„პარტიზანული მებაღეობის დაწყების იდეა ინტერნეტიდან გამიჩნდა. ფეისბუქზე გადავეყარე პალერმოს პარტიზანების აქტივობებს. სამი წელი ვადევნე თვალყური და წელს, ივლისში გავრისკე დაწყება. ნამდვილად არ ველოდი ახმელა მასშტაბებს თუ მიიღებდა და კიდევ უფრო არ ველოდი, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკასთან მიმიყვანდა,“ – ამბობს ნატა ფერაძე, საქართველოში პარტიზანული მებაღეობის დაწყების იდეის ავტორი.
მისი თქმით, პირველ აქციაზე 20-25 ადამიანი მივიდა, მას შემდეგ კი, რაც სოციალური ქსელით ფოტოები გავრცელდა, დიდი გამოხმაურება და ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში. თბილისელ პარტიზანებს ქუთაისიც შეუერთდა, უერთდება ბათუმი და რუსთავიც.
„ერთი თვეა პარტიზან მებაღეებს შევუერთდით. ჯერ დასუფთავების აქცია გვქონდა მხოლოდ. ვაპირებთ უფრო გააქტიურებას და საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ეკოლოგიური პრობლემებისადმი,“ – ამბობს შორენა ლაღაძე, პარტიზანი მებაღე ქუთაისიდან.
ბათუმში პარტიზანულ მებაღეობაში სამოქალაქო სექტორიც ერთვება. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის წარმომადგენელი ნათია აფხაზავა ერთ-ერთია, ვინც აქტიურად აპირებს მოძრაობაში ჩართვას.
„პირველ რიგში, ჩვენი სამიზნე უნდა იყოს გარეუბნები, მრავალსართულიანი სახლების ეზოები, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორია. სადაც ნომინალურია გამწვანება, შენდება მრავალსართულიანი კორპუსები და მიუხედავად იმისა, რომ სანებართვო პირობაში უდევთ გამწვანება, არ ასრულებენ. სწორედ ამ ტერიტორიაზე უნდა შევიდეთ და დავრგოთ ხეები,“ – ამბობს ნათია აფხაზავა.
მისი თქმით, ოქტომბერს ერთგვარ მოსამზადებელ პერიოდად გამოიყენებენ, ნერგებს შეაგროვებენ, იმ ადგილებს მონიშნავენ, სადაც ხეებს დარგავენ და ნოემბრიდან უკვე დარგვის პროცესს დაიწყებენ.
„მაგრამ ფაქტია, რომ მოსამზადებელ პერიოდში აქტიური კამპანია უნდა ჩავატაროთ. უკვე მიკავშირდებიან მოქალაქეები, რომ ჩემს ეზოში ხე მოჭრეს მრავალსართულიანი ბინის მშენებლობის გამო. გუშინ დამირეკა მოქალაქემ და მითხრა, რომ სკვერში სასტუმროს მშენებლობის ნებართვის საკითხი დააყენეს. ცხადი გახდა, რომ ეს პრობლემა აწუხებს ქალაქს. ამიტომ ჩვენც მყისიერი რეაგირება უნდა გვქონდეს და მოქალაქეებთან ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქზე,“ – ამბობს ნათია აფხაზავა.
პარტიზანი მებაღეების ერთ-ერთი წევრი ნატა ფერაძე სწორედ მოქალაქეთა აქტიურობაზე აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ პარტიზანი მებაღეები არ არის ორგანიზაცია, რომელსაც აქვს დაფინანსება, ჰყავს დირექტორი და აქვს ოფისი. ეს მოძრაობაა, რომელში ჩართვაც, ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ის.
მთავარი იდეა, რაც აერთიანებს პარტიზან მებაღეებს, ეს ქალაქების, დაბების, მთლიანად ქვეყნის გამწვანებაა. თუმცა დღეს პარტიზანები არა მხოლოდ ახალი გამწვანებისთვის, არამედ ძველის შენარჩუნებისთვისაც იბრძვიან.
„თავდაპირველად გვეგონა, რომ გავიდოდით აქციაზე, დავრგავდით ათ ხეს და ბედნიერები ვიქნებოდით. მაგრამ ვბრუნდებოდით და გვხვდებოდა ინფორმაცია, რომ მოჭრეს ოცი დიდი ხე. სისულელე იქნებოდა ეს ჩვენი დარგვა, თუკი არ შევინარჩუნებდით იმას, რაც უკვე გვაქვს. ძველი ნარგავების შენარჩუნებისათვის ბრძოლა გაცილებით რთული აღმოჩნდა. გადავეკვეთეთ კანონებს და ახლა ვცდილობთ რაღაც იურიდიული დახმარება მოვიპოვოთ. გვიწევს ისეთ ინსტანციებთან ბრძოლა, სადაც ჩვენი მარტივი ბიოლოგების და დენდროლოგების ენით ვეღარ ველაპარაკებით და კანონმდებლობასთან მიდის ეს ყველაფერი,“ – ამბობს ნატა ფერაძე.
“>მისივე თქმით, ძველი გამწვანების შენარჩუნებისათვის ბრძოლის პარალელურად ახალი ნარგავების დარგვა გრძელდება.
„გვირეკავენ ბათუმიდან, ქუთაისიდან ჩამოდით, დაგვეხმარეთ. მინდა პირველ რიგში ყველამ გაიგოს, რომ ჩვენ არ ვართ სამსახური, რომელიც შეიძლება დაიქირავო. ჩვენ ვართ ენთუზიასტები, რომლებიც ვრგავთ ხეებს ჩვენს სახლთან, ჩვენს ეზოში. იგივე რომ გააკეთოს ყველამ, გავიდნენ, დარგონ ხეები თავიანთ ქუჩებში, კარგი იქნება. ჩვენ შეგვიძლია გავცეთ კონსულტაციები. ჯერ ერთი, მე მაქვს პრაქტიკა ქალაქის გამწვანების, მეორეც – მაქვს კონტაქტი დენდროლოგებთან, რა სეზონზე რომელი ხე სად დარგონ. მაგალითად, ერთმა ჩვენმა ენთუზიასტმა გუდაურში დარგო პალმა. ეს პალმა ახლა ცოდოა. ვარკეთილიდან მიკავშირდებიან, გამო- დი ერთი ხე დამირგე. შე კეთილაშენებ- ულო, ჩადით ხუთი მეზობელი და დარგეთ. უმეტესობას უნდა ფეისბუქზე აკლიკოს მხოლოდ. ყველამ თავისი პოტენციალი უნდა გამოიყენოს და თავისი სახლის წინ დარგოს. ნუ იფიქრებენ, რომ რაღაცა ჯადოქრების ბრიგადა ვართ, რომლებსაც ყველაფერი შეგვიძლია,“ – ამბობს ნატა ფერაძე.
მომდევნო ქალაქი, რომელიც პარტიზანულ მებაღეობას უერთდება, რუსთავია. პარტიზანმა მებაღეებმა „შვეიცარიის საქართველოს მეგობრების გაერთიანებისაგან” 500 დოლარი მიიღეს. ამ თანხით რუსთავის გზატკეცილზე 1936-1937 წლებში რეპრესირებულების სახელობის მემორიალური ტყის გაკეთებაა დაგეგმილი. 20 ოქტომბერს რუსთავის გზატ- კეცილზე, სოღანლუღის ველზე, პარტიზანები კვიპაროსებს დარგავენ. ხეებზე 1936-1937 წლებში რეპრესირებულებისა და დახვრეტილების სახელები იქნება ამოტვიფრული. 20 ოქტომბრის შემდეგაც ნებისმიერ ადამიანს, ვინც კი მოისურვებს, შეეძლება დაამატოს თავისი წინაპრის სახელზე ხე.
ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელი ეთერ მაჭუტაძე კი ამბობს, რომ მასთან შეთანხმების გარეშე ბათუმში ვერავინ ვერაფერს ვერ დარგავს.
„რომ დარგო მცენარე, უნდა იყო სპეციალისტი. სპეციალისტი ნიშნავს იმას, რომ ამა თუ იმ ადგილზე, რომელი ნერგი არის საჭირო, ეს უნდა იცოდე. თვითნებობა ნიშნავს, რომ შენ არ იცი ნერგი და გინდა, სადაც მოგესურვება იქ ჩარგა. ეს მიუღებელია და მე არ დავუშვებ არაფრით. სანამ დირექტორი ვარ, ქალაქის ტერიტორიაზე არავის ასე თვითნებობას არ გავაკეთებინებ. გონიოდან ჩაქვის ჩათვლით არავის არ მივცემ უფლებას, თვითნებურად დარგოს ნერგი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანებს არ აქვთ ნერგის დარგვის უფლება, მაგრამ უნდა შემეკითხონ მე. ამ დარგის 25-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება მაქვს. მე ვიცი, გზაგამყოფს რომელი მცენარე სჭირდება, რომელი ეზოს, სახლიდან რამდენი მეტრიდან უნდა იყოს დაშორებული და ა.შ. თუ დარგვა უნდა, მოვიდეს უნდა მოქალაქე, მითხრას რომელი ნერგის დარგვა სურს, სად და დავეხმარები,“ – ამბობს ეთერ მაჭუტაძე.
მოძრაობა პარტიზანული მებაღეობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშია გავრცელებული. პირველი პარტიზანი მებაღეები ამერიკაში, კერძოდ ნიუ იორკში გამოჩნდნენ 1973 წელს. ესენი იყვნენ მოხალისეები, რომლებიც ეძებდნენ ცარიელ, მიტოვებულ სივრცეებს და ღამით ნარგავებს რგავდნენ.
2007 წლიდან მოყოლებული, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ყოველ 1 მაისს აღნიშნავენ პარტიზანული მებაღეობის საერთაშორისო დღეს. ამ დღეს პარტიზანი მებაღეები გადიან მიტოვებულ, ცარიელ, გაუმწვანებელ სივრცეებში და იქ სხვადასხვა ჯიშის ნერგებს რგავენ.