შემთხვევაში ითხოვენ მაღალ ქულებს,” – ამბობს ინგლისური ენის სწავლების ცენტრ „INT”-ის დირექტორის მოადგილე სწავლების დარგში ნინო კვანტალიანი.

საშუალოდ რა დრო სჭირდებათ მოსწავლეებს იმისათვის, რომ “ტოეფელის” გამოცდისათვის მოემზადონ? დასტინ გილბრეცი, რომელიც „ETI 2000″-ში მსურველებს “ტოეფელის” გამოცდისთვის ამზადებს, ამბობს, რომ ათვისების დონე ინდივიდუალურია.

„გააჩნია, რამდენი შეუძლიათ იმუშაონ. მაგალითად, ახლა ერთი მოსწავლე მყავს, გაკვეთილზე ყოველდღე დადის, ენა კარგად იცის და შესაბამისად უფრო სწრაფად ითვისებს. მათ, ვინც ასე კარგად არ იცის ენა, უფრო მეტი დრო სჭირდებათ. ყველა მოსწავლემ, ვინც დღემდე მყოლია, ჩააბარა და თან საკმაოდ კარგად,” – ამბობს დასტინ გილბრეცი.

“ტოეფელში” მოსამზადებელი კურსის ღირებულება სხვადასხვა ცენტრში სხვადასხვაა. საშუალო ფასი კი ერთი საათის ღირებულება 20 ლარია.

კერძო ცენტრებისგან განსხვავებით სწავლა უფასოა აჭარის განათლების ფონდში. ფონდი შარშან დაარსდა. “ტოეფელის” კურსი ფონდში 16-კვირიანია და კვირაში 6 საათს მოიცავს. კურსი 2012 წლის მაისიდან 2013 წლის ივნისამდე 23-მა მსმენელმა გაიარა. ამჟამად კურსს კიდევ 8 მსმენელი გადის.

ნინო კვანტალიანი “ტოეფელში” მსურველებს 2006 წლიდან ამზადებს. იგი ამჟამად აჭარის განათლების ფონდში ასწავლის. მისი თქმით, რა დრო სჭირდება ტოეფელში მომზადებას და გამოცდის წარმატებით ჩაბარებას, ამის რეცეპტი არ არსებობს.

„ხშირად, როდესაც მსურველები მოდიან, ჰგონიათ, რომ გააუმჯობესებენ ენის ცოდნას. ტოეფელის გამოცდისთვის მომზადება ნიშნავს ტოეფელის სტრატეგიებისთვის მომზადებას. რა თქმა უნდა, რაღაც დონით ენასაც ხვეწ, წერის ტექნიკასაც და ახალ სიტყვებსაც სწავლობ, მაგრამ მოსამზადებელი კურსი არ ნიშნავს, რომ შენ ემზადები ენაში, შენ გამზადებენ ტესტის სტრატეგიებში. თუ ძალიან მაღალ დონეზე იცის ენა, შეიძლება 20 საათიც ეყოს მსურველს,” – ამბობს ნინო კვანტალიანი.

გარდა “ტოეფელისა”, ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი სხვა ტესტების საშუალებითაც შეიძლება მიიღოთ. საქართველოში პოპულარულია IELTS ბრიტანული ენის ტესტი.

„ორი ძირითადი ტესტია პოპულარული ჩვენს ქვეყანაში და ალბათ იმიტომ, რომ მსოფლიოშიც ყველაზე პოპულარულია, ესაა TOEFL და IELTS. მაგრამ არსებობს ძალიან ბევრი სხვა საერთაშორისო ტესტი, რომელიც ისეთივე უფლებებით და პრივილეგიებით სარგებლობს, როგორითაც ტოეფელის და IELTS-ის ქულა. არ ვიცი რამ შეუწყო ხელი ჩვენთან ამ ორი ტესტის პოპულარობას, ალბათ უფრო იმან, რომ დიდი ხანია მუშაობენ ამ ტესტების მომზადებაზე, პილოტირებაზე, დიდი ხანია ბარდება, ვიდრე სხვა ტესტები,” – ამბობს ნინო კვანტალიანი.

„ადრე სანამ ბათუმურ კაფეებში ყავის სხვადასხვა სახეობა გაჩნდებოდა, ყველა ბათუმურ ყავას ვუკვეთავდით. ახლა მრავალფეროვნება გვაქვს, მაგრამ 90% მაინც ბათუმურს უკვეთავს. დაახლოებით ეს მიმართებაა ტოეფელთან დაკავშირებით,” – ასე ხსნის ირინე ხაჟალია “ტოეფელის” ტესტის პოპულარობას.

TOEFL-ისა და IELTS-ის გამოცდებზე მიღებულ ქულებსა და სერტიფიკატს ვადა ორი წელი აქვს. თუ ამ დროის მანძილზე სერტიფიკატს დანიშნულებისამებრ ვერ გამოიყენებთ, გამოცდის თავიდან ჩაბარება მოგიწევთ. გამოცდა “ტოეფელში” დასავლეთ საქართველოში ბათუმში, საერთაშორისო განათლების ცენტრში ბარდება. ცენტრის ხელმძღვანელის ნინო ინაიშვილის თქმით, საშუალოდ თვეში 3-4 გამოცდა ტარდება. ცენტრში ოთხი კომპიუტერია და ერთდროულად ოთხ მსურველს შეუძლია გამოცდა ჩააბაროს.

„ჩვენთან ბარდება iBT გამოცდა, ანუ მსურველები ტოეფელს აბარებენ ინტერნეტის მეშვეობით. ასევე სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია ჩავატაროთ Paper based ტიპის გამოცდა. ქაღალდზე ტარდება და შესაბამისად წერილობითია,“ – ამბობს ნინო ინაიშვილი.

გამოცდის ხანგრძლივობა 4 – 4.30 საათია. გამოცდაზე გასვლის ერთჯერადი ღირებულება კი 160 დოლარია. ნინო ინაიშვილის თქმით, ბოლო პერიოდში ძირითადი მოთხოვნა iBT გამოცდის მიმართაა. მსურველები “ტოეფელის” გამოცდისთვის ოფიციალურ საიტზე რეგისტრირდებიან. რეგისტრაცია შესაძლებელია  ონლაინსააპლიკაციო ფორმის საშუალებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი