ახალმა კვლევებმა უარყო გავრცელებული თეორია იმის შესახებ, რომ ველოსიპედით ხშირი სიარული ერექციულ დისფუნქციას იწვევს. კვლევის მმიხედვით, პირიქით, ასაკოვან კაცებში ველოსიპედის ხშირი გამოყენება სექსუალურ შესაძლებლობებს აუმჯობესებს, წერს The Guardian.
“ძალიან ცოტას თუ ეპარება ეჭვი იმაში, რომ ველოსიპედი ჯანმრთელობისთვის კარგია. წინა წელს ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ის სიცოცხლეს ახანგრძლივებს. თუმცა მამაკაცის სხეულზე არის ადგილი, რომელიც ამ საკითხში სულ მუდამ კითხვას აჩენდა: დრო, რომელსაც ველოსიპედის სკამზე ატარებთ, როგორ მოქმედებს სათესლე ჯირკვლებზე?”, – წერს გარდიანი.
გამოცემის მიხედვით, უკანასკნელ წლებში მეცნიერები ველოსიპედით სიარულს აკავშირებდნენ მამაკაცის რამდენიმე პრობლემასთან, მათ შორის, ერექციულ დისფუნქციასთან, რადაგან მათი აზრით, ველოსიპედის ტარებისას პენისს საკმარისი სისხლი არ მიეწოდებოდა. გარდიანის ინფორმაციით, ამის შესახებ მრავალი კვლევა ჩატარდა, რამაც განსხვავევბული შედეგები აჩვენა.
აღნიშნული კვლევის მიხედვით, ველოსიპედით სიარული მამაკაცის შარდ-სასქესო ფუნქციებს არ არღვევს. მკვლევრების თქმით, აქამდე ჩატარებული გამოკვლევები არასაკმარის მაგალითებზე იყო დაფუძნებული, ახალ კვლევაში კი 2 500-ზე მეტი ველოსიპედისტი მონაწილეობდა.
კაც ველოსიპედისტებთან ერთად ასევე გამოკითხეს მოცურავეები და მორბენლები, რომლებიც ველოსიპედს არ იყენებენ, და თავიანთი სექსუალური ჯანმრთელობის და პროსტატის შესახებ დაუსვეს შეკითხვები. ახალი გამოკვლევებით, ველოსიპედისტებს მოცურავეებსა და მორბენლებზე არანაკლებად ჯანმრთელი შარდ-სასქესო სისტემა აქვთ. კვლევამ ასევე დაადგინა, რომ ასაკში მყოფ ველოსიპედისტებს უფრო იშვიათად ემართებათ ერექციული დისფუნქცია.
“ერექციის დროებითი პრობლემები მამაკაცებს, შესაძლოა, ველოსიპედის დიდი ხნით ტარებისას გაუჩნდეთ. ველოსიპედის განსხვავებული დიზაინის სკამები არსებობს, რაც ამ პრობლემას მოაგვარებს, ასევე, ველოსიპედის სკამიდან დროებითი ადგომა დაბუჟებას აგარიდებთ” – განაცხადა ბენჯამინ ბრეიერმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა და კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა.
ბრეიერის თქმით, ის, ვინც ფიქრობს, რომ ველოსიპედით სიარული პოტენციის დაქვეითებას გამოიწვევს, ცდება, რადგან ყველაფერი პირიქითაა, ის აუმჯობესებს სექსუალურ შესაძლებლობებს.
ნოტინგემის უნივერსიტეტის საავადმყოფოს უროლოგი, გურმინდერ მანნი ახალ კვლევას ეთანხმება და ამბობს, რომ ველოსიპედისტი მამაკაცების სექსუალური და უროლოგიური დარღვევების რისკი მინიმალურია.
“ეს გამოკვლევა აქარწლყებს ადრე არსებულ ეჭვებს და მამაკაცები უნდა დამშვიდდნენ, რათა მათ ველოსპორტი განაგრძონ. ეს გარკვეული ასაკის მამაკაცებისთვის განსაკუთრებით კარგია, რადგან ველოსიპედით სიარული კარგია როგორც გულისთვის, ისე – სახსრებისთვის,” – განაცხადა მან.