საზოგადოება

უსახლკაროებს ზამთარში ისევ თავშესაფრის გარეშე დარჩენა ელით

17 ოქტომბერი, 2013 • • 1554
უსახლკაროებს ზამთარში ისევ თავშესაფრის გარეშე დარჩენა ელით

მერიის სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ აღნიშნა, რომ ღამის გასათევის შექმნა მარტივია, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის გაკეთდება ასეთი ტიპის დროებითი თავშესაფარი.

 

ქაცარავას თქმით, ძნელია რეალურად უსახლკაროებისა და, როგორც თავად უწოდებს, “აფერისტების” ერთმანეთისგან გარჩევა. მისივე თქმით, ზიგიერთი ადამიანი უსახლკაროს სტატუსის მინიჭებას უსამართლოდ ითხოვს:

 

“სახლი კაზინოში წააგეს ან დეპორტი ჩაურტყეს, მოდიან და ძველბიჭურად ითხოვენ დავაკმაყოფილოთ საცხოვრებლით…

 

საქართველოში, მე მგონი, მენტალობის პრობლემაა. ხანდახან უსახლკაროს სტატუსის მინიჭებას ის ადამიანები გვთხოვენ, ვინც შეიძლება ჩემზე უკეთესადაც კი ცხოვრობენ.  ამიტომ ჩვენ საცხოვრებლის შექმნით არ უნდა დავიწყოთ ამ პრობლემის გადაჭრა. ვაშენებდით სახლებს და მერე ვსაზღვრავდით, ვინ საჭიროებდა უსახლკაროს  სტატუსს და ვინ – არა. ეს არასწორი პრაქტიკა აღმოჩნდა და ბევრი პრობლემების წინაშე დაგვაყენა. ჩვენ თუ ლიბერალური პოლიტიკით დავიწყებთ, გარწმუნებთ, რომ ძალიან დიდი ქაოსი გვექნება და ეს ეკონომიკასაც მნიშვნელოვნად დააზიანებს,“ – ეს განცხადება მამუკა ქაცარავამ დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე გააკეთა, სადაც ამ საკითხებზე იყო საუბარი.

კარავი უსახლკაროებისთვის
კარავი უსახლკაროებისთვის

 

თბილისის საკრებულოსთან 18 ოქტომბერს აქცია გაიმართება, სახელწოდებით – “შეიფარე დღეს!” აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია “ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის” წევრი ბაია პატარაია. მისი თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, შეიმუშაოს სისტემა, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს, ვის სჭირდება დახმარება და ვის – არა.

 

“უნდა შეთანხმდნენ ტერმინოლოგიაში, საკითხებში და შემდეგ დაითვალონ უსახლკარო ადამიანები, მაგრამ ეს არ კეთდება. ყოველ  ზამთარს დგება იგივე პრობლემა. თუმცა აბსოლუტურად არც ერთი ნაბიჯით წინ არ მიდის არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლება. თავისით კი საქმე არ მოგვარდება”.

 

მისი თქმით, უსახლკაროებს დოკუმენტაციის პრობლემაც აქვთ, რის გამოც ხშირად რთულდება სახელმწიფო ორგანოებისთვის მიმართვა.

 

თბილისის მერიაშიც აღიარებენ, რომ ამ კუთხით სისტემა გაუმართავია.

 

ერთ-ერთი უსახლკარო ადამიანს ჩვენ საბურთალოზე შევხვდით. ორი ტომარა და ყავარჯენი – სულ ეს არის მისი “ქონება”. წელში მოხრილი, ძალიან ნელა გადაადგილდება ქუჩაში, თითქმის შეუმჩნევლად. ხანდახან ტროტუარზე გაჩერებულ რამდენიმე  მანაქანას შორის ზის და მზეზე თბება, – ასე ისვენებს. საკუთარ გასაჭირზე საუბარი არ სურს, საერთოდ, ცდილობს არავის დაელაპარკოს, ზამთარსა და ყინვაზე ფიქრიც არ სურს.

გასულს წელს, ზამთარში ორი ადამიანი გაყინვით გარდაიცვალა. ამ ფაქტს 2012 წელს უსახლკაროთა დახმარების საინიციატივო ჯგუფის შექმნა მოყვა. ჯგუფის  ხელმძღვანელი ნათია ხაინდრავა იყო. უსახლკაროების დახმარება მაშინ “facebook-ით” დაიგეგმა. გარკვეული თანხის შეგროვების შემდეგ კი დროებითი თავშესაფარი გაკეთდა. ნათია ხაინდრავას თქმით, ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო.

 

მიუხედავად გასული წლის ტრაგიკული მოვლენებისა, სახელმწიფო დონეზე უსახლკაროთა საკითხი ამ დრომდე არ არის გადაწყვეტილი. ალექსანდრეს ბაღში კი შარშან საინიციატივო ჯგუფის მიერ გაკეთებული დროებითი თავშესაფარი ისევ დგას.

“რადგან ახლოვდება ზამთარი და ეს პრობლემა კვლავაც მოუგვარებელია, მოვითხოვთ, ხელისუფლებამ გამოყოს თანხა თავშესაფრების მოსაწყობად. სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე!” – ეს იქნება აქციის მოთხოვნა, რომელიც 18 ოქტომბერს, 13:00 საათზე, თბილისის საკრებულოსთან გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი