საზოგადოება

ოცნება ცოდვაა – განმარტება საპატრიარქოდან

10 აგვისტო, 2013 • 4636
ოცნება ცოდვაა – განმარტება საპატრიარქოდან

მაგალითად, ვებ-გვერდზე orthodoxy.ge გამოაქვეყნებულ მასალაში “ცოდვების შესახებ” ნათქვამია, რომ აღსარების წინ ლოცვაში უნდა ჩამოთვალოს ის ცოდვები, რომელთაც ინანიებს. ცოდვების ჩამონათვალში არის “ოცნება”, რომელიც განმარტებულია, როგორც “ამაო ფიქრებში გართვა, რაც ცხადი საქმეებისგან მოცდენის მიზეზი ხდება. აწმყოს ხელიდან გასხლტომა”.

 

ვებ-გვერდზე martlmadidebloba.ge, განყოფილებაში – მოკლე სწავლებები სულიერი ცხოვრების შესახებ” განთავსებულია ამონარიდები წმინდა მამების სწავლებებიდან. ამ ამონარიდებიდან რამდენიმე ოცნებას შეეხება:

 

– “დაიცავი გონება, რადგან აზრები, ოცნება, გულის გატაცება წარმოსახვით, – ცოდვიანი ნაგავია, ეშმაკების მიერ სულში ჩაყრილი”, – წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი.


– მრავალნი, ავხორცობით ცდუნებულნი, აზრებით მრუშობენ; სხეულის ქალწულებას იცავენ, სულის ქალწულებას კი რყვნიან. საყვარელნო! აუცილებელია უარვყოთ სიძვის აზრებითა და ოცნებებით ტკბობა, მათთან კავშირი და მათდამი ყურადღება, წმიდა წერილის სწავლების თანახმად: „ყოველი საცოჲ დაიმარხენ გულმან შენმან, რამეთუ ამათგან არიან გამოსავალნი ცხოვრებისანი“, – აბბა გერონტი.


კიდევ ერთ ვებ-გვერდზე qadageba.ge გამოქვეყნებულია წმინდა ეგნატეს (ბრიანჩანინოვი) ქადაგება, რომელშიც ვკითხულობთ:


“წარმოდგენის“ ხიბლს გონება საშინელ შეცოდებამდე მიჰყავს, შეშლამდე, როგორც ეს ოცნებას სჩვევია”.

გაზეთი “კვირის პალიტრა” პერიოდულად აქვეყნებს დასმულ შეკითხვებზე სასულიერო პირების პასუხებს. გაზეთის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალებიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთი შეკითხვა “ოცნებას” შეეხება:


შეკითხვა: ოცნება თუ ითვლება ცოდვად? რომელიც ჩემდა უნებურად მოდის, მაგრამ მალევე სხვაზე გადამაქვს ყურადღება. და აღსარებაში თუ უნდა მოვიხსენიო?


პასუხს სცემს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი: “ოცნება ცოდვაა, რადგან ადამიანს რეალობისგან წყვეტს, ამასთან, სასურველმა ფანტაზიებმა დამოკიდებულების ჩამოყალიბება იცის, შესაბამისად, აღსარებაში უნდა თქვათ.”


ზემოთ აღნიშნული ვებ-გვერდები არ გამოხტავენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას, ამდენად, იმის გასარკვევად, არის თუ არა ოცნება მართლმადიდებელი რელიგიით მიჩნეული ცოდვად, “ნეტგაზეთი” პატრიარქის მდივანს, მიქაელ ბოტკოველს დაუკავშირდა:

 

“ამას “ნაციონალები” ამბობდნენ არჩევნების წინ და სახუმარო თემა ხომ არ არის? ამ თემისთვის სერიოზული სახის მიცემა არ იქნება მართებული”, – გვითხრა თავდაპირველად პატრიარქის მდივანმა, თუმცა შემდეგ განმარტა, თუ რა შემთხვევაში მიიჩნევა ოცნება ცოდვად: 

 

“თუკი ოცნება არის უსაფუძვლო და ადამიანი ფუჭად კარგავს დროს, მაშინ არის ეს ცოდვა, ისე როგორც სიმდიდრე მაშინ ჩაითვლება ცოდვად, თუკი ადამიანი მას არასწორად გამოიყენებს და ის მისი დაბრკოლების საფუძველი იქნება, სხვა შემთხვევაში სიმდიდრე რატომ უნდა იყოს ცოდვა?! თუკი ოცნებას რეალობასთან არა აქვს არანაირი კავშირი და დროის ფუჭად კარგვაა, ამ შემთხვევაში არის ეს ცოდვა.”


“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, რომ ოცნება უმეტესად სწორედაც რომ მოკლებულია რეალობას და ეფუძნება წარმოსახვას, მამა მიქაელ ბოტკოველი ასე პასუხობს: 


“მაგალითად, თუკი ჩემი, როგორც სასულიერო პირის ოცნება იქნება ის, რომ ვიყო ისეთი, როგორიც იყო გაბრიელ ქიქოძე და ეკლესიისთვის სხვა წმინდა ადამიანები და ამაზე თუ ვიფიქრე, ეს არა მგონია, იყოს ისეთი ოცნება, რომელიც ცოდვაა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი