საზოგადოება

გაიცანით 8 თვის ორსული ქალი, რომელმაც ჰესის ასაშენებლად მესტიაში ტექნიკა არ გაატარა

2 აპრილი, 2018 • 21090
გაიცანით 8 თვის ორსული ქალი, რომელმაც ჰესის ასაშენებლად მესტიაში ტექნიკა არ გაატარა

რვა თვის ორსული ქალი, რომელმაც სვანეთში ჰესების ასაშენებლად მიმავალი მძიმე ტექნიკა საავტომობილო გზაზე რამდენიმესაათიანი დაწოლით შეაჩერა, 34 წლის მაგდა გულედანია. მაგდა 10 წლის განმავლობაში ისრაელის ერთ-ერთ ყველაზე დიდ თავდაცვით კომპანიაში მუშაობდა, ხოლო საქართველოში გასულ წელს დაბრუნდა და აქტიურად ჩაერთო სამოქალაქო აქტივიზმში.

ისრაელიდან მესტიამდე

მაგდა გულედანი. 2014 წ. ფოტო: პირადი არქივი

მაგდა გულედანმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა. დედის მხრიდან მისი ბებია წარმოშობით ებრაელი იყო. 2007 წელს მაგდა სწორედ ისრაელში წავიდა საცხოვრებლად, თუმცა მისი ბებია ამ დროს უკვე გარდაცვლილი იყო. ნახევარი წლის განმავლობაში სტუდენტების საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა, ხოლო შემდეგ – დამოუკიდებლად.

სპეციალური მომზადების კურსების გავლისა და გამოცდების თავიდან ჩაბარების შემდეგ მაგდა გულედანმა ისრაელის თავდაცვის რადარებისა და გადამცემი/სამედიცინო ჩიპების კომპანიაში დაიწყო მუშაობა. წლების განმავლობაში  “ელთეკ ისრაელის” ერთ-ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობდა, რომელიც არა მარტო ისრაელის ჯარს ემსახურება, არამედ ღებულობს შეკვეთებს აშშ-დან და ევროპის ქვეყნებიდანაც.

ამჟამად მაგდა გულედანი ქმართან ერთად მესტიის რაიონის სოფელ ეცერში ცხოვრობს და საკუთარი სახლის აშენებას გეგმავს, რადგან სვანეთში სურს ცხოვრება. ჯერჯერობით თვითონ უმუშევარია, მისი ქმარი კი წლების განმავლობაში გიდად მუშაობს.

ისრაელიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ მაგდა აქტიურად ჩაერთო სამოქალაქო აქტივიზმში:

[red_box]“ყველა უკეთურობის წინააღმდეგ ვიბრძვი, რაც საქართველოში ხდება. მხოლოდ ჰესების წინააღმდეგ არ გამოვდივარ. მაწუხებს ისიც, რომ უმოწყალოდ ჩეხავენ ხეებს.”[/red_box]

მაგდა გულედანის ამბობს, რომ ექსპრომტად გადაწყვიტა პროტესტის იმ ფორმისთვის მიემართა, რამაც მძიმე ტექნიკის შეჩერება შეძლო. სამოქალაქო აქტივისტი თვითონ იხსენებს 31 მარტს მესტიაში განვითარებულ მოვლენებს:

“ერთი საათით ადრე გავიგეთ, რომ სამშენებლო მასალით დატვირთული ტექნიკა შემოჰყავდათ. სოციალური ქსელის საინიციატივო ჯგუფში დავწერეთ, რომ მალევე მესტიის ცენტრში უნდა გამოვსულიყავით. ამ დროისთვის მშობლების სახლში, სოფელ ლენჯერში, ვიყავი, რომელიც მესტიიდან ერთი კილომეტრშია. შესაბამისად, უცებ მივედი ადგილზე. მესტიაში მცხოვრები აქტივისტებიდან ყველა გამოვიდა მალევე, მაგრამ ცოტანი ვიყავით – 15-20 ადამიანი. სოფლებიდან ბევრმა ვერ მოასწრო მოსვლა.

აქტივისტების ნაწილი მესტიის ცენტრში დილის 10:00 საათზე შევიკრიბეთ, დაახლოებით 11:00 საათისთვის კი მძიმე ტექნიკაც გამოჩნდა. ადგილობრივი პოლიციის უფროსი მოუძღვებოდა მათ და ტექნიკის გატარებისკენ აგრესიულად მოგვიწოდებდა – არ დაიწყოთ პროვოკაციებიო. ჩვენი მხრიდან არანაირი აგრესია არ ყოფილა, თუმცა აუცილებლად უნდა შეგვეჩერებინა ტექნიკა.

რადგან პოლიციის მხრიდან ასეთი რეაქცია წამოვიდა და სპეცდანიშნულების პიკაპებთან ერთად დავინახე სამშენებლო ტექნიკა, დავწექი გზაზე და ავტეხე ყვირილი. მეუბნებოდნენ, ორსულად ხარ და დატოვე ადგილიო, მაგრამ ამით შეიძლება უფრო ცუდი რამ მომხდარიყო – ეჩხუბათ და დაეჭირათ ბიჭები.”

მაგდა გულედანი მესტიის ცენტრში, საავტომობილო გზაზე, 6 საათის განმავლობაში იწვა, სანამ შეუძლოდ გახდებოდა. მას სამედიცინო დახმარება სასწრაფო სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილზე აღმოუჩინეს.

რატომ ებრძვის ჰესებს

ენერგეტიკის სამინისტრო და კომპანია აცხადებს, რომ ტურიზმის ზრდამ ელექტროენერგიაზე მოთხოვნა გაზარდა. შესაბამისად, ახალი ჰესების მშენებლობა სახელმწიფომ დასაშვებად მიიჩნია. სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ისინი ეკონომიკის განვითარებას არ ეწინააღმდეგებიან, პირიქით, მიესალმებიან ნებისმიერი დარგის განვითარებას.

“თუმცა, როდესაც გვეუბნებიან, რომ ელექტროენერგიის გაზრდაა საჭირო, პარალელურად ანადგურებენ იმ ტურისტულ ადგილებს, სადაც ჰესების აშენება სურთ. თუნდაც ეს ჭალების ხეობა, სადაც ორი ჰესის აშენება სურთ. თავიდან აქ ერთი უნდა აშენებულიყო, მაგრამ მალევე შემოაგდეს მეორეც.

ჭალის ხეობა არის მყინვარამდე. თქვენი თვალით რომ ნახოთ, უკვე განადგურებულია ხეობა და ტურისტული ზონა. თუ ასეთ ტურისტულად მიმზიდველ ადგილებს გავანადგურებთ, დაგვჭირდება კი საერთოდ ამდენი ელექტროენერგია? ყველა ის ხეობა, სადაც ახლა ტურისტი მიდის სანახავად, ნადგურდება, რადგან ჰესების ასაშენებლად ამზადებენ და ჩეხავენ ხეებს,” – ამბობს მაგდა გულედანი.

ადგილობრივებს სურთ, რომ დამოუკიდებელი სპეციალისტები ჰესის საწინააღმდეგო არგუმენტების გასაცნობად შეხვდნენ კომპანიისა და სახელმწიფოს წარმომადგენლებს. სამოქალაქო აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ჰესების მშენებლობა დღეს მხოლოდ ჩამორჩენილობის ნიშანია და ქვეყანამ განახლებად ენერგიაზეც უნდა იფიქროს. 31 მარტს მესტიის ცენტრში საპროტესტო აქცია მანამდე გაგრძელდა, სანამ კომპანია “სვანეთი ჰიდროს” მძიმე ტექნიკამ ტერიტორია არ დატოვა.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, მდინარე მესტიაჭალაზე ჰესს Galt & Taggart, ავსტრიულ კომპანია RP Global -თან ერთად, სპეციალურად შექმნილი კომპანია “სვანეთი ჰიდროს” მეშვეობით აშენებს. უწყების თანახმად, ეს იქნება 30-მეგავატიანი ჰესი, რომელიც წლიურად საშუალოდ 100 მლნ კვტ/სთ-ზე მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

“სვანეთი ჰიდროს” პოზიცია მოსახლეობის პროტესტზე

მოსახლეობის პროტესტს მესტიაჭალა ჰესის მშენებელმა კომპანიამ პროვოკაცია უწოდა. “სვანეთი ჰიდროს” აცხადებს, რომ “ჰესი არის მწვანე, მცირე ზომის, არადაგუბებითი, მდინარის მოდინებაზე აგებული ჰესი, რომელიც მსოფლიოში აღირებულია, როგორც ყველაზე უსაფრთხო და გარემოზე მინიმალური ზემოქმედების მქონე.”

კომპანიის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, სოფო ნატროშვილი ამბობს, რომ მშენებლობა უკვე 1 წელია მიმდინარეობს და ამ პერიოდში მოსახლეობის მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ ყოფილა. მისი თქმით, მესტიაჭალა ჰესის მშენებლობას მხოლოდ 10-15 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი ეწინააღმდეგება, რომელსაც საგაზაფხულო მშენებლობის დაწყებამდე რამდენჯერმე შეხვდნენ:

“ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავეცით, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჯგუფის წევრებს არ სურთ არგუმენტირებული პასუხების მოსმენა. ასევე, ბოლო შეხვედრაზე შევთანხმდით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ექსპერტების მონაწილეობით საკითხის განხილვაზე. სამწუხაროდ, აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლები შეთანხმებულ და ტელევიზიით დაანონსებულ შეხვედრას არ დაესწრნენ. დღეს კი ისინი პროვოკაციას მიმართავენ, ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებენ.”

რაც შეეხება სამუშაოებს, როგორც სოფო ნატროშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე იწმინდება გზა და მდინარის კალაპოტის გასწვრივ ნაპირსამაგრები ეწყობა. მისი განცხადებით, “სვანეთი ჰიდრო” მესტიაჭალა ჰესის მშენებლობას დაგეგმილი გრაფიკით აგრძელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი