საზოგადოება

ფრინველების საერთაშორისო ფესტივალი აჭარაში

2 სექტემბერი, 2013 • 1252
ფრინველების საერთაშორისო ფესტივალი აჭარაში

 

 

 

აჭარაში, სოფელ სახალვაშოსა და ჩაისუბანში მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ვიწრო დერეფანი მდებარეობს. მოცემულ არეალში ასობით ათასი მტაცებელი თუ სხვა სახეობის ფრინველი მოგზაურობს დაზამთრებისა და გამრავლების პერიოდში. შემოდგომის პერიოდში ამ დერეფანს მილიონზე მეტი გადამფრენი ფრინველი გადის. ხოლო ჭარბტენიანი ტერიტორიები, მაგალითად, როგორიცაა ჭოროხის დელტა იზიდავს ათასობით წყლის ფრინველს.

 

 

„მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან ბიოლოგები, პროფესორები, მეცნიერები, ყველას აქვს სხვადასხვა გამოცდილება გადამფრენ ფრინველებთან მუშაობის და ზოგადად გარემოსა და ველური ბუნების დაცვის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფესტივალი, როგორც მეცნიერული კუთხით, ისე ტურიზმის განვითარების მხრივ. გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილი დასაკვირვებლად არის აჭარა, უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს,“ _ ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში „ბათუმი რაპტორ ქაუნთის“ აჭარის პროგრამების ხელმძღვანელი ალეკო რუხაია.

 

 

მისი თქმით, წელს ფესტივალზე ასამდე უცხოელი ტურისტი და მეცნიერი ჩამოვა. მიმდინარე წელს კი სულ 800-მდე უცხოელს უმასპინძლეს, რომლებიც ფრინველებზე დაკვირვებით იყვნენ დაინტერესებულნი.

 

 

ფესტივალის წლევანდელი პროგრამა საინტერესო და მრავალფეროვანია. პროგრამაში შედის ფრინველებზე დაკვირვება სათვალთვალო ადგილებიდან _ სახალვაშოსა და ჩაისუბნიდან, ექსკურსიები ჭოროხის, მტირალასა და ისპანის ტერიტორიებზე. ასევე გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია რეგიონის ფრინველთა მიგრაციის კორიდორის თავისებურებებსა და იშვიათობაზე.

 

 

წლევანდელი ფესტივალის მხარდამჭერი და ორგანიზატორი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტია. დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით ტურიზმის ამ სახეობის განვითარება რეგიონისათვის მნიშვნელოვანია. ფრინველების ფესტივალი პირველად 2012 წელს ჩატარდა.  წელს ფესტივალი გაიმართება კრაზანაჭამიას მიგრაციის კულმინაციის პერიოდში, როცა დღიურად 170 000-ზე მეტი კრაზანაჭამიას დაფიქსირებაა შესაძლებელი. გადამფრენი ფრინველების მიგრირების სეზონი  17 აგვისტოს დაიწყო და ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი